ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურებისთვის ბრალი წარუდგინეს

ჰოლივუდის ყოფილ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაზე ლოს-ანჯელესის სასამართლომ ბრალი წარუდგინა.

ლოს-ანჯელესში გამოძიება 2013 წლის ინციდენტზე გრძელდება, რომელშიც ორი მსხვერპლი ქალი ფიგურირებს. შესაძლო დანაშაული ვაინშტაინმა 2-დღიან მონაკვეთში ჩაიდინა და მისი დამტკიცების შემთხვევაში 28-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბრალის წარდგენის დღეს ვაინშტაინი ნიუ-იორკში, გაუპატიურებისა და ძალადობის სხვა საქმეებზე გამართულ სასამართლოზე გამოჩნდა. ის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ყველა ურთიერთობა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შედგა. თუმცა დასძენს, რომ “უამრავ ადამიანს ტკივილი მოუტანა”.

ლოს-ანჯელესის პროკურატურის მიხედვით, ვაინშტაინმა 2013 წლის 18 თებერვალს ქალის სასტუმრო ოთახში ძალის გამოყენებით შეაღწია და შემდეგ ის გააუპატიურა, მომდევნო დღეს კი ბევერლი ჰილზის სასტუმროში სხვა ქალზე იძალადა.