აუცილებელი ინგრედიენტი – მადლიერება | ლუკა ნაჭყებიას პროფესიული მრავალფეროვნება

სურსათის ტექნოლოგია, კულინარია, სარესტორნო სფეროში კონსულტაციების გაწევა, ლექტორობა, „მასტერშეფის“ ჟიურის წევრობა – ლუკა ნაჭყებიას საქმიანობის მოკლედ აღწერა შეუძლებელია. ლუკამ ჟურნალ „თორმეტთან“ საკუთარ პროფესიებზე, განვლილ გზაზე, მრავალფეროვან გამოცდილებასა და კულინარიაში მადლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კულინარია ბავშვობიდანვე აინტერესებდა. ხელოვანების ოჯახში გაზრდილს გული მუდამ მეცნიერებისკენ მიუწევდა. სამომავლო კარიერაც მეცნიერებას დაუკავშირა – ლუკას ერთ-ერთი და, როგორც თავად ამბობს, მთავარი პროფესია კვების ტექნოლოგიაა. უშუალოდ მზარეულობისაკენ კი ხელოვნების სიყვარულმა უბიძგა; თვლის, რომ კულინარია შემოქმედებითობისა და მეცნიერების სინთეზია.

„მინდოდა, ჩემი ცხოვრების ნაწილი ხელოვნებისთვის ისე მიმეძღვნა, რომ პარალელურად სამეცნიერო სფეროში დავრჩენილიყავი. ასე აღმოვაჩინე კულინარია.“

თვლის, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა: ლუკას კულინარიისადმი ინტერესი საქართველოში აგრარული უნივერსიტეტისა და კულინარიის აკადემიის გახსნას დაემთხვა. მისი თქმით, ისეთ გარემოში აღმოჩნდა, სადაც კულინარიას, როგორც დარგსა და პერსპექტიულ სფეროს ისე აღიქვამდნენ. კულინარიის აკადემიაში მას და ამ სფეროთი სერიოზულად დაინტერესებულ სხვა ადამიანებს შესაბამისი ბაზა და პროფესიონალები დახვდნენ.

„ადრე კულინარია ისეთ სფეროდ ითვლებოდა, სადაც ხვდებოდი იმ შემთხვევაში თუ სხვა არაფერი გამოგდიოდა. კულინარიის აკადემიამ ამ არასწორი დამოკიდებულების შეცვლა დაიწყო. აქ უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომლებთან ურთიერთობაც ნაყოფიერი აღმოჩნდა: ერთად ვსწავლობდით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით და ვვითარდებოდით.“

პროფესიული საქმიანობის საწყისი ეტაპიდან განსაკუთრებულ სიამოვნებას ლაბორატორიებში მუშაობა ანიჭებდა. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გარდამტეხი და მომავალი საქმიანობის განმსაზღვრელი აღმოჩნდა.

„ლაბორატორიაში საინტერესო კვლევებს ვატარებდით. სწორედ ამ დროს გავაანალიზე, რამხელა გავლენა აქვს კვების ტექნოლოგიაში მიღებულ ცოდნას გემოსა და კულინარიაზე. ამ გარემომ პირველად მომცა საშუალება მენახა და შემეცნო ის სამყარო, რომელსაც ვგრძნობ და ვსინჯავ. ლაბორატორიაში მუშაობამ მაგრძნობინა, რომ კულინარია მეცნიერებაცაა.“

ლაბორატორიაში მუშაობის გარდა, კარიერის ადრეულ ეტაპზევე უამრავ სხვადასხვა პროექტში იყო ჩართული. მუდამ ცდილობდა ახალი უნარები აეთვისებინა, შესაძლებლობებით ესარგებლა და ესწავლა. მრავალფეროვნებას არც ახლა უჩივის; ლუკასთვის ყოველ დღეს სიახლე და განსხვავებული გამოწვევები მოაქვს. თვლის, რომ სწორედ მრავალფეროვნებაა მისი პროფესიის მთავარი ხიბლი და ამ მხრივ ძალიან გაუმართლა.

ფართო აუდიტორია ლუკას კულინარიულ პროექტ „მასტერშეფიდან“ იცნობს, სადაც ის ჟიურის ერთ-ერთი წევრია. „მასტერშეფს“ ბავშვობიდან უყურებდა, ამიტომ ბევრი არ უფიქრია და შემოთავაზებას მაშინვე დათანხმდა. ჟიურის ამპლუა მისთვის ბუნებრივი აღმოჩნდა, რადგან სხვა უამრავ საქმიანობას ლექტორობასაც უთავსებს, სადაც სტუდენტების შეფასება და მათთვის რჩევების მიცემა მისი ერთ-ერთი მოვალეობაა. ლუკას თქმით, შეფასებისას კრიტიკა და ზომიერი სიმკაცრე მნიშვნელოვანია, რადგან კულინარიის სფეროში მოღვაწე ადამიანები აგრესიას ხშირად აწყდებიან.

„მათ ხშირად მოუწევთ არა მხოლოდ კრიტიკის, არამედ დაუმსახურებელი სიბრაზისა და აგრესიის ატანაც, ამიტომ აქიდანვე უნდა მიეჩვიონ ამ ყველაფრის მშვიდად მიღებას და სანაცვლოდ იმ პოზიტივზე გაამახვილონ ყურადღება, რომელსაც საქმიანობისას ასევე ხშირად შეხვდებიან. კრიტიკა არ არის ცუდი. მე პირადად მიყვარს, როცა მკაცრად მაფასებენ, ჩემთვის ცეცხლის შენთებასავითაა და მეტ მოტივაციას მაძლევს. მათთვისაც ასე უნდა იყოს.“

ლუკას აზრით, მსგავსი ტიპის პროექტის არსებობა საქართველოში კულინარიის სფეროს განვითარებისათვის, ამ სფეროში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის და შეფასების უნარის ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ვთვლი, რომ „მასტერშეფმა“ ამ კუთხით გაამართლა. დღეს ხალხი უფრო მეტად აკვირდება იმას, თუ რას ჭამს. კულინარიისადმი ინტერესი გაიზარდა. ასეთი მომხმარებელი რესტორნისგან მეტს მოითხოვს, შესაბამისად, ეს ინდუსტრია უფრო მეტად კონკურენტული გახდება, რაც, თავის მხრივ, ხარისხსაც გაზრდის.“

მომდევნო სეზონთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი აქვს. მისი თქმით, პროექტით უამრავი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი დაინტერესდა და მაყურებელს წინ განსაკუთრებული შოუ ელოდება.

ლუკა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს აგრარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს კულინარიის აკადემიაში უზიარებს. ლექტორობა და სტუდენტებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. ცდილობს, სასწავლო მეთოდები პრაქტიკას მაქსიმალურად მოარგოს, რათა სტუდენტს სწორი წარმოდგენა ჰქონდეს იმ რეალური სამყაროს შესახებ, რომელშიც უნდა შეაბიჯოს. ლექტორობას დიდ პასუხისმგებლობად მიიჩნევს. აცნობიერებს, რომ მის ყოველ სიტყვას შედეგები ახლავს: როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი.

„პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, შეიძლება ერთმა არასწორმა სიტყვამ სტუდენტს მთლიანად შეუცვალოს სფეროზე წარმოდგენა, დაუკარგოს მოტივაცია და რწმენა, რომ სწორ ადგილას მოხვდა.“

თანამოაზრეებთან ერთად სარესტორნო ბიზნესში საკონსულტაციო საქმიანობასაც ეწევა.

„ბაზრის ანალიზი, დაინტერესებული პირის მოსალოდნელი რისკებისთვის შემზადება, ადგილის შერჩევა, დაპროექტება, კონცეფციის შემუშავება, დიზაინერებთან თანამშრომლობა და სხვა უამრავი დეტალი. თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით.“

ლუკამ ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში კულინარიის როლზე, მომხმარებლის აზრისა და მადლიერების გამოხატვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„კვების კულტურა სოციალიზაციისა და კომუნიკაციის გასაღებია. ვიღაცასთან საკვების გაზიარება ნდობას აჩენს, ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან, იწყებენ ურთიერთობას.“

როგორც უამრავი კულინარისთვის, მომხმარებლის აზრი ლუკასთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა ინდივიდუალურ აზრზე მეტად ხალხის ხმა აინტერესებს.
„კულინარიაზე და გემოს შეგრძნებაზე სუბიექტური არაფერია. შესაძლოა ერთმა პიროვნებამ ვერ შეაფასოს ადეკვატურად კერძი მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ მის გემოვნებაში არ ჯდება და ეს ბუნებრივიცაა. ჩემი მიზანია გავიგო ხალხის ხმა და ჩემი შემოქმედება საზოგადოებას და არა კონკრეტულ ადამიანებს მოეწონოთ.“

კულინარიის ინდუსტრიაში მადლიერების გამოხატვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ე.წ. “tip”-ების დატოვების კულტურა მნიშვნელოვნად მიმაჩნია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მომსახურე პერსონალს ხშირად ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და მადლიერების ამგვარი გამოხატვა მათთვის ხშირად სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასევე, კარგი იქნებოდა, “tip”-ები მზარეულებზე ნაწილდებოდეს, რადგან ისინიც არანაკლებ იხარჯებიან.“

თვლის, რომ მადლიერების გამოსახატავად კულინარიის სფეროში მომუშავე ადამიანისთვის უბრალო კომპლიმენტიც კი ხშირად დატვირთული დღის ნათელი წერტილია. მადლიერება მომსახურე პერსონალისა და მზარეულებისთვის მეტი მოტივაციის, გამბედაობისა და ენერგიის წყაროა.

ლუკამ 2020 წლის კულინარიული ტრენდებიც გაგვანდო:

„2020 წლის მნიშვნელოვანი ტრენდი წვნიანებია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნელ-ნელა ქართული „ფასტ-ფუდიც“ ვითარდება და მჯერა, რომ მალე ქართული კულინარია თეფშიდან ქუჩებში გადაინაცვლებს, რაც ძალიან მომწონს.“

კარგად ესმის, რომ კულინარიისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება და ამ სფეროთი დაინტერესებულთათვის მისი მთავარი რჩევა თავდაუზოგავი შრომაა.

„კულინარობა ნიშნავს მთელი დღის განმავლობაში სამზარეულოში დამღლელ მუშაობას, ხშირად მეგობრების ვერ ნახვას, გამოფიტულობას. თუ თავაუღებელი შრომის ხიბლს ვერ ხედავ, მზარეულობა შენი არ არის.“

რუბრიკის ავტორები

თამარი კიზივაძე

თამარ ჩხარტიშვილი