ლუკა ჭოჭუა: კაცების ჯერია არსაიდან მოსული პრივილეგიები დავთმოთ

ლუკა ჭოჭუა – ტელეწამყვანი, სპორტული კომენტატორი
 
 

 

ჩემი ძმის, ნიკალას გაჩენა საერთოდ არ მახსოვს. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს დის – ნინის დაბადება. “ახლა უკვებევრნი ვართ” – ვუთხარი დედაჩემს, როდესაც ჩვილი ნინი მოიყვანეს სახლში. მე და ნინი არასდროს ვმეგობრობდით, დიდად ვერ ვუგებდით ერთმანეთს და ამაში დამნაშავე მე ვიყავი. რატომღაც, ყოველთვის მეგონა, რომ ნინის, რადგან უმცროსი იყო და მიუხედავად იმისა, რომ არავის შთაუგონებია – რადგან გოგო იყო, ჩემთვის უნდა დაეჯერებინა. მე ბიჭი ვიყავი, უფროსი შვილი, პირველი, შესაბამისად რაღაც პრივილეგია მქონდა, ან, როგორც მინიმუმ, უნდა მქონოდა.

წლები გავიდა, ორივე გავიზარდეთ , დავმეგობრდით და მეც გონს მოვეგე, შედარებით. ბევრი მიფიქრია მაგაზე – რატომ და საიდან მიჩნდებოდა იმის განცდა, რომ რაღაც წარმოსახვით იერარქიაში ჩემზე დაბლა იდგა ჩემივე და. ალბათ, უამრავი ფაქტორი მუშაობს ეგეთ დროს ბავშვზე და ერთ-ერთი ის პრივილეგიები, ან გნებავთ უპირატესობებია, რომელსაც საზოგადოება ბიჭებს ბავშვობიდანვე გვანიჭებს და ჩვენც სიამოვნებით ვიღებთ, თან იმ დროს დიდად სხვა გზაც არ გვაქვს.

პრივილეგია სასიამოვნოა და ჰაერიდან მოსულის დათმობაც კი არ არის მარტივი, თუნდაც ტვირთად იქცეს. არადა, რასაც ვუყურებ, ძალა დობრივი ქმედებების უდიდესი ნაწილი – ფემიციდი, ფიზიკური ძალადობა, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა, თუ ძალადობის სხვა სახეები, რომლებიც ნაკლებ ხილულია, სწორედ იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას საკუთარი, თუნდაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უპირატესობა არ ეთმობა. მგონია, რომ დღეს და ახლა ჩვენი, კაცების ჯერია არსაიდან მოსული პრივილეგიები დავთმოთ და გავიაზროთ მარტივი რამ – ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ, ძალადობა აპრიორი ცუდია, ხოლო ბიოლოგიური მოცემულობა, უბრალოდ ბიოლოგიური მოცემულობაა და სხვა არაფერი.

#16days #Orangetheworld #Generationequality #UNFPA #WECARE #MENCARE #16DaysOfActivism

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით – საზოგადოების გაძლიერებას.