თვითიზოლაცია: დღე 4 – მარიამ მათიაშვილი

თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება

15 მარტს საგასტროლო მოგზაურობიდან ნაადრევად დავბრუნდით. საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო, თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა თვითიზოლაცია, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთს აღენიშნებოდა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომი.

ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენი ოჯახის და გარშემომყოფების დასაცავად. უკვე მეოთხე დღეა,რაც სახლში ვიმყოფებით.

განთავისუფლებული დრო

საუბარი, ფილმები, სერიალები, კულინარია, ვარჯიში, სხვადასხვა თამაშები და წიგნები გვეხმარება დროის გაყვანაში. ჯერ არ ვიწყენთ, თუმცა ჩვენი აქტიური რეჟიმიდან გამომდინარე ოთხ კედელში ყოფნა მაინც რთულია. ვთვლი, რომ საწუწუნო არაფერი გვაქვს, რადგან რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელად ვართ და ყველაფერი კარგად არის. 

ცეკვა

პროფესიული საქმიანობით კუთხით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეჩერებულია მანამ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება და კონტროლს არ დაექვემდებარება. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველას სიფრთხილე გვმართებს. ისე კი, მაქსიმალურად ვცდილობთ რეკომენდაციების გათვალისწინებას. ვიცავთ ყველა წესსა და გაფრთხილებას. 

პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიზიარებ

ვფიქრობ, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ვირუსის გავრცელება. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე არ უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიფიქროთ გარშემომყოფებზე და ჩვენს საყვარელ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება პრობლემები შეექმნათ ჩვენი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო. 

მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, მოგზაურობას. ისე კი, ვისაც თვითიზოლაციის საჭიროება აქვს ესეც არ არის პრობლემა. ორი კვირა ყველას შეგვიძლია, რომ გავიჭირვოთ და დავკავდეთ იმ სხვადასხვა საქმით, რისი გაკეთების სურვილიც აქამდე გვქონდა და დროის უქონლობის გამო არ დაგვცალდა.

მთავარია ვმობილიზდეთ ყველა ერთად, სერიოზულად მივუდგეთ მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას.

ჩვენი საღი აზრით, მონდომებით და ერთობით შევძლებთ ამ ურთულესი სიტუაციის დაძლევას.

ყველას ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ.