გზააბნეული “კომეტები”

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს იუბილარია, 20 წლის შესრულდა, ამიტომ მისი საკონკურსო პროგრამა მთლიანად ქართულ კინოზეა ფოკუსირებული. საკონკურსო ნამუშევრებიდან ორი სადებიუტოა („ღორი“ და „უარყოფითი რიცხვები“) და მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესიც მათკენაა მიმართული. პირველ საფესტივალო დღემდე მათთან ერთად თამარ შავგულიძის „კომეტებსაც“ მოიხსენიებდნენ, თუმცა ფილმს მეტად უღიმღამო დებიუტი ჰქონდა.

თამარ შავგულიძე 2011 წლის ძალიან კარგი ფილმის, „დაბადებულები საქართველოში“ ავტორია, რომელიც 2008 წლისა და არა მხოლოდ ამ ომის, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა. მინიმალისტური გამოსახულებითა და დიალოგებით აწყობილი ფილმი მხოლოდ ოთხი გმირის ირგვლივ ვითარდება, ხალხისგან დაცლილი ქალაქი კი სწორედ ის მეხუთე პერსონაჟია, რომელიც საუკეთესოდ გვიყვება დანარჩენების უიმედო, უსიყვარულო, დაკარგულ ამბავს. 

მინიმალიზმი და სიცარიელე შავგულიძეს ახალ ფილმშიც უხვად აქვს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ, ფაქტობრივად, უარს ამბობს ფილმში კინოს შემოტანაზე და ფონს ჯვარედინი დიალოგების პარალელურად მიმდინარე სტატიკური კადრებით გადის. მთელი ამბავი, პირველი ფილმისგან განსხვავებით, ამჯერად, მხოლოდ კონკრეტულ ადგილას ვითარდება, გარეშეთაგან შემოზღუდულ, უცხო თვალისთვის დაფარულ ეზოში, თუმცა დამატებითი პერსონაჟი აქაც არის: მესამე სკამი, რომელიც ორი ქალის გვერდით მაშინაც ჩანს, როდესაც მრავალწლიანი განშორების შემდეგ ხვდებიან და მაშინაც, როცა ეს ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა – თითქოს იმის ნიშნად, რომ სახლის გარშემო შემოვლებული ღობის მიუხედავად, ამ სიყვარულს ყოველთვის ჰყავდა მოწმე, ანაც დამკვირვებელი. ასეთ ისტორიებს მსგავსი რამ ხომ არასდროს აკლია.

ვიღაცისთვის ფილმი არჩევანზეც იქნება. როდესაც ერთ მხარეს გაქცევა, ახალი ადგილის ძიება და თვითგადარჩენის მცდელობაა, თუმცა, სანაცვლოდ, თავისუფლებასა და ნიღბის გარეშე ცხოვრებას იღებ; მეორე მხარეს კი ჩვეულ წიაღში დარჩენაა, რომელიც, ერთი შეხედვით, ცხოვრების საუკეთესო საჩუქრებს გპირდება, მაგრამ იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ ყველაზე საყვარელი ადამიანებისთვისა და, საკუთარი თავისთვისაც, მუდამ უცხო იქნები. კარგი იქნებოდა, ფილმი ამ ხაზს უკეთესად რომ გაჰყოლოდა, ან ერთგვარ ღერძად მაინც რომ აეღო, რაც ავტორს ფილმის გაცილებით კარგად შეკვრის საშუალებას მისცემდა და მაყურებლის ყურადღებასაც უმისამართოდ გადაყრილი საკენკივით არ გაფანტავდა.

შავგულიძის პირველი ფილმიდან მთელი რვა წელია გასული, თუმცა „კომეტების“ ყურებისას, მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერაფრით ახერხებ „დაბადებულები საქართველოდან“ გამოსვლას. ეს კაუჭი პირველივე კადრიდან გავლებს და გებღაუჭება. თუმცა, ცოტა ხანში, ნელ-ნელა გიშვებს და ხვდები, რომ გამომსახველობით სიცარიელეში, მარტივი დიალოგებისა და უთქმელი სათქმელის მეტად დამღლელ მორევში ვარდები. 

მიმდინარე დროსა და ფლეშბექებში გადანაწილებული ფილმი არც ახლა ამბობს რამეს და არც მაშინ ჰქონია დიდი მცდელობა. უბრალოდ, ვიცით, რომ ამ ორ ქალს ოდესღაც, შორეული ყმაწვილობისას, ერთმანეთი უყვარდა, მაგრამ სრულიად ცარიელი და მეტწილად განყენებული დიალოგები (მართლა გაუგებარია, მრავალწლიანი განშორების შემდეგ, შეხვედრის პირველივე წუთებში, ამ ყველაფერზე რატომ ლაპარაკობენ. და იქვე იმასაც ხვდები, რომ ყოფით-პოლიტიკური შინაარსის ფრაზებს, გმირებს შორის არსებული უხერხულობის გადაფარვის მცდელობაზე მეტად, სულ სხვა როლის შესრულების მცდელობა აქვთ) ამბავს მხოლოდ სიბრტყეზე წარმოგვიდგენს და მთლიანად ჭამს იმ სიღრმეს, რომელსაც ეს თემა იმსახურებდა (და იმსახურებს ნებისმიერი თემა).

სამწუხაროა, რომ კრიტიკას ვერც მსახიობების ზედმეტად შებოჭილი და გაუვარჯიშებელი თამაში უძლებს და ვერც გიორგი შველიძის ოპერატორული ნამუშევარი. „კომეტების“ კამერა იმაზე ცარიელი და დამღლელია, ვიდრე ულიფტო კორპუსის ბოლო სართულზე ასვლა. თანაც სხვა სადარბაზოში.

და ბოლოს: „კომეტები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმი რომ ყოფილიყო და არ ჰქონოდა სრულმეტრაჟიანის პრეტენზია, გაცილებით მეტს მოიგებდა, მაყურებელს განსჯისთვის მეტ მასალას დაუტოვებდა და იმ გაუგებრობასაც აგვაცილებდა, რომელიც ფილმის დასასრულს ვიხილეთ.