თვითიზოლაცია: დღე 5 – ტატო რუსია

თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება

მეხუთე დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. გადაწყვეტილების მიღება მომიწია მაშინ, როდესაც დავფიქრდი, რომ შეიძლება მე ვირუსმა არაფერი დამაკლოს, მაგრამ ჩემს ხანშიშესულ ბებიას დიდი საფრთხე შეუქმნას.

თავიდან ეს აზრი თვითიზოლაციის შესახებ სადღაც ტივტივებდა გონებაში და ყურადღებას არ ვაქცევდი, თუმცა როგორც კი მივხვდი, რომ მდგომარეობა ბევრად სერიოზულია ვიდრე ეს ზედაპირულად ჩანს, გადავწყვიტე დავრჩენილიყავი სახლში.

ვითვალისწინებ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას. არ გავდივარ სახლიდან, ვანიავებ ოთახებს, ხშირად და დიდხანს ვიბან ხელებს, მაღაზიაში თუ მიწევს წასვლა გავდივარ ხელთათმანებითა და სანიტაიზერით და არ ვთესავ უაზრო პანიკას. ყოველშემთხვევაში ვცდილობ. 

მენტალური ჯანმრთელობა

ზოგადად ექსტროვერტი ვარ და მუდამ მჭირდება კომუნიკაცია, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ შემცირებული იყო ზემოთ ხსენებული. შესაბამისად, იზოლაციას მზად დავხვდი. არ ვიცი რა ვურჩიო ადამიანებს, რომლებიც ვერ უმკლავდებიან სიმარტოვეს – დაურეკეთ მეგობრებს, ელაპარაკეთ ვიდეო თვალით, თხოვეთ, რომ გიმღერონ, არ მოიწყინოთ, პიანინოზე ისწავლეთ 12 Bar Blues ის დაკვრა. პიანინო თუ არ გაქვთ ივარჯიშეთ, ბევრი არ ჭამოთ და რესურსები დაზოგეთ.

MokuMoku 

MokuMoku, შეიძლება ითქვას, რომ კარგ ფეხზე ჩამოვედით გერმანიიდან. მოგეხსენებათ, ტური გვქონდა გერმანიის სამ ქალაქში, სანამ სიტუაცია გამძაფრდებოდა. გაფრენა დიდი რისკი იყო თუმცა, გაგვიმართლა და ჯანმრთელები დავბრუნდით.

გეგმაში გვქონდა მუსიკის შექმნა, რეპეტიციები, კონცერტების დაგეგმვა. ჯერჯერობით ეს ყველაფერი გაჩერებულია. ვუფრთხილდებით ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.  არც ერთი ჯილდო და არც ერთი მიღწევა ნებისმიერ სფეროში საყვარელი ადამიანების სიცოცხლედ არ ღირს. ამაზე ერთსულოვნად ვთანხმდებით ბენდში.

ისე კი, თვითიზოლაციაში ყოფნა პირდაპირ ურტყამს ჩემს პროფესიას. მუსიკოსი ვარ, მაშასადამე ჩემი შემოსავალი არის პირდაპირ დამოკიდებული კონცერტებზე და ღონისძიებებზე, რომლებიც ჩვენივე ინიციატივით გავაუქმეთ თავის დროზე. თავიდან ეს დამსაქმებელს პრობლემად მიაჩნდა, თუმცა ახლა უკვე ყველა ითვალისწინებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. შეიძლება ეს დიდად არ უნდოდეთ, მაგრამ სხვა გზა არც აქვთ.

განთავისუფლებული დრო

ნამდვილად ბევრი დრო განმითავისუფლდა. ჩემი ფართო ინტერესებიდან გამომდინარე ვცდილობ, მივიღო ბევრი ინფორმაცია ინტერნეტიდან. მუსიკალური თეორია, ტექნოლოგიური საკითხები, სამეცნიერო ბლოგები.

ვცდილობ, ვუყურო უფრო მეტ ფილმს. როგორც იქნა დამიბრუნდა “მუღამი” ფილმების ყურების. ასევე, როდესაც აღარ მინდა არანაირი შეხება კომპიუტერთან, ვიქექები ძველ კარადებში, ვიხსენებ ბავშვობას, ვათვალიერებ სურათებს, ჩემს ძველ ნივთებს, დღიურებს. მაგალითად, ამას წინად აღმოვაჩინე ჩემი პირველი “ქრაშის” ჯესიკა ალბას ძალიან კარგი პლაკატი.  მეორე მხარეს ლუიშ ფიგუ ეხატა, ასე ვატყუებდი მშობლებს თითქოს ფიგუს პონტში მქონდა ეს პლაკატი , ჰეჰეჰე.

მუსიკა

ბევრი მუსიკა აღმოვაჩინე საკმაოდ. როგორც იქნა კარგად ჩავუჯექი The Voidz ის შემოქმედებას. ასევე აღმოვაჩინე Skatting Polly, მშვენიერი თანამედროვე გრანჟი. ასევე, გამოვიდა jay electronica-ს ალბომი A Written Testimony

ვისაც ჰიპ ჰოპი გევასებათ გირჩევთ.

აღმოვაჩინე Camping In Alaska. 16 წლის ასაკში რომ მცოდნოდა ეს ბენდი, ალბათ ყველაზე ბედნიერი Emo ბავშვი ვიქნებოდი. თუმცა, სამწუხაროდ უკვე დიდი ვიყავი, როდესაც მათი ალბომი Please Be Nice გამოვიდა. ახლა როცა ვისმენ მათ მუსიკას, ისევ 16 წლის ვარ და ისევ Sappy Emo ვხდები.

აღმოვაჩინე ის პონტი ერთ Tab-ში რომ უნდა ჩართო LCD Soundsystem-ის  New York I love you და მეორე Tab-ში Miles davis-ის  ‘Ascenseur pour l’Echafaud”

ამ დროს უცებ ერთ Tab-ში ჰიფსტერი მე და მეორე თაბ-ში ელიტისტი Jazz headი მე ვისმენთ ამ ორი უკარგესი ადამიანის დუეტს .

Honorable mentions: Ichika Nito, American Football, Swans.

წიგნები

წიგნებიდან ამჟამად ვკითხულობ ერიკ აქსლ სუნდის წიგნს “ყვავი გოგონა” საწოლთან რომ მიდევს ისეთი წიგნია. ნელა ვკითხულობ რაღა დაგიმალოთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე დავამთავრებ და გადავალ Homo Faberზე.

კინო

დენი ბოილის “28 დღის შემდეგ” არის ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ფილმი და, რა თქმა უნდა, როდის თუ არა ამ დროს გადავწყვიტე მისი თავიდან ნახვა, ასევე მივაყოლე სიქველიც.

მეგობრის რეკოენდაციით ვუყურე ჯარმუშის only lovers left alive-ს, რომლის ნახვაც დიდი ხანი მინდოდა. ყველას გირჩევთ, ვისაც არ გინახავთ Bojack Horseman-ს და walking dead-ს.

მიზნად დავისახე ვუყურო ედგარ რაიტის ყველა ფილმს. კორნეტოს სამეულის დიდი მოყვარული ვარ ( haun of the dead, Hot Fuzz, World’s end), თუმცა არ მინახავს მაგალითად Baby Driver, და ამას აუცილებლად ვგეგმავ. ასევე, კიდევ ერთხელ ცხოვრებაში ვუყურებ Shaun of the Dead-ს.

***

ბოლოს რა დავამატო არ ვიცი, მაგრამ იყავით ჯანმრთელად. ვირუსი არ არის თავის გამართლება რასიზმის, ან მსგავსი სახის სიძულვილისთვის. ადამიანები ერთი მოდგმა ვართ და ერთმანეთი უნდა გავიტანოთ, მეგრელებივით.

P.S. გადავრჩებით აბა რას ვიზამთ !