ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ნუ დახუჭავთ თვალს, ჩაერიეთ, გადაარჩინეთ, აღკვეთეთ ოჯახში ძალადობა

ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი, ტელეწამყვანი, ხელოვანი

 
ოჯახი – რა ასოციაცია გიჩნდებათ ამ სიტყვის მოსმენისას? სიმყუდროვე? ბუდე? სიმშვიდე? საყვარელი ადამიანები? ოჯახი.. წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ გარშემო ათასობით და ათიათასობით ადამიანია ვისთვისაც ეს სიტყვა სულ სხვა ცნებებთან ასოცირდება? ტკივილი. შიში. საფრთხე. დამცირება. უძილობა. ზიზღი. ათასობით და ათიათასობით ადამიანი, ვინც ცდილობს რაც შეიძლება გვიან მივიდნენ სახლში და ნაკლები დრო გაატარონ გარემოში, რომელიც მათთვის ძალადობასთან ასოცირდება? დედები, რომლებსაც ხან საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი უწევთ შვილების დაცვა მათივე მამებისგან. შვილები, რომლებიც შუაღამისას, კარზე კაკუნის გაგონებაზე შფოთავენ და ყოველ წამს მოელიან გააფთრებული მხეცის შემოვარდნას. ეს არც საშინელებათა ფილმის სცენარია და არც რომელიმე თრილერის სინოპსისი. ეს რეალობაა, რომელიც ჩვენ გარშემო, ჩვენს გვერდით არსებობს. ძალადობა ოჯახში ის თემაა, რომელსაც ზოგი უყრუებს, სხვის საქმეში ჩაურევლობის მოტივით, ზოგი ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს (“ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო” – ასეთი ანდაზაც ხომ გვაქვს), ზოგი მოძალადესაც კი ამართლებს (“მიზეზი მისცეს ალბათ და..”) და ა.შ. ამ ჯოჯოხეთის სინამდვილე კი მხოლოდ მასში მყოფმა, მისგან სასწაულებრივად თავდაღწეულმა ან მას შეწირულმა ადამიანებმა იციან.  მოძალადეებს ჰქვიათ მშობლები, მეუღლეები, ხანდახან შვილებიც. ისინი ბევრნი არიან, მათი სახელი ლეგიონია, ჩვენ კი, ჩვენ – ყოფილმა მსხვერპლებმა, მოწმეებმა, გარეშე პირებმა – უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მორიგი ტარიგი ოჯახში ძალადობისგან ვიხსნათ. ყოველგვარი მესიჯბოქსებისა თუ პიარსლოგანების მიღმა გთხოვთ: ნუ დახუჭავთ თვალს, ჩაერიეთ, გადაარჩინეთ, აღკვეთეთ ოჯახში ძალადობა, რამდენადაც შეგიძლიათ, რამდენადაც შეგწევთ ძალა, ეს მნიშვნელოვანია!
 
#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism
 
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა
მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.