ამ სისტემის დედაც! — დღეს შსს-სთან აქცია იგეგმება

მოძრაობა ქვეყნის სამსახურში დღეს, 19:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას “ამ სისტემის დედაც!” გეგმავს. 

“15 წლის ლუკა სირაძემ თავი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ მოიკლა. დაკითხვის დროს, იგი პოლიციის მხრიდან ინტენსიურ ფსიქოლოგიურ ტერორსა და შეურაცხყოფას განიცდიდა.  დაკითხვის დროს, ცუდად გახდომის გამო სასწრაფო დახმარების გამოძახებაც ითხოვა, რაზეც უარი მიიღო. 19:00-ზე, შს სამინისტროსთან, გამჭვირვალე შენობასთან, რომელიც სისტემის დანაშაულებების დაფარვას მაინც ახერხებს – ჩვენ, მოქალაქეები შევიკრიბებით მდუმარედ”, – წერია განცხადებაში. 

15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

გუშინ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკასთანაც, სადაც მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მწვანე სკოლასთან წარწერები — “ამ ცხოვრების დედაც!” დატოვეს.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.

შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. მანამდე მოზარდი გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის შენობაში შევიდა შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო.