რეზი ხუნწელია — პრემია იკას კულტურის ატაშე, ნომინაციაში – მუსიკა

პრემია იკა ახალგაზრდა არტისტების, ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარების პრემია.

IKA AWARD ეს არის ახალი აღმოჩენების და მათთვის მადლობის გამოხატვის საშუალება.

პრემიის სლოგანია – შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია / YOUR ART MATTERS

ჟურნალი თორმეტი დღეს პრემია იკას ატაშეებიდან ერთ-ერთ წარმოგიდგენთ.

რეზი ხუნწელია

მე ვარ რეზი ხუნწელია, მუსიკის ჟურნალისტი, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორანტი, თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და უბრალოდ მელომანი. მუსიკასთან პროფესიული ურთიერთობა 2013 წელს, რეცენზიების და ბლოგების წერით დავიწყე, რის შემდეგაც ეს საქმე ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. სხვადასხვა სახელოვნებო მედია პლატფორმებზე პუბლიკაციების გამოქვეყნების პარალელურად ყოველთვის აქტიურად ვთანამშრომლობდი ადგილობრივი საფესტივალო და საკლუბო სივრცის წარმომადგენლებთან, რათა მუსიკალური სცენის განვითარებაში საკუთარი პატარ წვლილი შემეტანა. გარკვეულწილად ჩემი აკადემიური საქმიანობა და სადოქტორო თეზისიც მუსიკას უკავშირდება, რაც შემთხვევითი სულაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობ, ბოლოს ყველაფერი ხელოვნებას და შემოქმედებითი გამოხატვის ფორმებს უკავშირდება.

რატომ არის პრემია იკა თქვენთვის მნიშვნელოვანი/ როგორ შეაფასებდით პრემია იკას?

პრემია “იკა” მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის საშუალებას გვაძლევს გავიცნოთ საინტერესო ადამიანები, რომელთა შემოქმედებითი პოტენციალი ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოვლენილა. თან ეს პროცესი საკონკურსო სპეციფიკისგან აბსოლუტურად დაცლილია, რაც კიდევ უფრო ჯანსაღ ატმოსფეროს ქმნის. 

რას ნიშნავს თქვენთვის იყო პრემიის კულტურის ატაშე?

ჩემთვის ამ ამპლუაში ყოფნა ძალიან საინტერესო გამოწვევაა, რადგან ნომინანტების შერჩევუს პროცესი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამავდროულად ძალიან სასიამოვნოა იმის განცდაც, რომ ამ პოზიციაში ყოფნით ვიღაცის ცხოვრებასა თუ კარიერაში დადებითი როლის თამაში შემიძლია.

რატომ არის მნიშვნელოვანი თანამედროვე კულტურული პრემიის არსებობა დღეს საქართველოში?

ვფიქრობ თანამედროვე კულტურული პრემიის არსებობა შემოქმედებით საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რადგან მათ საშუალება ეძლევათ საკუთარი ნამუშევრები უფრო მეტ ადამიანს გააცნონ და უკუგებაც მიიღონ.

რა გამოწვევების წინაშეა შემოქმედებითი ინდუსტრია დღეს საქართველოში?

ქართული მუსიკალური სივრცე ჯერ კიდევ ფრაგმენტირებულია, რის გამოც ძალიან რთულია სრულყოფილი სცენისთვის საჭირო ყველა ატრიბუტის შენარჩუნება. თუმცა პოზიტიური ძვრები ნამდვილად შეინიშნება, ამიტომ ვფიქრობ , რომ უახლოეს პერიოდში ამ გამოწვევების გადალახვის რეალური შესაძლებლობება გვექნება.

როგორ ფიქრობთ, რა არის პრემია იკას მთავარი გზავნილი?

ჩემთვის პრემია იკას მთავარი გზავნილია, რომ გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. გულწრფელი მიდგომით და თავდაუზოგავით შრომით შედეგის მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია.

რა არის ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედთვითაც არჩევთ ნომინანტებს?

ვფიქრობ არტისტისტისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოს საკუთარი შემოქმედებითი მიდგომის სწორად გამოხატვა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებასაც მოითხოვს. ამიტომ შეფასების კრიტერიუმი იქნება როგორც შემოქმედებითი იდეის სიცხადე, ასევე ამ იდეის ტექნიკურად სრულყოფის ხარისხი.

რას ეტყოდით პრემია იკას პოტენციურ კანდიდატებს?

ყველა ახალგაზრდა შემოქმედს ვურჩევდი, რომ გააკეთონ მხოლოდ ის, რისიც ნამდვილად სჯერათ. გარემოდან წამოსული ნებისმიერი შემოქმედებითი იმპულსი და შთაგონება მკაცრ ფილტრში გაატარონ და ისე მიიღონ. და ნამუშევრის შეფასება არასდროს სთხოვონ უახლოეს მეგობრებს.

როგორ ხედავთ პრემიის მომავალს?

დარწმუნებული ვარ, რომ პრემია იკას თანამედროვე ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარებაში უფრო მასშტაბური და პოზიტიური როლი ექნება.