ელტონ ჯონმა კონცერტის დროს ხმა დაკარგა

ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში კონცერტის დროს ხმა დაკარგა. ლეგენდარულმა მომღერალმა ოკლენდში მიმდინარე კონცერტის დროს შეუძლოდ იგრძნო თავი და გამოსვლა შეწყვიტა.

“ახლახანს დავკარგე ხმა, ვერ ვიმღერებ. უნდა წავიდე, მაპატიეთ” – თქვა სცენიდან გასვლამდე 72 წლის მომღერალმა.

ამის შემდეგ პიანინოსთან მჯდომი მომღერალი ატირდა და ის სცენიდან დამხმარე პერსონალმა გაიყვანა.

“ძალიან მინდოდა თქვენთვის საუკეთესო წარმოდგენა მომეწყო. ვმღეროდი და ვუკრავდი, სანამ ხმა უბრალოდ არ გამიქრა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, სევდიანი და ბოდიშს გთხოვთ”, – ბოდიში მოუხადა მომღერალმა თაყვანისმცემლებს ინსტაგრამზე. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ელტონ ჯონს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. 2018 წელს ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ საკონცერტო ტურებს წყვეტს, რათა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს.