ნატალია ჯუღელის TOP 12 ქალი მსახიობი

ჩემთვის 100 მსახიობის დასახელება რომ ეთხოვათ, ალბათ ისიც გამიჭირდებოდა და მეორე დღეს ვიტყოდი, ეს როგორ არ ჩავსვი, ან ის როგორ გამომრჩათქო. ზოგადად, ”დიდი” მსახიობების რიცხვი თორმეტს აღემატება, ამიტომ გადავწყვიტე ისტორიულად ტოპ 12 მსახიობი არ დავწერო, ეს ხელოვნებადმცოდნეებმა გააკეთონ. ამჯერად შემოგთავაზებთ მსახიობ ქალებს, რომელთაგანაც ზოგი დიდი ხანია ამოვიჩემე და ქალებს, რომლებზეც ყურადღების გამახვილებას საჭიროდ ვთვლი. ძალიან სუბიექტურად, დღეს ვინც გამახსენდება იმას ჩამოვთვლი. ხვალ თუ მთხოვთ, სხვა სიას შემოგთავაზებთ.

მოკლედ, ჩემთვის ძვირფასი ბევრი ქალი არ იქნება ქვემოთ, ვერც ქეით ბლანშეტს ნახავთ, ვერც იზაბელ იუპერსა და ვაიოლა დეივისს ამოიკითხავთ, გლენ ქლოუსი და მერილ სტრიპიც არ იქნებიან,  ვერც ემა ტომპსონი, ოლივია კოლმანი და კლერ ფოი დალევენ ჩაის და უკვე ვიცი, ბეტი დეივისი და ჯოან კროუფორდი საიქიოში მახეს მომიმზადებენ ამ სიაში არ ყოფნისთვის, მაგრამ დღეს მათ არ გავაპიარებ. თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს:

1. გრეტა გარბო


არადა იმით დავიწყე, ისტორიულად დიდ მსახიობებს არ ვიტყვი-მეთქი… გარბო ცალკე ფენომენია, სწორედ ის ჯადოსნური პროფესიული თვისებები აქვს, რომლებიც სიტყვებით ვერ ახსნეს, მაგრამ ათასჯერ ითქვა, რომ მასში სწორედ ის ჭარბობს, რაც მსახიობისთვის აუცილებელია. რამდენიმე წელია აღმოვაჩნე, რომ ის ქალი მსახიობები, რომლებიც გარბოს ეთაყვანებოდნენ და ხატად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში გარბოს თანატოლები ყოფილან, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად დიდი და მისტიური იყო გარბო, რასაც ჩემს გარდა კიდევ ათასი გეტყვით.

2. კეტრინ ჰეპბერნი


ჰეპბერნის დედა ცნობილი ფემინისტი იყო, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ხალხისთვის კეტრინის დამოუკიდებლობა იქცა ფემინიზმის სიმბოლოდ. კეტრინ ჰეპბერნის თაობის თითქმის ყველა მსახიობს ერთხელ მაინც დაუდგა კრიზისული პერიოდი რომელიმე დეკადაში, კეტრინსაც ჰქონდა რთული წლები პრინციპში, მაგრამ ეს მსახიობი ვერც ერთმა დეკადამ ვერ გატეხა და ყოველ ათწლეულში საეტაპო როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს უდიდესი კინოვარსკვლავი და ოსკარის რეკორდსმენი, თეატრშიც საკმაოდ აქტიურად მუშაობდა. კეტრინი ღრმა ბავშვობაში ამოვიჩემე და ძალიან მიხარია რომ ჩემმა არაცნობიერმა მაშინვე იგრძნო რა მოეწონებოდა ჩემს ცნობიერს. დღემდე ჩემი საყვარელი მსახიობია.

3. ჯენა როულენდსი
 

ჯენა და არა ჯინა. ჯონ კასავეტესს და ჯენა როულენდსს  ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ფუძემდებლებს უწოდებენ და ხშირად მომისმენია, სწორად ეს გახდა მიზეზი რატომაც არ იქცა ჯენა როულენდსი სუპერ ვარსკვლავადო. (არა სტუდიურ ფილმებს ნაკლები მაყურებელი ყავდა) საბედნიეროდ, ფაქტია კინო ისტორიაში ეს წყვილი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ნახეთ ჯენას ფილმები, რამდენად ბუნებრივად არსებობს და ცხოვრობს კადრში და მიხვდებით როგორი ამაო იყო ლეონარდო დიკაპრიოსთვის ”დაგვიანებული ოსკარის” კამპანია. ჯენას ოსკარი არასდროს მიუღია, მხოლოდ 3 წლის წინ გადასცეს საპატიო ჯილდო.

4. ინგრიდ ბერგმანი


იმიტომ რომ ინგრიდ ბერგმანია! ამ ქალის უნარები და სახე  თითქოს დიდი ხანია ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ ეკრანზე მის არსებობას დავინახავ თუ არა, უეცრად ისევ ისეთი გაოცებული ვარ, როგორც თავდაპირველად. თანაც რაღაც სენტიმენტებს იწვევს ჩემში, ახლა, ჯერ უცნობ რობერტო როსელინის წერილი რომ მიწერა, ის გამახსენდა… აუცილებლად წაიკითხეთ.

5. მეგი სმიტი

ალბათ მკითხველის 95% ამ მსახიობს გვიანდელი როლებით იცნობს და მხოლოდ ენაკვიმატი მოხუცი ქალი ჰგონია, რაც გასაგებია, რადგან ამ ათწლეულში შექმნილი პერსონაჟებით შეუერთდა პოპ-კულტურას. თვითონ მეგიც ხუმრობს, რას წარმოვიდგენდი კარიერის ბოლოს თუ მომაქცევდნენ სტერეოტიპშიო, ”typecasting”-მა ნამდვილად მოგვტაცა მეგი სმიტი. სინამდვილეში ამ ქალს საოცრად მრავალფეროვანი კარიერა ჰქონდა და რა ბედნიერებაა, რომ ხელოვან ხალხს ეს კარგად ახსოვს და მნიშვნელოვან მსახიობთა რიგებში მოიხსენიებენ ყოველთვის.  წარმოიდგინეთ თქვენს მაკგონაგელს, ინგმარ ბერგმანის სპექტაკლში, ჰედა გაბლერი უთამაშია. ჯობს აქ გავჩერდე.

6. ჟანა მორო


ფრანგი ქალები ცალკე კასტაა, აქვე აღვნიშნოთ რომ ცალკე თორმეტეული ეკუთვნით. ხოდა, დღეს ჩემს სიაში ფრანგი ქალების სახე, განუმეორებელი ჟანა მორო იქნება. ისეთი ბუნების და ნიჭის ქალი იყო, აუცილებლად მომინდებოდა რომ ჩემს ფილმში ეთამაშა. მოროც უყურადღებოდ დატოვა ამერიკის კინოაკადემიამ, ნომინაციაც კი არ ჰქონია, ამაზეც კარგად გავიცინოთ. ამიტომ, ოსკარი არაფერს განსაზღვრავს, ესეც კარგად დასამახსოვრებელია.

7. ზაზა (ზაირა) ლებანიძე

 

პრინციპულად მინდოდა ვინმე ქართველი მყოლოდა ამ სიაში, ვინ აღარ ვიფიქრე, გამოუვალ მდგომარეობაშიც ჩავიგდე თავი და უცებ გონება გამინათდა, ზაზა ლებანიძე!

სულ რამდენიმე კარდში მყავს ნანახი და მხოლოდ 2 სპექტაკლში მინახავს რამდენიმეჯერ, თანაც იმ სპექტაკლში, რომელზეც სხვა მსახიობების გამო მივედი და ისე მოხდა, რომ ამ ერთ პატარა ქალს თვალი ვერ მოვწყვიტე. ყურიც ვერ მოვადუნე. აბსოლუტურად განსაკუთრებული უნარების მსახიობია ქართულ სამსახიობო სივრცეში და ვისურვებდი მეტად გამოეყენებინათ.

კარგად მახსოვს, პირველ კურსზე ვიყავი და თეატრალურიდან გამოვედი ერთხელ. დავინახე ქალბატონი ზაზა ნელა მოდის მარტო, რაღაც საოცარი, უცხო აურა ჰქონდა, დიდი სათვალე ეკეთა და რაღაც გადასარევი ფილმის კადრიდან იყო.  ვიფიქრე, უნდა ვუთხრა როგორი არაჩვეულებრივია-მეთქი, მაგრამ საშინლად მომერიდა, უბრალოდ თვალი გავაყოლე სანამ რუსთაველის თეატრში შევიდა… ხოდა, ახლა გავიზარდე, მგონია რომ არ უნდა მომრიდებოდა და თორმეტის საშუალებით ვუგზავნი სიყვარულს ქალბატონ ზაზას, რომელიც სხვაგან არასდროს მინახავს.

8. შირლი მაკლეინი



მუდამ მომღიმარი, ჟღალი, მოკლეთმიანი შირლი მაკლეინი სულ მომწონდა,
მაგრამ საუკეთესოთა შორის ჩემს გულში, სულ რამდენიმე წლის წინ აღმოჩნდა. ერთ-ერთ ინტევიუში (სადაც ბევრი კარგი მსახიობი ქალი იჯდა) იზაბელ იუპერს კითხეს, დროის კაფსულაში რომელ ერთ როლს შეინახავდითო, რაზეც მან უპასუხა შირლი მაკლეინს ფილმიდან Some Came Running. მოულოდნელ პასუხად მივიჩნიე, რადგან სულ სხვა გემოვნების მეგონა იუპერი, ამის შემდეგ, ალბათ 7 სხვადასხვა ფილმი ვნახე შირლის მონაწილეობით და გავაცნობიერე, რომ ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მსახიობია. ზოგადად სიტყვა ნიჭიერის გამოყენებას ვერიდები და არ მომწონს როგორც იყენებენ ქართულად, მაგრამ ამჯერად უნდა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ამ ქალს ყველა ის ნიჭი აქვს, რაც მსახიობმა შეიძლება ინატროს.

9. ჰედი ლამარი



ჰედი ლამარს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ მერილინ მონროსავით, ან ოდრი ჰეპბერნივით ხატად ქცეულიყო, ან მნიშვნელოვანი გამომგონებლის სახელით გაგვეცნო , მაგრამ ასე არ მოხდა. “კარგი რეჟისორია, მაგრამ ცუდი სცენარისტი”, “ლამაზია, მაგრამ უნიჭო”, “კარგად მღერის, მაგრამ ხმა არ აქვს”, რამდენი მაგალითის მოყვანა შემიძლია – ასეთი მიდგომა ადამიანის ბუნების ნაწილია და სულ ვეჭვობ, რომ ასეთი დამოკიდებულებების გამო დიამალა ამ ქალის ფენომენი. ვეჭვობ კი არა, ადამიანების დაუდევრობამ ნაწილებად დაშალა ეს გენიალური ქალი. არადა, რა ადვილი გასაგებია რომ  ერთ ადამიანს შეიძლება პოლარულად განსხვავებული/ურთიერთგამომრიცხავი თვისებები ჰქონდეს, ხომ სწორედ ამაშია ადამიანის უნიკალურობა. ჰედი ლამარი იყო ულამაზესი ქალი, კარგი მსახიობი და ჭკვიანი გამომგონებელი, ალბათ ვინმესთვის ეს ზედმეტი აღმოჩნდა.
 
წარმოიდგინეთ, ეს არის ქალი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა, მოტყუებით,  სრულიად შიშველი  გადაიღეს ფილმში, რომელშიც ისტორიაში პირველმა განასახიერა ქალის სექსუალური სიამოვნება. ეს სკანდალური ფილმი მომავალში შავ ლაქად იქცა ჰედის კარიერისთვის და მანამდე ჰიტლერმაც აკრძალა, რადგან მთავარ გმირს ებრაელი გოგო განასახიერებდა.  ამავდროულად, ეს არის ქალი რომელმაც საიდუმლო კომუნიკაციების, WiFi-სა და ბლუთუსის საწყისები გამოიგონა, მაგრამ წლების განმავლობაში არავინ მოუსმინა. არ არის უნიკალური ამბავი?  რა კარგია რომ მისი “რეაბილიტაცია” ახლა მაინც დაიწყეს. 2014-ში ყველას გაგვახსენეს მისი სამეცნიერო მიღწევები, რამდენიმე წლის წინ გულისგასახეთქი დოკუმენტური ფილმიც გამოუშვეს, ზემოთ ნახსენები სკანდალური ფილმი ”ექსტაზი” ვენეციის ფესტივალზეც აჩვენეს წელს და ამბობენ მალე ჰედი ლამარზე სერიალსაც გადაიღებენო.

10. გლენდა ჯექსონი



ბრიტანეთის ოროსკაროსანმა ვარკსვლავმა და გენიალურმა მსახიობმა გლენდა ჯექსონმა ვერ აიტანა მარგარეტ ტეტჩერის პოლიტიკა, ერთ დღეს თქვა ქვეყანას როგორც შემიძლია ისე უნდა დავეხმაროო და პოლიტიკაში წავიდა. 1992 წლიდან 2015 წლამდე ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იყო და გირჩევთ იუთუბზე ნახოთ ვიდეო, როგორ აკრიტიკებს მარგარეტ ტეტჩერს, ტეტჩერის ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს. 2016 წელს, არავინ რომ აღარ ელოდა ამ მსახიობის რეზურექციას, გლენდა ჯექსონი სცენას დაუბრონდა. სცენას დაუბრუნდა როგორც მეფე ლირი და წაგვლეკა ყველა… და ყველაფერი. ისეთ ფორმაში იყო, თითქოს არსადაც არ წასულა, პირიქით, პოლიტიკური გამოცდილება სათავისოდ გამოიყენა. ამის შემდეგ, ამერიკაში ტონის მოპოვებაც მოასწრო და ახლო მომავალში სატელევიზიო ფილმიც გამოვა მისი მონაწილეობით. ამბობენ თუ ოთახში გლენდა ჯექსონია, ის აუცილებლად ყველაზე ჭკვიანია ამ ოთახშიო, საკმაოდ დამაჯერებელი მგონია ეს მოსაზრება.

11. სიდ ჩერისი


ამერიკულ მიუზიკლს ბევრი მომღერალი და მოცაკვევე მსახიობი ყავს, რომლის ხსენებაზეც, წამში ეს ჯადოსნური სამყარო გახსენდებათ. ხოდა, დღეს ჯინჯერის და ფრედის ნაცვლად განუმეორებელი სიდ ჩერისის გახსენება მინდა. აღსანიშნავი მგონია, რომ ბავშვობაში პოლიომიელიტი ჰქონდა და ცეკვა ფეხების გამაგრების მიზინთ დაიწყო. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს თერაპიული გაკვეთილები მონტეკარლოს რუსულ ბალეტამდე მიიყვანდა და შემდეგ კინოვარსკვლავი გახდებოდა.

12. 


მეთორმეტე ადამიანისთვის ნამდვილი ორთაბრძოლაა ჩემს გონებაში, ხან ვისი დაბადების დღეა, ხან კეტრინ დენევის ცუდად ყოფნის ამბები მესმის, ლამის ლიტერატურული გმირები მოვიშველიო იმდენად მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მგონი კარგი რაღაც გამახსენდა.  შარშან, თუ შარშანწინ, ერთმა მსახიობმა აღნიშნა, მართალია შოუ-ბიზნესი ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი სამყაროს 80% მსოფლიოსთვის უცნობი რჩება და ცხოვრებაში არასდროს იღებენ რაიმე ჯილდოს ან ნომინაციასო. ხოდა, ყველა უცნობ მსახიობს ვჩუქნი მეთორმეტე ადგილს და განსაკუთრებით აი, იმ ახალგაზრდა ქართველ მსახიობებს, დღეს ამ არასახარბიელო პირობებში რომ უწევთ იმის მტკიცება, რომ მსახიობობა რთული და მნიშვნელოვანი პროფესიაა. იმათ, რომლებიც არ ნებდებიან ახლობლების რჩევებს, საქართველოში რად გინდა მსახიობობაო. ყველას ვისაც ეს პროფესია და ამ პროფესიისთვის სერიოზული შრომა უყვარს. ხო, ეს ადგილი თქვენია ნამდვილად და დამსახურებულად თქვენია.

ცხარე ცრემლებით მივტირი ლორენ ბეკოლს, სილვანა მანგანოს, შარლოტ რამპლინგს და სხვებს.

მეთვითონ კი ასე გამოვიყურები ამ სტატიის გამოქვეყნებისას: