ლელი ბლაგონრავოვას TOP 12 ფოტოგრაფი

რჩეული 12 ფოტოგრაფის დასახელება ძალიან რთულია და ამიტომ გადავწყვიტე დავწერო ფოტოგრაფები რომელთა აღმოჩენამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და გამხადა როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფი ასევე მეტი თვითდაჯერებულობაც მომცა და “არ გაჩერდე” სლოგანიც ჩამომიყალიბა.

1. შახვალად (შახი) აივაზოვი


ეს ადამიანი არის ომის ფოტოგრაფიის ნამდვილი მთქრობელი. მისი ომის ფოტოებით პირველად ვნახე და ვიგრძენი რა არის ომი სინამდვილეში. მისი გაცნობის მერე მივხვდი თუ რა არის მართლა იყო პირველი, უშიშარი და ყოველთვის იქ სადაც უნდა იყო, სწორ დროს და სწორ ადგილას. მისი ფოტოები არის მართალი, მძმე და სამუდამო.

2. სერგო ედიშერაშვილი


ფოტოგრაფი რომელიც არის ნიმუში თუ როგორ შეიძლება იყო ფოტოგრაფიის ყველა დარგში საუკეთესო, იყო უნივერსალური ფოტოგრაფი და ეს ნიშნავდეს მხოლოდ დიდ პროფესიონალიზმს. ადამიანი რომელსაც უყვარს ფოტოგრაფია, რომელიც სულ მზად არის ახალი აღმოაჩინოს, იყოს საუკეთესო მასწავლებელი და მეგობარი. მას შეუძლია იყოს ნომერ პირველი რეპორტიორი, ლანდშაფტის თუ პორტრეტის ფოტოგრაფი, მაგრამ ჩემთვის იგი პირველია ამბის თხრობაში, რომელიც შეუძია გადმოგცეთ ფოტოგრაფიის ნებისმიერი ჟანრით. იგი დიდოსტატია კომპოზიციის. მას აქვს თავის ხელწერა რომელიც ვერავისშ ვერ აგერევა.

3. გიორგი ( გოგი) ცაგარელი


პირველი რევოლუციონერი საინფორმაციო ფოტოგრაფიაში. იგი არის პირველი ყველაფერში რადგან რასაც აკეთებს დიდი სიყვარულით და რწმენით აკეთებს. გოგი არის ყოველთვის ახალგაზრდა, ესმის თაობის რომელშიც ცხოვრობს, იცის, ხედავს და გადმოსცემს. იგი არის პირველი რომელმაც დაანგრია და დაარღვია ყველა საბჭოთა წესი და მაშინვე რეალური ადამიანების, რეალური ცხოვრების სერიების გადაღება დაიწყო. იგი არის პირველი და ერთადერთი რომელმაც ეს შეძლო და არ შეუშინდა არც მის კოლეგების კრიტიკას, მას ყოველთვის სჯერა იმისა თუ რას აკეთებს. გოგი ყოველთვის ახალია.

4. გურამ თიკანაძე


ქართველი ფოტოგრაფი რომელიც პირველი იყო აღიარებული მსოფლიოში, აღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო პრიზი. იყო უაღრესად საინტერესო ადამიანი, გეოლოგი, მთასვლელი და რეპორტიორი. 30 წლის ასაკში დაიღუპა. მისი ფოტოები დღემდე თანამედროვეა და ყოველთვის მაოცებს როგორც მისი ხელწერა ასევე უბერებლობა.

5. ეუჯინ სმიტი


ვიზუალური ამბის თხრობის დიდოსტატი, ლეგენდა. ადამიანი რომელსაც სულ აღმოაჩენ. მისი ფოტო ნარკვევები სიღრმისეულია და მრავალფეროვანი. თავდადებული და უშიშარი ფოტოგრაფი, რომელიც ომსაც იღებდა (ნაღმზე აფეთქდა და 2 წელი რეაბილიტაცია დაჭირდა) და ომის შემდეგ გადაიღო ისეთი ფოტო ამბები, რომლებიც დღემდე ფუძემდებლურია ამბის თხრობის სტრუკტურაში. ამბები, რომელიც არ საჭიროებს მუსიკას და ეფექტებს, ამბები რომლებიც რეალურია რეალურ ადამიანებზე, ამბები რომლებიც ყვებიან არა მხოლოდ ერთ ამბავს, არამედ ბევრად მეტს. დღეს არსებობს მისი სახელობის ფონდი, რომელიც აფინანსებს ფოტოგრაფებს.

6. ანნე ლეიბოვიცი


ფოტოგრაფი რომელიც წლების განმავლობაში არის დადგმული პორტრეტის დიდოსტატი. იგი ძირითადად იღებს ცნობილ ადამიანებს და ცდილობს გახსნას მათი ბუნება და დაგვანახოს რეალური სახე. ანნე ყოველთვის იკვლევს თავის გმირს, ელაპარაკება, ეძებს და პოულობს ადგილს თუ ფონს რომ მის მიერ გადაღებული გმირი არ იყოს მხოლოდ ლამაზი, არამედ შინაარსიანი. ანნე ყოველთვის განსხვავებულია მაგრამ მისი ხედვა და გადაღების სტილი არასდროს აგერევათ სხვა ოსტატებში.

7. პეტერ ლინდბერგი


მისი მოდელები არიან ცოცხალი და რეალურები, მას ბუნებრივი შუქიც უყვარს და კინო განათებებიც. მას უყვარს მომენტი, და როცა მას შეამჩნევს “ჩხაკ” და მორიგი შედევრი მზად არის. მას უყვარს ურთიერთობა და აღმოჩენა, კონტრასტი და ხასიათი. უყვარს ნაოჭები და კანის ფაქტურა, უყვარს თავისი საქმე და მის ყველა ლეგენდარულ წამოწყებაში არის ახალი. მას უნდა ვუმადლოდეთ მოდის ფოტოგრაფიაში უამრავ სიახლეს, მისთვის პირველ რიგში ყოველთვის იყო ადამიანი და მერე მოდა, თუ მოდა საერთოდ არ აინტერესებს, იმიტომ რომ თვითონ ქმნის მისი ბუნებრიობით.

8. ჯეიმს ნახთვეი


ომის და კონფლიქტების ფოტოგრაფი, თუმცა იგი კიდევ უფრო მეტია ვიდრე ეს ჩამონათვალი. მასზე პირველი და წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა დოკუმენტურმა ფილმა, სადაც მის ფოტოაპარატზე დამაგრებულია კამერა და ფილმში ვხედავთ თუ როგორ იღებს და როდის აჭერს გადაღების ღილაკს თითს. ამ ფილმით ვგრძნობთ მის სუნთქვას და ემოციებს. ამ ფილმით შემიყვარდა იგი. მისი მიდგომა კონფლიქტის მიმართ არის ზე ადამიანური, იგი ცვლის მნახველების შეხედულებას და აღვიძებს მათში ადამიანურობას. მისი ფოტოებით ვართ ახლოს ცეცხლთან, სიკვდილთან. იგი თან არის და თან არა. ჯეიმსი ერთადერთია მსოფლიოში. ჯეიმსის ნაერ კადრს ვერც დადგავ და ვერც წარმოიდგენ. მის ფოტოებს მხოლოდ უნდა უყურო და იგრძნო.

9. ჰელმუტ ნიუტონი


ადამიანი ლეგენდა, თავისუფლება, სექსი, რომანტიკა, ლუქსი, კარგი ცხოვრება და რეალისტი. იგი თავიდან რეპორტიორი იყო, და როგორც თვითონ ამბობს ერთერთ ინტერვიუში საკმაოდ სუსტი. ამის გააზრება და მისი ახალი სამყაროს შექმნა ერთი იყო. “ბრახ” და იგი ლეგენდაა. მისი ფოტოებით ვსწავლობთ და ვცხოვრობთ. მისი ფოტოების გვშურს და ვაღფრთოვანდებით. მან შექნა სამყარო თავისი პლანეტებით და ვარსკვლავებით. მან შექმნა თავისი თავი თვითონ და მისი სჯეროდათ. მას ენდობოდნენ, მის ფეხთ ეგებოდნენ და ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. როდესაც მოხვდებით ბერლინში, აუცილებლად ნახეთ მისი სახელობის ფონდი, იქ მისი მუდმივი გამოფენაა.

10. პიტ სუზა

ცნობილი როგორ ამერიკის პრეზიდენტის ობამას პირადი ფოტოგრაფი. მის გარეშე ეს სია წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან მთელი ჩემი პრეზიდენტის ფოტოგრაფობის პერიოდში სულ დამყვებოდა. არ მინდოდა მისსავით გადამეღო, ხშირად არც მჯეროდა მისი ფოტოების, მაგრამ ის ერთადერთია და პირველი ვინი ფოტოების თავისუფლებით ობამა იყო ყველაზე გადაღებადი პრეზიდენტი კენედის შემდეგ. ამას დაემთხვა ისიც რომ პიტ სუზა ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში თავს როგორც თევზი ისე გრძნობდა. მისთვის იდეალურად კარგად მუშაობდა სოციალური ქსელები, მას ხედავდნენ და აღფრთოვანდებოდნენ. პიტს შეეძლო ყველაზე უმნიშვნელო შეხვედრაც მნიშვნელოვნად ექცია. პიტს ვუმადლი თავისუფლების დანახვაში.

11. ანსელ ადამსი


ამ კაცის ფოტოებით ვცოცხლობ. ვუყურებ და მავიწყდება დედამიწის ზურგზე ყველაფერი, ვუყურებ და ვკითხულობ, ვკითხულობ დაუსრულებლივ, ვფიქრობ, ფანტაზიას თუ ტექნოლოგიას, დროს თუ ჰაერს ყველაფერს ვგრძნობ. მის ლანდშაფტით იწყება ჩემთვის პეიზაჟის ფოტოგრაფია, მისი აღმოჩენით დავიჯერე რომ ფოტოგრაფი არის პასუხისმგებელი როგორც ფოტოს გადაღების ასევე მისი შემდგომი დამუშავების. იგი იყო ყველაფერი ერთ ადამიანში. როდესაც იგი ფოტოს იღებდა ამბობდა რომ ეს 50%, დანარჩენს ფოტოლაბორატორიაში აგრძელებდა და ხშირად იქ უფრო დიდ ხანს მუშაობდა ვიდრე თვითონ გადაღებისას. იგი ხატავდა შუქით როგორც ბუნებრივით ასევე თავისი ხელებით. ანსელ ადამსი უნიკალურია, იგი არის და სხვა დანარჩენი ანსელივით იღებს ან მას ბაძავს. იგი არის საწყისიც და უნივერსალურიც.

12. ანტუან დაგატა

პიროვნება რომელმაც შემცვალა და აღმომაჩენინა საკუთარი თავი. რომელმაც დამაჯერებინა ჩემი თავისთვის და გამხადა უფრო ძიერი. ანტუანმა მოახერხა ყველაზე სიღრმეებში ჩამეღწია და პირველად მეკითხა და პასუხიც გამეცა ჩემი თავისთვის, თუ “მართლა რა მინდა”. მან დამანახა თავი მეორე მესამე მეოთხე მხრიდან, მან მომცა თვითაჯერება, მისი ფოტოები ჩემთვის უფრო ახლოა ვიდრე მეგონა, ის ჩადიოდა სულიერ ჯოჯოხეთში და ახერხებდა დაბრუნებას, მას აქვს უნდარი ყველაზე მეტად გაერთიანდეს სხვა ადამიანთან, გაიგოს მისი და გადაიღოს და გამოვიდეს. მას შეუძია ადამიანის სამყაროებში მოგზაურობა. მან დამანახა ამბის თხრობა სხვაგვარად, მე სხვა ვარ.