5 რჩევა – როგორ მოვიქცეთ ვირტუალური გასაუბრების დროს

ვინაიდან, კორონავირუსი ჩვენს პროფესიულ ცხოვრებასაც ცვლის, აღმოჩნდა, რომ ადამიანური რესურსების სპეციალისტების უმეტესობა ასეთ პირობებში პირად შეხვედრებს ტელეფონით ან ვიდეოს საშუალებით ატარებს. თუ თქვენც ვიდეო გასაუბრებისთვის ემზადებით, ქვემოთ მოცემულია 5 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

შეამოწმეთ თქვენი ინტერნეტის კავშირი

სასურველია, შეამოწმოთ თქვენი ინტერნეტის სიჩქარე, რათა უზრუნველყოთ თქვენი კავშირის შეუფერხებლად გადაცემა. ასევე კარგი იდეაა, ჩამოტვირთოთ შეხვედრების ვირტუალური აპლიკაციები, რომლებიც გამოიყენება ინტერვიუების ჩასატარებლად, მაგალითად, Microsoft Teams და Google Meet, რომლებიც ამჟამად უფასოდაა ხელმისაწვდომი.

მოამზადეთ სივრცე თქვენი გასაუბრებისთვის

თუ გასაუბრება სახლიდან გაქვთ დაგეგმილი, შეარჩიეთ მშვიდი, კარგად განათებული სივრცე, ნეიტრალური ფონით, სადაც თქვენი ოჯახის წევრები ხელს არ შეგიშლიან. ასევე, თუ ეს შესაძლებელია, გასაუბრების დროს შინაური ცხოველები სხვა ოთახში გაიყვანეთ. გამორთეთ თქვენი ტელეფონის და კომპიუტერის შეტყობინებები.

ჩაცმულობა

მნიშვნელოვანია, ჩაიცვათ ისე, როგორც პირადად შეხვედრის დროს აპირებდით. ამის გაკეთება არა მხოლოდ იმაში დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ, არამედ კარგ შთაბეჭდილებასაც მოახდენთ ეკრანის მეორე მხარეს მყოფ პიროვნებაზე. სასურველია არ ჩაიცვათ ნათელი ფერის ტანსაცმელი. ასევე, ნუ გაიკეთებთ დიდი ზომის ძვირფასეულობას.

მოემზადეთ წინასწარ

მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად გაიარეთ გასაუბრების რეპეტიცია, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ. სთხოვეთ თქვენს ახლობლებს, რომ თავიანთი აზრი გაგიზიარონ. არ დაიზეპიროთ თქვენი პასუხები.

იყავით ბუნებრივი და მომთმენი

გახსოვდეთ, რომ თქვენმა დამსაქმებლებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და ფიზიკურად ოთახში ერთად ვერ იქნებიან -შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა იმაზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. გასაუბრების დასრულების შემდეგ, თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს მადლობა გადაუხადეთ.

წყარო: FastCompany