დღეს თბილისის კინოფესტივალზე თამარ შავგულიძის “კომეტების” პრემიერა შედგება

დღეს, 2 დეკემბერს,  თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართველი რეჟისორის თამარ შავგულიძის ფილმის “კომეტების” პრემიერა შედგება .

ფილმი 2 ქალის,  ნანას და ირინას ისტორიას ასახავს. თინეიჯერობის ასაკში მიხვდნენ, რომ მათ შორის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. როდესაც ამის შესახებ მათ ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, ამ ორის ცხოვრება აუტანელი გახდა. ამიტომ ირინამ ნანა მიატოვა და უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. ნანა თბილისში დარჩა, გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა, მეგობრებს დაშორდა და თავი ოჯახს მიუძღვნა. წლების შემდეგ ირინა თბილისში ბრუნდება. ქალები ერთმანეთს სააგარაკო სახლში ხვდებიან, სადაც ადრე საუკეთესო წლები გაატარეს ერთად. 

დღესვე შედგება ცნობილი ქართველი რეჟისორის დიტო ცინცაძის ახალი ნამუშევარის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ჩვენება, რომელსაც მაყურებელი კინო“ამირანის“ დიდ დარბაზში, 21 საათზე იხილავს. 

37 წლის ირინა, ექიმი, ციხეში სასჯელის მოხდის ხანგრძლივი ვადის შემდეგ შინ ბრუნდება. ახალი ცხოვრების დასაწყებად და საზოგადოებაში დასაბრუნებლად ირინამ თავისი ახლობლების ნდობა უნდა დაიბრუნოს. მაგრამ სჭირდება კი მას ადგილი ამგვარ საზოდაოებაში?

21 საათზე, ამირანის მე-2 დარბაზში კი ნაჩვენები იქნება ფილმი “თავისუფლება” რეჟისორ ალბერტ სერას ფილმი 1774 წლის ისტორიას ასახავს.  ლუი XVI-ის პურიტანული კარიდან გაძევებული ლიბერტენები, მადამ დე დიუმევალი, ჰერცოგი ფონ ტესისი და ჰერცოგი ვანდი, მხარდაჭერას გერმანელ ჰერცოგ ფონ ვალჰენთან ეძებენ, რომელიც ერთადერთი თავისუფლად მოაზროვნეა ქვეყანაში, სადაც ფარისევლობა და ცრუ სათნოება მეფობს. მათი განზრახვაა ლიბერტენიზმის ფილოსოფიის, რომელიც მორალსა და ავტორიტეტს უარყოფს, გერამანიაში გავრცელება და, რაც მთავარია, უსაფრთხო ადგილის პოვნა აკრძალული თამაშების გასაგრძელებლად.