როგორ ვასწავლოთ კომპიუტერს ქართული ენა?

დაახლოებით ხუთი წლის წინ, პირველად გამოჩნდა თიბისი ბანკის პროექტი #წერექართულად, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ანბანის სხვადასხვა ხელსაწყოებზე, სოციალურ ქსელებსა თუ უბრალოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ადაპტირებას. თუმცა, ამ ტექნოლოგიური დეტალების მიღმა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილების ავტორიცაა – დღეს, თუკი სოციალურ პლატფორმებზე ინგლისური შრიფტით დაწერილ ქართულ წინადადებებს შევხვდებით, მას ცუდ ტონად მივიჩნევთ და თვალში უხეშად გვხვდება. ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს ერთ პატარა ჰეშტეგს ვთავაზობთ ხოლმე ლათინური ასოებით მოსაუბრეს – #წერექართულად – და ვახსენებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დამწერლობის ციფრულ სამყაროში გაცოცხლება.

პროექტის შექმნიდან დღემდე ბევრი მნიშნველოვანი აქტივობა განხორციელდა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ლექსიკონებისა და შრიფტების გაციფრულება, ანუ ქართული დამწერლობის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია და ტექნოლოგიებთან ინტეგრირება, თუმცა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა პროექტის #ქართულად ფარგლებში Microsoft-თან კოლაბორაციაა – როდესაც კომპიუტერები შეძლებენ არა მხოლოდ თარგმნონ ქართულიდან სხვადასხვა ენებზე და პირიქით, არამედ იფიქრონ და იაზროვნონ კიდეც ქართულად.

როგორია აღნიშნული კოლაბორაციისქართული ენის Microsoft-ის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი? რა ეტაპზეა ის ახლა და რა შედეგებს ელოდებით?

ტატო ნორაკიძე: როდესაც Microsoft-თან სათარგმნ პლატფორმაზე საუბარი დავიწყეთ, ინტეგრაციისთვის პირველი საფეხური 100 ათასი ნათარგმნი წინადადების შეგროვება იყო, რისთვისაც ჩვენ გავაკეთეთ საიტი kartulad.ge, სადაც წამოვიღეთ წინადადებები შემთხვევითი არჩევის პრინციპით ქართული ნაწარმოებებიდან, რაშიც ელექტრონული წიგნების სახლი – საბა დაგვეხმარა. რაც შეეხება თვითონ თარგმნის პროცესს, მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ვინც ინგლისური იცოდა. ეს მიდგომა სპეციალურად შევიმუშავეთ, რადგან Microsoft-მა მკაფიოდ დააფქსირა – საწყისი ეტაპისთვის მათ არ სჭირდებოდათ მაღალფარდოვანი თარგმანი, ეს უნდა ყოფილიყო უშუალო სასაუბრო ენა, იმ სიტყვებით, როგორც ჩვენ ერთამანეთში ვსაუბრობთ.

ამ წამოწყებემაც წარმატებით იმუშავა, აღნიშნულ რიცხვს მივაღწიეთ, ბაზა Microsoft-ს გადავეცით, ხოლო მათ ამაზე მუშაობა უკვე დაიწყეს, რაზეც თავად Microsoft წერს.

რაც შეეხება შედეგებს, ის დაახლოებით ასე გამოიყურება: ამ ნათარგმნი წინადადებებით, ხელოვნური ინტელექტი “ქართულად აზროვნებას” დაიწყებს, ლოგიკურად დააკავშირებს სიტყვებს, ამოიცნობს ბრუნვებს და სწორედ ეს იქნება პირველი ეტაპი.

შემდეგი უკვე ინტეგრაციაა – მათ პლატფორმებზე და კომპიუტერულ პროგრამებში. მაგალითად სკაიპში, თქვენ შეძლებთ ესაუბროთ თქვენს უცხოელ მეგობარს ქართულად, პროგრამა კი სინქრონში გადათარგმნის თქვენს საუბარს ინგლისურად, ხოლო თქვენი მეგობრის ინგლისურ სიტყვებს – ქართულად. ინგლისურის შემდეგ ინტეგრაცია უკვე სხვა ენებთანაც მოხდება.

რა იქნება ამ პროექტის მთავარი გამარჯვება?

ტატო ნორაკიძე: როდესაც შეიქმნება და დაიხვეწება ქართულად მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტი, ამაში უკვე ჩაერთვებიან ფილოლოგები და ქართულ ენას, მთელი თავისი სლენგებით უკვე ისე გაიგებს Microsoft-ის პროგრამა, როგორც ეს ჩვენ გვესმის. ვფიქრობთ, რომ #წერექართულად მუდმივად სიახლეებთან და ინოვაციებთან იქნება დაკავშირებული და ის ქართული ენის პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით  შეუწყობს ხელს.

ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული ჩვენი უდიდესი ისტორიის მქონე უძველესი დამწერლობა კი ახალ ისტორიას შექმნის, რომელიც მსოფლიო ციფრულ რუკაზე ჩვენს სათქმელს იტყვის – თანაც #ქართულად.