თბილისის მეოცე კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს გაიმართება

დეკემბერი თბილისში კინოს თვეა. უკვე მეოცე წელიწადია, ყოველი წლის მიწურულს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება, რომელიც წლის განმავლობაში ქართულ კინოში მიმდინარე პროცესების ერთგვარი შეჯამებაცაა და იმასაც გვაჩვენებს, რაც მსოფლიო, ძირითადად, ევროპულ კინოში მომხდარა. 1-8 დეკემბერს დაგეგმილი წლევანდელი კინოფესტივალის სამიზნე ამჯერად ქართული კინო იქნება. მეტიც, მთავარი საკონკურსო პროგრამა მხოლოდ ქართული ფილმებითაა შევსებული, ისევე, როგორც საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსები.

ქართულ პანორამაში სულ შვიდი ფილმის სახელწოდება იკითხება: უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“, დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“, გიგა ლიკლიკაძის „ღორი“, თამარ შავგულიძის „კომეტები“, დიმიტრი მამულიას „ბოროტმოქმედი“ და ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“. ჩამოთვლილთაგან ოთხი (ბერიას, ლიკლიკაძის, ცინცაძისა და მამულიას) ფილმი ეროვნული კინოცენტრის მიერ ოქტომბერში ორგანიზებულ ბაკურიანის კინოფორუმზე იყო წარმოდგენილი და მათზე რეცენზიების მოძიებაც არ არის პრობლემა, შავგულიძისა და ღოღობერიძის ფილმებს კი თბილისი პირველად ნახავს.

საინტერესოდაა დაგეგმილი ფესტივალის გახსნა: მაყურებელი ალფრედ ჰიჩკოკის „შანტაჟს“ (Blackmail, 1929) ნახავს, ფონად კი ცოცხალი მუსიკა გაჟღერდება. ეს გახლავთ ამ ფილმისთვის სპეციალურად შექმნილი მუსიკა, რომელსაც თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი შეასრულებს, ჩვენებას კი მუსიკის ავტორი ნილ ბრენდიც დაესწრება.

თბილისის მეოცე კინოფესტივალის მთავარი პარტნიორი ბრიტანეთის საბჭოა, დიდი ბრიტანეთი – „ქვეყანა ფოკუსში“, პროგრამის სახელწოდება კი PLAY UK. ამ პროგრამის ფარგლებში მაყურებელი ნახავს 2019 წლის ოთხ ფილმს: მარკ ჯენკინის „სატყუარას“, უილიამ ნიკოლსონის „იმედის ნაპრალს“, კენ ლოუჩის „უკაცრავად, შინ არ დაგხვდითს“ და ჯოანა ჰოგის „სუვენირს“. ბრიტანული ფილმები იქნება წარმოდგენილი სექციაშიც „აპოლო: კინოს მეხსიერება“. აქ მაყურებელი გასული საუკუნის 50-70-იანი წლების ნამუშევრებს ნახავს, მათ შორის ჯონ შლეზინგერის „კვირა, წყეულ კვირას“, კენ რასელის „შეყვარებულ ქალებს“, ლინდსი ანდერსონის „ასეთია სპორტულ ცხოვრებასა“ და სხვებს. ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სექცია „ჰორიზონტები“, „ამერიკები“ და „ევროპული ფორუმი“, რომელთა პროგრამაშიც 2018-2019 წლის ფილმების სახელწოდებები იკითხება.

სამწუხაროდ, ფესტივალზე ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს რეჟისორი სტივენ ფრირზი, თუმცა არგენტინელი კარლოს რეიგადასი, რომლის ფილმი „ჩვენი დრო“ შარშანდელ კინოფესტივალზეც აჩვენეს, ნამდვილად გვესტუმრება. იგი არა მხოლოდ რამდენიმე ფილმს წარმოგვიდგენს, არამედ 8 დეკემბერს შეხვედრასაც გამართავს და საპატიო „პრომეთესაც“ მიიღებს. ამავე ჯილდოს გადასცემენ რეჟისორსა და სცენარისტ ირაკლი კვირიკაძეს. ეს ყველაფერი კი ფესტივალის დასკვნით დღეს მოხდება, რომელსაც მიხეილ კობახიძის „ქორწილი“ დაასრულებს.

ასევე წაიკითხეთ:

ყველაფერი რაც თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიცით