ნუ დააბინძურებ შავ ზღვას, ნუ დატოვებ ნარჩენებს სანაპიროზე — WISTA-ს ახალი პროექტი

WISTA Georgia (ქალთა საერთაშორისო სანაოსნო ასოციაცია-საქართველო), ევროკავშირის და EMBLAS Plus-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში”. 

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებები (შავი ზღვის სანაპიროების დასუფთავება, საჯარო ლექციები სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში…) და დამზადდა ვიდეორგოლი, რომლის მთავარი მიზანია, ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით. 

ზღვების და ოკეანეების დაბინძურების სტატისტიკა დღითიდღე საგანგაშოდ იზრდება; შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ზღვების სიაშია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების მიერ სანაპიროზე დატოვებული ნარჩენებია. 

EMBLAS-ის (შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის სააგენტო) კვლევის მიხედვით, თუ სასწარფო ზომები არ იქნება მიღებული ნარჩენების მართვის მიმართულებით, 2050 წლისთვის, შავ ზღვაში პლასტმასის საგნები უფრო მეტი იქნება ვიდრე თევზი და ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია გახდება საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული “ნაგვის კუნძულები” ზღვის შუა ნაწილში.

ვიდეოში ნაჩვენებია ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ შექმნილი მობილური აპლიკაცია, რომლის გამოყენებაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიწყო და საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელი გახდება სანაპიროებზე არსებული ნარჩენების სახეობისა და რაოდენობის იდენტიფიცირება.

აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, შემუშავდება შემდგომი სამუშაო გეგმა, შავი ზღვის სანაპიროებზე არსებული ნარჩენების პრევენციისათვის.

ნუ დააბინძურებ შავ ზღვას, ნუ დატოვებ ნარჩენებს სანაპიროზე!