მირიან ჯუღელი: არ არსებობს ქალური თუ კაცური საქმე, საქმე არის საერთო

მირიან ჯუღელი, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, მარკეტერი
 

ჩვენ ბევრს ვსწავლობთ, ვემზადებით, ტრენინგებს გავდივართ, დიპლომებს და სერტიფიკატებს ვიღებთ, თუმცა ხშირად გვავიწყდება ყველაზე მთავარი მასწავლებლებისგან – ბავშვებისგან, ყველაზე მთავარი ვისწავლოთ – უპირობო სიყვარული, უპირობო მეგობრობა, ერთმანეთზე ზრუნვა და ა.შ. 
 
ხშირად ამბობენ ხოლმე რომ შვილები დედებთან უფრო გახსნილები არიან ვიდრე მამებთან, რისი მიზეზიც ჩვენ – მამებმა ჩვენსავე თავში უნდა ვეძებოთ – ხშირად ცდუნება წაგვძლევს და ბავშვს თამაშის ნაცვლად ტელეფონს მივცემთ ან ტელევიზორს ჩავურთავთ ან სულაც ვეტყვით რომ დაღლილი ვართ და მათთვის არ გვცალია. შედეგად კი შვილები დისტანცირდებიან და მამებთან ისე აღარ მეგობრობენ.
 
ჩემი აზრით, თითოეული მამის ვალდებულებაა, მეტი დრო გაატაროს ოჯახში, მოუსმინოს ოჯახის წევრებს, გახსნილად ესაუბროს შვილებს მათ პრობლემებზე, არ ეთაკილოს და გადაინაწილოს საქმეები, რომლებიც გამოგონილ “ქალურ” და “კაცურ” საქმეებად იყოფა ხოლმე. არ არსებობს ქალური თუ კაცური საქმე, საქმე არის საერთო და ის უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა ვისაც შეუძლია. შეძლებით კი ყველას ყველაფერი შეგვიძლია. მთავარია მოვინდომოთ. მთავარია ერთმანეთზე ვიზრუნოთ.
 
#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism
 
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.