კინოთეატრ რუსთაველის წინ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

საქართველოს სახალხო არტისტ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან. ღონისძიება 13 იანვარს, მსახიობის დაბადების დღეზე გაიმართება. არიადნა შენგელაიას შემოქმედებით საღამოს 17:00 საათზე გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს, ვარსკვლავი კი კინოთეატრ რუსთაველის წინ გაიხსნება.

არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა უარს ამბობს საჯარო ცხოვრებაზე და 2007 წლიდან მოყოლებული მაყურელის წინაშე არ გამოჩენილა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ კი მსახიობი მისი ვარსკვლავის გახსნას დაესწრება. აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ნახოს ფილმების ნაწყვეტები და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეო, რომელიც არიადნა შენგელაიას შემოქმედებას ეძღვნება.

მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას არიადნა შენგელაიამ გაიცნო ქართველი რეჟისორი – ელდარ შენგელაია. დაქორწინების შემდეგ იგი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, გახდა კინოსტუდია ქართული ფილმის მსახიობი, შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ქართულ კინოში და 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალსო არტისტის წოდება.

პარალელურად, არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო და თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა.