ლევან გელბახიანის TOP 12 ანიმე

ფილმებზე, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.

ბევრს არ/ვერ ვისაუბრებ ჩემს ემოციებზე და ფილმების სიუჟეტზე. უბრალოდ, მათ ვინც გადაწყვეტს რომ ანიმეებს უყუროს, გავაცნობ ჩემს 12 მეგობარ ანიმეს, რომლითაც ყოველთვის ვიქნები შთაგონებული. 

1. Spirited Away

Spirited Away იყო პირველი ანიმე, რომელიც ვნახე და ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. ის სამყარო, სადაც ფილმის ყურების დროს ვიყავი, ალბათ რაღაც დოზით ყოველთვის იქნება ჩემში, ჩემს ფანტაზიებში. მართალია, პირველად რომ ვნახე ძალიან პატარა ვიყავი და ბევრი რამე ვერც აღვიქვი,  მაგრამ  მახსოვს სიუჟეტის, ფერების და ნახატების ძლიერი შთაბეჭდილება და ფილმის დაუსრულებლად ყურების სურვილი. 

2. Princess Mononoke

Princess Mononoke – ეს არის ბრძოლა ადამიანსა და ბუნებას შორის. ეს არის თემა, რომელზეც ალბათ, ყოველ დღე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი ზიანი ადგება ბუნებას მისი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში და რა საპასუხო დარტყმებს იღებს ადამიანი.

“These days, there are angry ghosts all around us. Dead from wars, sickness, starvation, and nobody cares. So, you say you’re under a curse. So what, so’s the whole damn world”.

3. Grave Of The Fireflies

რთულია იპოვო შესაბამისი სიტყვები, რომლებიც ზუსტად გადმოცემენ იმ
გრძნობებს, რასაც ფილმის ყურების დროს განიცდი. “ციცინათელების სამარხი” ემოციურად საკმაოდ მძიმე ფილმია, ომზე, მის მოუშუშებელ ჭრილობებზე და ბავშვებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან ამ პროცესებში. ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკულმა საავიაციო ძალებმა 150 ათასი ტონა ბომბი გამოიყენა იაპონიის დასაბომბად  330 ათასი ადამიანი დაიღუპა დაბომბვის შედეგად და ამ ფაქტზე ფიქრი უფრო მძაფრს ხდის ფილმს. 10/10 აუცილებალად სანახავი.

4. Paprika

რთულია ანიმეების მოყვარულები გააოცო, სატოში კონი კი ამას ნამდვილად ახერხებს. პაპრიკაში რეალური და არარეალური სამყარო ერთმანეთშია გადახლართული. პაპრიკა > ინსეფშენი

5. Akira

მონონოკეს მსგავსად, აკირაც არ კარგავს აქტუალობას და შეიძლება პირიქითაც ითქვას, რომ წლებთან ერთად უფრო რელევანტური ხდება. ფილმში რამოდენიმე სიუჟეტური ხაზი ვითარდება, ამას დამატებული საოცარი ვიზუალური მხარე და სასწაული ოსტატობით შექმნილი ხმა, რაც კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებს ყურების დროს.

6. Belladonna Of Sadness

ეს არის სტილისტურად ყველაზე “არა ანიმე” ფილმი ანიმეებს შორის.
ფილმი სიღრმისეულად ეხება სექსუალური ტრავმების, ძალადობის და მათი მოშუშების თემებს. ასევე, ეხმიანება დამოუკიდებლობის ძიებას პატრიარქალურ სისტემაში და კონტროლის აღებას საკუთარ სექსუალობაზე.

7. Castle In The Sky

ანიმაციამ, ამბავმა, პერსონაჟებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. Castle in the sky არ მიეკუთვნება რაიმე კონკრეტულ ჟანრს. იგი აერთიანებს სათავგადასავლო, კომედიურ, სამეცნიერო ფანტასტიკის და დრამის ჟანრებს. ხშირ შემთხვევაში დაძაბული, მაგრამ მთლიანობაში მარტივად საყურებელი ამბავი გავიწყებს რეალობას და გაბრუნებს ბავშვობაში.

8. Howl’s Moving Castle

მართალია ეს არ არის მიაძაკის შედევრი, მაგრამ ერთ-ერთი შთამაგონებელი ანიმე იყო ამიტომ გირჩევთ, თქვენც ნახოთ.

9. Mind Game

Mind Game-ს აქვს ყველაფერი: ირონია, იუმორი, რომანტიკულობაც კი. ეხება პრაქტიკულად ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტს. ურთიეთობებს, ოჯახში არსებულ პრობლემებს. ეს ყველაფერი ფსიქოდელიურ სურათებთან ერთად ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.

10. My Neighbour Totoro

ეს ანიმე არის პირველი, რომელმაც მიაძაკის საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ტოტორო ფანტაზიით, თავგადასავლებით სავსე ფილმია, რომლითაც რეჟისორი ეკოლოგიურ მესიჯებსაც გზავნის. ზღაპრულ, მეგობრულ, მფრინავ ტყის ბინადრებთან ერთად საცუკი და მეი საოცარი თავგადასავალის ნაწილი ხდებიან.

11. Tekkonkinkreet

Tekkonkinkreet აერთიანებს დანაშაულის, ძალადობის, იუმორისა და ფანტაზიის ელემენტებს. იქმნება წარმოსახვითი მოგზაურობა გრძნობებისათვის. მართალია ამ ფილმში ბევრი ბრუტალური სცენაა სისხლისმღვრელი ბრძოლებით და არაჰუმანური მოპყრობებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ნამუშევარი მაინც დაგიბრუნებს ადამიანობის რწმენას. ფილმის მთავარი პერსონაჟი ორი ბიჭია, რომელთა საშუალებითაც რეჟისორი გვანახებს ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს არის შინაგანი ბრძოლა, რომელიც გაიძულებს რომ იმედი ყოველთვის გქონდეს.

12. The Cat Returns

და ბოლოს, The Cat Returns კატებისადმი ჩემი უდიდესი სიყვარულის პატივსაცემად.