დღეს იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს სპეცრეისით ჩამოიყვანენ

დღეს ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანს.  კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ BM.GE-ის უთხრა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, დღის განმავლობაში რომის მიმართულებით ორი რეისი შესრულდება.

რომიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიან კარანტინში გადაიყვანენ. საჭიროების შემთხვევაში, კარანტინს გაივლის ბორტის ეკიპაჟიც. რაც შეეხება თვითმფრინავს, კომპანიის დირექტორის ცნობით, მას იზოლირებულ სივრცეში გადაიყვანენ და სანიტარული წესით დაამუშავებენ.

კორონავირუსის შემთხვევები იტალიის ოცივე რეგიონში დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 9 172-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რაოდენობა კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 498-ია.