თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის განსხვავებული კონცეფციის ბრენდი Blooms დააფუძნა

ცნობილმა მოდელმა, სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსის“ მფლობელმა და საერთაშორისო ჟურნალის „ნარგისი“ მთავარმა რედაქტორმა, თაკო ჩხეიძემ განსხვავებული კონცეფციის ახალი ბრენდი Blooms დააფუძნა. 

Blooms-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ის ორიენტირებულია გამორჩეული ხარისხის სამოსის შექმნაზე საქმიანი, გემოვნებიანი და დახვეწილი ქალებისთვის, რომელთათვისაც კომფორტთან ერთად, ხარისხიც და სტილიც ძალიან მნიშვნელოვანია. 

ბრენდის შემდეგი უპირატესობა მსოფლიოში ცნობილ ქსოვილების მწარმოებელ  ბრენდებთან ექსკლუზიური თანამშრომლობაა, რაც გულისხმობს წვდომას მოდის სამყაროში ისეთ პოპულარულ სახელებთან, როგორებიცაა: Loro Piana, Dormeuil, Vitale barberis Canonico,Fratelli Tallia Di Delfino, Paolo De Olivera, Maecotto, Marlane, Lanificio Di Pray, Alfredo Rodina, Carlo Barbera, Tollegno, Angeliko, Duka Viskonti Brisbane, Drago, Solbiati, Cerutti… 


სპეციალურად Blooms-ისთვის, კომპანიის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, თაკო ჩხეიძემ, შექმნა კაფსულა-კოლექცია, რომელიც 15-მდე ნამუშევარს აერთიანებს. ლიმიტირებული კოლექციის დათვალიერება ჭონქაძის 14-ში მდებარე შოურუმშია შესაძლებელი, თუმცა Blooms-ი განსხვავებულ მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებელს: ე.წ. Made To Measure გულისხმობს მსოფლიოში წამყვანი ქსოვილების მწარმოებელი კომპანიების კატალოგებიდან სასურველი ქსოვილისა თუ ფურნიტურის შეკვეთისა და გამოწერის შესაძლებლობას და ნებისმიერი სტილის მოდელის თავად შერჩევის საშუალებას. შერჩეული მოდელი ექსკლუზიურად მომხმარებლისთვის დამზადდება Blooms-ის მიერ. 

Blooms-ის დაფუძნების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც წარმატება მოიპოვა  3 წლის წინ ანალოგიური კონცეფციით შექმნილმა ბრენდმა Bespoke Tbilisi, რომელიც იმავე მომსახურებას მამაკაცებს სთავაზობს. მაღალი ხარისხის უცხოური ქსოვილებით, სპეციალურად მსურველისთვის, მისი ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, პროფესიონალურად შეკერილმა საქმიანი სტილის სამოსმა საქართველოში საკმაოდ მალე იპოვა საკუთარი მომხმარებელი, რომელთა რაოდენობა არცთუ მცირეა. 

Bespoke Tbilisi მამაკაცებისთვის, ხოლო Blooms ქალბატონებისთვის მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას, რომელიც საქართველოში აქამდე ხელმისაწვდომი არ გახლდათ. აღსანიშნავია, რომ საქმიან სამყაროში სწორად შერჩეული ჩაცმულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად ამ მიმართულებაზე გამორჩეულად არც ერთი ქართული ბრენდი არ მუშაობს, დამფუძნებლები დარწმუნებულები არიან, რომ Blooms, Bespoke Tbilisi-ს მსგავსად, დაინტერესებული საზოგადოებისგან დიდ ყურადღებას მიიპყრობს. 

თაკო ჩხეიძე, Blooms-ის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი

დავიწყოთ იქიდან, რომ სამი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ Bespoke Tbilisi, რომელიც მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. ხშირად მწერდნენ, რატომ არ ვაკეთებდით იმავეს ქალბატონებისთვის. მაღალი ხარისხის ქსოვილებზე წვდომამ გადამაწყვეტინა, გამეკეთებინა იგივე მიმართულების ბრენდი ქალებისთვის. შევქმენი მცირე კოლექცია, სადაც 15-მდე ნამუშევარი გაერთიანდა. აქ არის სამეულები, ორეულები, ქვედაბოლოები და პიჯაკები

ჯერჯერობით blooms ადგილობრივ ბაზარზე იქნება წარმოდგენილი. უფრო მეტად ორიენტირებული ვარ ქართველ მომხმარებლებზე. ვფიქრობ, ამ სტილის სამოსი საქართველოში დეფიციტურია, საქმიანი სტილის მაღალი ხარისხის სამოსი მნიშვნელოვანია, იყოს თქვენს გარდერობში და უძლებს წლებს, რადგან აქტუალობას სულ ინარჩუნებს. შევქმენი ისეთი კოლექცია, რომელსაც თავადაც ჩავიცვამდი და მომეწონებოდა. გავაკეთე ის, რაც პირველ რიგში, თავად მომეწონებოდა

ბუნებრივია, ყველა საქმეს ახლავს სტრესი, ნერვიულობა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თავად გინდა, მაგრამ ჩემთვის ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც საზოგადოების წინაშე არ განვაცხადე მანამ, სანამ ყველა დეტალში არ დავრწმუნდი

ჩემ ირგვლივ ქალბატონებს საკმაოდ კარგად აცვიათ. გამორჩეული გემოვნება გვაქვს და ამას ბევრი უცხოელი სტუმარი აღნიშნავს. ესეც გავითვალისწინე, როდესაც კოლექციას ვქმნიდი და ვფიქრობ, ქართველი ქალბატონები დააფასებენ“.