ჰაკათონი The Future is Equal, რომელიც სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს აქტივისტებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტებს და გრაფიკულ დიზაინერებს, 10 დეკემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდება.
ღონისძიება მიზნად ისახავს იდეების გენერირებას და ინოვაციური პროდუქტების შექმნას ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, საზიანო პრაქტიკები (ბავშვთა/ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა) და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.
The Future is Equal გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, ForSet-ის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, კომპანია „სილქნეტთან“ და ელექტრონული წიგნების სახლ „საბასთან“ თანამშრომლობით იმართება.