თბილისის კინოფესტივალის 20-წლიანი ისტორიის TOP 12 ფილმი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ოცი წლის ხდება და ამ ოცი წლის განმავლობაში, მაყურებელმა დიდ ეკრანზე ორი ათასამდე მხატვრული, დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახა. რთულია მათგან მხოლოდ 12 საუკეთესოს ამორჩევა, ამიტომ ისეთ სეანსებს დავასახელებ, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა იქონია, როგორც მაყურებელზე, ისე ფესტივალის სამომავლო პოლიტიკასა თუ ზოგადად ქართული კინომოყვარულების გემოვნების ამაღლებაზე.

1. ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა, 2000 (რეჟ. ნანა ჯორჯაძე) – 2000

ნამდვილად ისტორიული ფაქტია, რომ კინოფესტივალი “პრომეთე“ ოფიციალურად 2000 წლის 17 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე, კინოთეატრ „რუსთაველში“ ნანა ჯორჯაძის ფილმით – „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ – გაიხსნა. მართალია, ამ სეანსს არ ვესწრებოდი, მაგრამ ხშირად მიფიქრია, ნეტავ რას გრძნობდნენ ფესტივალის დირექტორები და თანამშრომლები, სტუმრები და მაყურებლები, როდესაც სეანსიდან გამოსულები ალბათ, ჯერ ვერ ხვდებოდნენ, რამდენად მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრნენ.

2. ოლდბოი, 2003 (რეჟ. პარკ ჩანვუკი) – 2005

2005 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა აზიური კინოს მოყვარულებს, ნამდვილი დღესასწაული მოუწყო! სწორედ ამ დროს დიდ ეკრანებზე აჩვენეს არაჩვეულებრივი კორეული, ჩინური თუ იაპონური ფილმების კოლექცია, მათ შორის, თანამედროვე კინოს გამორჩეული ავტორის – პარკ ჩან-ვუკის – 2003 წლის შედევრი „ოლდბოი“, იმ პერიოდის ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე კინოს განყოფილებაში ყველაზე ხშირად განხილვადი სურათი, რომელმაც ისეთ მსოფლიო აღიარებას მიაღწია, 2013 წელს მისი (ერთობ უსახური და ყოვლად არასაჭირო) ჰოლივუდური რიმეიქიც კი ვიხილეთ, სპაიკ ლის ავტორობით.

3. შიშვლები, 1993 (რეჟ. მაიკ ლი) – 2009

თბილისის კინოფესტივალზე ერთადერთი და განუმეორებელი მაიკ ლის სტუმრობა, მართლაც დიდებული დღესასწაული გახლდათ. არ ვიცი, მაყურებლისთვის რომელი უფრო დასამახსოვრებელი გახდა, მისი 1993 წლის კინოკლასიკად აღიარებული ფილმის – „შიშვლები“ – სეანსი, თუ ფილმის შემდეგ გამართული შეხვედრა რეჟისორთან, სადაც მაყურებელს კითხვები არ ელეოდა (რატომ არ წერთ სცენარებს? როგორ მუშაობთ მსახიობებთან? რა დანიშნულება აქვს მუსიკას თქვენს კინოში?) და ბოლოს, ერთი შეხედვით ყველა საკითხი რომ ამოიწურა, ესეც ჰკითხეს: რა არის თქვენთვის ბედნიერება? ბედნიერება იმ წუთებში ამირანის დარბაზში ჯდომა გახლდათ მხოლოდ.

4. თეთრი ლენტი, 2009 (რეჟ. მიხაელ ჰანეკე) – 2010

გერმანულ კინოს „პრომეთე“ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ამის მოწმეა ყოველწლიური სექცია „გერმანული კოლექცია“, სადაც არაერთი უახლესი ფილმის სეანსი თუ კლასიკური ფილმის რეტროსპექტივა გაერთიანებულა. გერმანული სექციის გვირგვინად კი წარმოშობით ავსტრიელი მიხაელ ჰანეკეს გერმანული წარმოების ფილმი „თეთრი ლენტი“ მიმაჩნია, რომლის ჩვენებაც კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში ორიგინალი ნეგატივისგან დამზადებული ფირის წყალობით გაიმართა. მაყურებელის გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა გასული საუკუნის ადრიანი წლების გერმანული სოფლის თოვლიანი პეიზაჟების შავ-თეთრი კადრები, სკოლასა თუ ეკლესიაში მიმავალი ბავშვების პროფილები, ალმოდებული საჯინიბო და სიუჟეტის კითხვაგაუცემელი პასუხები, რომლითაც ასე მდიდარია ჰანეკეს ეს ნამუშევარი.

5. ჩემი ბებია, 1929 (რეჟ. კოტე მიქაბერიძე) – 2010

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთხელ გვინახავს ცოცხალი ორკესტრის მუსიკით გაფორმებული უხმო კინო (წლევანდელი „პრომეთეს“ გახსნის ფილმი, ალფრედ ჰიჩკოკის „შანტაჟი“ სწორედ „ამ სახით“ წარსდგება მაყურებლის წინაშე), თუმცა, 2010 წელს, კოტე მიქაბერიძის იმჟამად ახლად აღდგენილი ქართული კინოკლასიკა „ჩემი ბებია,“ რომელიც ბეთ კასტერის ბენდმა ცოცხლად გააფორმა, ნამდვილად გამორჩეულ კინოსეანსად დარჩა მაყურებლის გონებაში.

6. შეყვარებულები ხიდზე, 1991 (რეჟ. ლეო კარაქსი) – 2011

დაუვიწყარია მაყურებლის შეხვედრა თბილისში კინოფესტივალის განსაკუთრებულ სტუმრად ჩამოსულ ფრანგ რეჟისორ ლეო კარაქსთან; მისი დინჯი და აუღელვებელი საუბრის მანერა, განუყრელი შავი სათვალე, მაყურებლის კითხვებზე უილაჯოდ გაცემული პასუხები… სცენაზე იჯდა ნამდვილი მიზანთროპი, გადაღლილი, ემოციებისგან დაცლილი ადამიანი; ან კაცი, რომელსაც უნდოდა, რომ ასეთად მოეჩვენებინა თავი, რადგან მისი 1991 წლის ფილმის – „შეყვარებულები ხიდზე“ – სეანსი, რომელიც მასთან შეხვედრამდე გაიმართა, ემოციების ფოიერვერკითა და ისეთი თავბრუდამხვევი კათარზისით დამთავრდა, რომ ეგზალტირებულმა მაყურებელმა კინოდარბაზი კინაღამ ცეკვა-ცეკვით დატოვა.

7. გორაკებს მიღმა, 2012 (რეჟ. კრისტიან მუნჯიუ) – 2012

იყო დრო, ახალგაზრდა კინომოყვარულებს პირზე მხოლოდ რუმინეთი ეკერათ! გაუთავებლად საუბრობდნენ და არჩევდნენ მათი ქვეყნის სოციალურ ფონსა თუ მორალურ დილემებს, და კინოს, რომელიც ამ ყველაფერს დოკუმენტური სიზუსტით ასახავდა და ნამდვილ ხელოვნებად აქცევდა. რუმინული კინოს ესთეტიკა, ფერები და დამკვირვებელი კამერის ეფექტი მალევე შეიჭრა ევროპულ თუ ქართულ კინოში. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი სწორედ კრისტიან მუნჯიუს ფანტასტიური ნამუშევრები გახლდათ და მათგან აუცილებლად უნდა გამოვყოთ 2012 წლის შედევრი „გორაკებს მიღმა“, რომელმაც გულგრილი არც ერთი ასაკის, სქესის, წარმომავლობისა თუ სარწმუნოების მაყურებელი არ დატოვა.

8. ადელის ცხოვრება, 2014 (რეჟ. აბდელატიფ კეშიში) – 2014

თბილისის კინოფესტივალის მაყურებელს ჯერ ულრიხ ზაიდლის „სიყვარულის ტრილოგია“ არ ჰქონდა გადახარშული (რომლის სეანსიდან ზედმეტად ნატურალისტურ შიშველ სცენებს ხმაურით გარბოდნენ აღშფოთებული ადამიანები), როდესაც აბდელატიფ კეშიშის კანის კინოფესტივალის პრიზიორი სურათი დაეცა თავს. თავად ფილმის სეანსს ერთი კურიოზი მახსენებს, სადაც 10 წუთის გასვლის შემდეგ, პროექტორი უეცრად გაითიშა და დარბაზი სიბნელემ მოიცვა. ახმაურებულ მაყურებელს უეცრად, ფილმის შუა ნაწილიდან ისეთი ინტიმური სცენა გამოესახა ეკრანზე, რომ დაბნეულს ენა ჩაუვარდა. ფილმი ძალიან მალევე ჩართეს ახლიდან და შეუწყვეტლად გაუშვეს, თუმცა, როგორც გასულ წელს, საკმაოდ ბევრი აღშფოთებული ადამიანი დარბაზიდან უშვერი სიტყვების ძახილით გავარდა; დანარჩენებმა კი ბოლომდე ისიამოვნეს ამ მართლაც უჩვეულოდ პირდაპირი, თამამი და ადამიანური სიყვარულის ისტორიით.

9. მე ვარ ბესო, 2014 (რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე) – 2014

ლაშა ცქვიტინიძის სადებიუტო ნამუშევარი 2014 წლის ქართული პანორამის გამარჯვებული და ოქროს პრომეთეს ლაურეატი გახდა. უცნაურად არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომ გადის წლები და დაბალბიუჯეტიან, მწვავე სოციალური თემებით დატვირთულ ფილმებს კი დღემდე „მე ვარ ბესოს“ ადარებენ. თავად სეანსმა რეჟისორთან საინტერესო დისკუსიითა და გამორჩეულად ხანგრძლივი აპლოდისმენტების თანხლებით ჩაიარა, თითქოს ქართულ კინოში ახალმა ქარმა დაუბერა და მაყურებელს ახალი ფორმების გამოჩენა გვაუწყა.

10. ქეროლი, 2015 (რეჟ. ტოდ ჰაინსი) – 2015

„ქეროლი“ კინოფესტივალის მაყურებლების უმრავლესობამ ამირანის დიდი კინოდარბაზის იატაკზე ჩამომსხდრებმა ვნახეთ. ასეთი გადატენილი დარბაზი იშვიათად მინახავს, თუმცა, ხომ არის ფილმები, რომელიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახო? ტოდ ჰაინსი სწორედ ასეთი რეჟისორია! თუ გინდა დატკბე ეპოქის დეტალების უზადო ცოდნითა და სიყვარულით, მრავალფეროვანი კოსტუმებისა და დეკორაციების სიმდიდრით, ფანტასტიური კომპოზიციებითა და ოპერატორის ნამუშევარით (როგორ იღებს ედვარდ ლახმანი თითქმის ყველა კადრს დაბურულ ფანჯრებს მიღმა ასე ფანტასტიურად?!), აუცილებლად უნდა გაიჭირვო და ფილმი ხალხის გადატენილ დარბაზში იატაკზე დასკუპებულმა უნდა ნახო. მიუხედავად ხალხმრავლობისა, მაყურებელი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ახალგაზრდა გოგონას პირველი სიყვარულის ამბავს, რომელშიც ქეით ბლანშეტი და რუნი მარა ნამდვილი სამსახიობო ოსტატობის მასტერკლასს გვთავაზობენ.

11. მე, დენიელ ბლეიკი, 2016 (რეჟ. კენ ლოუჩი) – 2016

კინოფესტივალი ყოველწლიურად ირჩევს ერთ განსაკუთრებულ თემას, შემდეგ კი ამ თემის გარშემო არსებულ ფილმებს უჩვენებს მაყურებელს. 2016 წელს კინოფესტივალის მთავარი თემა გახლდათ – პოლიტიკა. ეს იყო განსაკუთრებით ხმაურიანი და ცოცხალი კვირეული, სადაც „პრომეთეს“ უცხოელ სტუმრებსა და ქართველ მაყურებლებს შორის არ წყდებოდა მსჯელობა, განხილვა, კამათი, დავა… კენ ლოუჩის 2016 წლის კანის კინოფესტივალის პრიზიორი „მე, დენიელ ბლეიქი“, ამ „ხმაურიანი დღეების“ გვირგვინად იქცა. მახსოვს, დროდადრო ამირანის ფოიეში დარბაზიდან აქვითინებული ხალხი როგორ გამორბოდა! სულს ითქვამდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ, შემდეგ კი ისევ სეანსზე ბრუნდებოდა. აღელვებული მაყურებელი იმდენ ხანს არ ტოვებდა დარბაზს, ფესტივალის თანამშრომლებმა და კინოთეატრის ტექნიკოსებმა წამით ისიც გაიფიქრეს, მომდევნო სეანსი აუცილებლად ჩაიშლებაო.

12. წყლის ფორმა, 2017 (რეჟ. გილერმო დელ ტორო) – 2017

2017 წლის „პრომეთეს“ ბოლო დღის ბოლო სეანსი გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმა“ გახლდათ. თუ მეხსიერება არ მღალატობს, კინოფესტივალზე პირველად შედგა ისეთი ფილმის პრემიერა, რომელმაც შემდეგ ყველა პრესტიჟული დაჯილდოვების მთავარი პრიზი მოიპოვა და წლის საუკეთესო ფილმის „ოსკარითაც“ დაჯილდოვდა. მაყურებელი სულგანაბული ადევნებდა თვალს მუნჯი ქალისა და მდინარის ღმერთის, უჩვეულო წყლის არსების სევდიანი სიყვარულის ისტორიას, კინოფესტივალი კი თავის ისტორიას წერდა… გული მიგრძნობს, „პრომეთე“ ქართველ მაყურებელს მომავალში უფრო მეტი მსგავსი პრემიერით გაანებივრებს.