არმანიმ და სხვა იტალიელმა მილიარდერებმა $28 მილიონი გაიღეს პანდემიასთან გასამკლავებლად

მსოფლიოს გარშემო მილიარდელები ერთიანდებიან გავრცელებულ კორონავირუსთანა და იმ ზარალთან გასამკლავებლად, რომელიც COVID-19-მა გლობალურ ეკონომიკას მოუტანა. მიუხედავად ამისა, იტალიელმა მილიარდელებმა გადაწყვიტეს, რომ ფოკუსირდნენ, არათუ გლობალურ, არამედ ლოკალურ მასშტაბებზე. არსებული მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 41 035-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 3 405-ს მიაღწია.

კორონავირუსის გამო მაცხოვრებლები უკვე მეორე კვირაა, რაც აღარ გამოდიან სახლებიდან. აღნიშნულმა დიდი დარტყმა მიაყენა იტალიის ეკონომიკასაც, სადაც უმთავრეს საექსპორტო პროდუქციას მოდის ინდუსტრია აწარმოებს.

მოდის ლეგენდა ჯორჯო არმანიმ დაახლოებით 1.4 მილიონი დოლარი შესწირა მილანსა და რომში არსებულ საავადმყოფოებს, ასევე, იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს, რომელიც კოორდინირებას უწევს ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულ ზომებს. ფარმაცევტულმა გიგანტმა – Menarini-მ, რომლის მფლობელიცაა მილიარდელი მასიმილიანა ლანდინი ალეოტი, ფლორენციაში არსებულ საწარმოში გამოჰყო სპეციალური ფართი, სადაც მოხდება დეზინფექციურ გელთა დამზადება.

„რაც ყველაზე მეტად გვადარდებს, ეს არის ადამიანთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიტიკული მდგომარეობა, ამ მხრივ არსებული კრიზისები, რომლებიც არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს. ახლა რთულია იმის შეფასება, თუ რა გავლენა ექნება ამ მოვლენებს ეკონომიკაზე გრძელ ვადაში. მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ახალი შესაძლებლობები კრიზისის ყველაზე მძიმე მომენტებიდან იბადება.“ -აცხადებს ჯორჯო არმანი Forbes-თან საუბრისას.

გარდა ზემოხსენებული მილიარდელებისა, დონაციის სახით გასცა თანხა სპორტული ბრენდის – Moncler-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რემო რუფინიმ, რომლის მიერ გაღებული თანხაც 10.9 მილიონ დოლარს უტოლდება.

საერთო ჯამში, იტალიელმა მილიარდელებმა, თებერვლიდან მოყოლებული, საავადმყოფოებს 28 მილიონ დოლარზე მეტი შესწირეს.