გარდაიცვალა მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი

13 მარტს, 92 წლის ასაკში, ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი გარდაიცვალა.

გივი მარგველაშვილი-ის სურათის შედეგი

გივი მარგველაშვილი 1927 წელს დაიბადა ბერლინში – ქართველი ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის, ტიტე მარგველაშვილის ოჯახში.

1945 წელს გივი მარგველაშვილი მამასთან ერთად საბჭოთა უშიშროებამ გაიტაცა გერმანიის საბჭოთა სექტორში, საიდანაც ისინი საქართველოში გადმოიყვანეს. ტიტე მარგველაშვილი მალევე დახვრიტეს, მის 18 წლის შვილს კი უფლება მისცეს საქართველოში ეცხოვრა.

მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად, მიეცა საშუალება — პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ — კვლავ ჩასულიყო გერმანიაში.  1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“, 2 ტომი (1-ლი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში, იგი მიწვეულ იქნა გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.

1997 წელს გ. მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი. 2011 წლიდან მწერალი ცხოვრობდა თბილისში. 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის გივი მარგველაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.