აუცილებელი ინგრედიენტი – მადლიერება | მიშა ავსაჯანიშვილის წარმატების რეცეპტი

საქართველოში კულინარიის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მიშა ავსაჯანიშვილი უკრაინაში რამდენიმე რესტორნის ბრენდ-შეფობის პარალელურად, ქართულ ტელესივრცეში გამორჩეული კულინარიული შოუს ჟიურის წევრიცაა. პროფესიულ წარმატებამდე მისი გზა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, სირთულეებითა და გამოწვევებით იყო სავსე.

Photo Credits to Yevgeny Lysenko

კულინარია ბავშვობიდანვე იტაცებდა. მიუხედავად იმისა, რომ განათლება ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო და წლების განმავლობაში ფინანსურ სფეროში წარმატებით მოღვაწეობდა, როგორც კი საქართველოს კულინარიის აკადემიის გახსნის შესახებ შეიტყო, მიხვდა, რომ ბავშვობის ოცნებას ზურგს ვეღარ შეაქცევდა. იცოდა, რომ პროფესიის შეცვლა მარტივი არ იქნებოდა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა.

„როცა გავიგე, რომ კულინარიის აკადემია იხსნებოდა, მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა მიმეტოვებინა და ჩემი ოცნებებისთვის მებრძოლა. ვფიქრობ, კარგი ანაზღაურება ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ის სფერო, სადაც ვმოღვაწეობდი, არ იყო ჩემი და, შესაბამისად, იქ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, ამიტომაც ამ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.“

მათ, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, ურჩევს, პრიორიტეტები სწორად განსაზღვრონ, კონკრეტული მიზნები დაისახონ და მათ მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომონ, რადგან, მისი თქმით, ცვლილებებისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ წარმატებულ თვითნასწავლ მზარეულს იცნობს, კულინარიის აკადემიაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას შეუფასებლად მიიჩნევს. პროდუქტის დამუშავების სხვადასხვა მეთოდი, მომზადების ტექნიკები, ჰიგიენური პროცედურების დაცვა – ეს მცირე ჩამონათვალია კარგი მზარეულისთვის აუცილებელი უნარებისა, რომელთა სწავლაც, ფიქრობს, რომ დამოუკიდებლად გაუჭირდებოდა.

„აკადემია ჩემი ოჯახია. აქ ვისწავლე და პროფესიულად გავიზარდე. თამამად ვიტყვი, რომ კულინარიის სფეროში ჩემი წარმატება დიდწილად სწორედ ამ ადგილის დამსახურებაა.“

ახალ პროფესიაში პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება კულინარიული რეალითი-შოუ „რესტორანი“ იყო, რომელსაც მიშა თავისი კარიერის მომდევნო საფეხურად მიიჩნევს. მიშამ მეწყვილესთან ერთად საკმაოდ რთული და გრძელი გზა გაიარა და, მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, ფინალისტთა შორის აღმოჩნდა. მართალია, „რესტორანში“ მისი მონაწილეობა გამარჯვებით არ დასრულებულა, თუმცა იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება შემდგომ კარიერულ წინსვლაში ძალიან დაეხმარა.

დღეს მიშა უკრაინაში რამდენიმე რესტორნის ბრენდ-შეფია. მის მოვალეობაში მენიუს განახლება, შესაბამისი კონცეფციის შექმნა და კერძების მომზადების პროცესის კონტროლი შედის. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, თვლის, რომ დროის სწორად გადანაწილება არ უჭირს.

აქტიურ საქმიანობას კულინარიული შოუს „სამზარეულოს ომები“ ჟიურის წევრობასაც უთავსებს. თვლის, რომ მსგავსი ტიპის პროექტების არსებობა აუცილებელია, რადგან ის გასტრონომიისადმი მოსახლეობის ინტერესის გაზრდასა და კულინარიის სფეროში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

„შეიძლება მაყურებელს პირველად არ ესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანია მზარეულისათვის მომზადების ტექნიკა და პროდუქტის სწორი შეხამება, თუმცა მეორე, მესამე და მომდევნო ჯერზე იმდენად იქნება ამ სფეროში გათვითცნობიერებული, რომ რესტორანში მისული შეძლებს კერძის სწორად შეფასებას და, შესაბამისად, რესტორანიც ვალდებულები იქნება, მაღალ ხარისხზე სტუმრის მოთხოვნას სათანადოდ უპასუხოს. შედეგად, ქართული გასტრონომიაც უფრო მეტად დაიხვეწება და განვითარდება. ვთვლი, რომ მომხმარებლის ობიექტური აზრი ამ სფეროში უმნიშვნელოვანესია.“

კრიტიკულ აზრზე არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია კმაყოფილი მომხმარებლის მადლიერება, რომელიც ხშირად ე.წ. “tip“-ების მომსახურე პერსონალისთვის დატოვებით გამოიხატება.

„სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში და, სხვათა შორის, უკრაინაშიც ე.წ. “tip”-ების დატოვების კულტურა ნაკლებადაა განვითარებული, არადა ეს მნიშვნელოვანი მოტივატორია მომსახურე პერსონალისთვის, მზარეულებისა და რესტორნისთვის, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა თითოეული სტუმარი სახლში კმაყოფილი წავიდეს. მომხმარებლის მადლიერება გაწეული სამუშაოს საუკეთესო ანაზღაურებაა.“

„სამზარეულოს ომებში“ ჟიურის ამპლუაში ყოფნას საინტერესო და განსაკუთრებულ გამოცდილებად მიიჩნევს. ფიქრობს, რომ ამ შოუში მას აკადემიური შეფასებები გამოარჩევს.

„ჩემთვის მთავარი კრეატიულობა და მზარეულის მიერ მომზადების პროცესის სხვაგვარად დანახვის უნარია, თორემ გემრიელი ხარჩო, საცივი და ჩაქაფული ყველა ოჯახში მზადდება. ჩვენ უნდა ვიხილოთ კერძი, რომელშიც ჩანს შრომა, ფანტაზია და ენერგია.“

მიშა სამზარეულოში წესების დაცვასა და კრეატიულობას თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს:

„მზარეული, რომელიც წესებს ზედმიწევნით იცავს და მზარეული, რომელიც თამამ ექსპერიმენტებს არ უშინდება – ვფიქრობ, ორივე იგებს; მთავარია, საბოლოოდ კერძი ორგანული და გემოვნებიანად მომზადებული იყოს.“

გამომდინარე იქიდან, რომ კულინარიის სფერო დღეს საკმაოდ მოთხოვნადია, მიშა დამწყებ მზარეულებს ურჩევს, საფუძვლიანად დაეუფლონ საკუთარ პროფესიას და დასახული მიზნებისთვის ბოლომდე იბრძოლონ. მას წარმატებულ და შემდგარ მზარეულად ყოფნისთვის თავისი რეცეპტი აქვს:

„პირველ ადგილას შრომაა. დიდი წარმატება ყოველდღიური შრომისა და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის შედეგია. მეორე აუცილებელი თვისება თავდაჯერებულობაა, ოღონდ ზომიერების ფარგლებში და, რაღა თქმა უნდა, სწავლა! კარგი მზარეული ერთ ადგილას არასდროს ჩერდება. წარმატება ამ სფეროში ყოველდღიურ სწავლასა და მუდმივად ახლის ძიებას გულისხმობს.“

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მიშა საკუთარი ცოდნის ახალი თაობისთვის გაზიარებას უკრაინის კულინარიულ აკადემიაში ლექტორის სტატუსით შეეცდება, თუმცა არც ქართველ გულშემატკივრებს დასწყვეტს გულს და მას მალე მაყურებელი „სამზარეულოს ომების“ მე-2 სეზონში კვლავ ობიექტური შემფასებლის ამპლუაში იხილავს.

რუბრიკის ავტორები

თამარი კიზივაძე

თამარ ჩხარტიშვილი