როგორ ვიქცევით საგანგებო მდგომარეობისას

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარდგინებით მიმართა, რათა საქართველოში 1 თვის ვადის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას ხელი ასევე უნდა მოაწეროს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, შემდეგ კი ბრძანება დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც გულისხმობს, რომ კორონავირუსული ეპიდემიის გამო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული იქნებიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას და მიზნად ისახავენ ვითარების სწრაფ ნორმალიზაციას – ამ დროს შეიძლება შეიზღუდოს რიგი კონსტიტუციური უფლებებიც.

დღეისთვის კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აშშ-ში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (ეპანეთი, ჩეხეთი, ლატვია და ა.შ.) და სხვა.

რა იზღუდება საგანგებო მდგომარეობის დროს?

  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები;
  • საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები; ასევე ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
  • საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
  • იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანისაგნ შემდგარი თავყილობა;
  • მთავრობას ეძლევა უფლება, კერძო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
  • მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა, შეიმუშავოს განათლების შესახებ კანონისგან დადგენილი წესების განსხვავებული წესები;
  • საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზება;
  • საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;
  • ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას;

სამართალდამცავმა ორგანოებმა, საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:

  1. კომენდანტის საათის შემოღებას;
  2. სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას;
  3. ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას;
  4.  შეზღუდვები არ შეეხება მედიას.

კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში.

თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

შეგახსენებთ, დღეისთვის კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა ასევე გამოცხადებულია აშშ-ში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (ეპანეთი, ჩეხეთი, ლატვია და ა.შ.) და სხვა.