თვითიზოლაცია: დღე 6 – თედო რეხვიაშვილი

თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება

15 მარტს ჩამოვფრინდი ნიუ-იორკიდან და ჩამოსვლისთანავე იზოლირებული სახლი დამახვედრეს მეგობრებმა. მარტო ვარ მეოთხე დღეა. ჩემთვის რეკომენდაცია არავის გაუწევია, რომ თვითიზოლაციაში ვყოფილიყავი, აეროპორტიდან სახლში მარტივად გამომიშვეს, რადგან არანაირი სიმპტომი არ აღმენიშნებოდა. ჩემით მივიღე ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში ოჯახის წევრებთან უნდა მქონოდა შეხება, ამიტომ არ გავრისკე.

რაც შეეხება საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებას, უცხოურ ცნობებს არ ვენდობი. მე თვითონ დავაფიქსირე, რომ ნიუ-იორკში ძალიან გვიან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რითიც ძალიან დააშავეს. ამდენი ტურისტის ფონზე, ასეთი დაგვიანებული არ უნდა ყოფილიყო მათი პასუხი. მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ ღირსეულად ართმევს თავს ამ მძიმე პერიოდს.

თავისუფალი დრო

დილიდან საღამომდე უამრავ რამეს ვაკეთებ: წიგნს ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ, ფილმს ვუყურებ, მეტწილად ვხატავ. ამჟამად ვკითხულობ მარტინ ჰაიდეგერის ,,რა არის ეს – ფილოსოფია?”

რაც შეეხება კინოს, უამრავ ფილმს ვუყურე ამ მოკლე დროში. ახლა დევიდ ლინჩის ფილმებს ვუყურებ.

მუსიკა

ამ პერიოდში ძირითადად ვუსმენდი Ben Lucas Boysen-ს, Max Richter-ს, Arvo Part-ს და Peth Metteniy-ს.

ხატვა

ხატვის კუთხით, ნიუ-იორკში დაწყებულ პროექტის სერია ,,X”-ს ვაგრძელებ. პროექტი ჩვენს რეალობაზეა, მატერიალური და ირაციონალური სამყაროს კავშირს ეხება.

თვითიზოლაციამ ხელი არ შემიშალა, პირიქით, დამეხმარა ჩემს შემოქმედებით პროცესში. პრობლემა იმაშია, რომ ხალხი აფორიაქებულია, თუ პანიკას არ მივეცემით, მსგავსი მდგომარეობის სასიკეთოდ გამოყენება ნამდვილად შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენებს მძიმე წელი მოყვება, ეს პრობლემა ახლა დღის წესრიგში არ დგას, ამიტომ შეგვიძლია დრო საკუთარ თავს დავუთმოთ.

Love Without Proximity | მხატვარი: თედო რეხვიაშვილი

სიახლე არაა ჩემთვის წიგნის კითხვა და მუსიკის მოსმენა, ეს პროცესი ისედაც ჩემი ყოველდღიურობა იყო. უფრო მეტად სიახლეს ჩემთვის ის წარმოადგენს, რომ საზოგადოებამ დაინახა თავისი ადგილი სოციუმში. მგონია, რომ სიყვარულს უფრო დიდი ფასი დაედო ადამიანის სოციალური ურთიერთობებიდან გამომდინარე. ურთიერთობის დეფიციტმა უფრო მკაფიოდ დაგვანახა ერთმანეთი, ვიდრე სხვა დროს ვამჩნევთ. ამიტომ, გარკვეულწილად საინტერესო პროცესი მიდის.

მარტო ყოფნასთან გამკლავება საერთოდ არ მიჭირს, ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიულად უნდა გრძნობდეს თავს, სწორედ ეს არის ახლა პრობლემა, მათთვის დისკომფორტია საკუთარ თავთან განმარტოება. თუ ამას მიაღწევ ადამიანი და ჰარმონიაში მოხვალ შენივე თავთან, პირიქით, ძვირფასი ხდება საკუთარ თავთან გატარებული დრო. უფრო მეტ ახალს აღმოაჩენ შენში და მეტს იგრძნობ. ფიზიკურ აქტივობასაც ვინარჩუნებ ვარჯიშის სახით.

რჩევის სახით დავამატებდი, რომ დავიცვათ ზოგადი წესები მოქალაქეებმა, ახლა არცაა სასურველი მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრო და გარისკო, რადგან უკან სხვების ჯანმრთელობა დგას.

ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოება ნელ-ნელა ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადოებად ყალიბდება. მგონია, რომ ვსწავლობთ და პატარა აღმოჩენებსაც ვაკეთებთ. არც ისეთი ცუდები ვართ როგორებიც გვგონია საკუთარი თავიც და სხვებიც. ვფიქრობ, ამ პრობლემას დავძლევთ და პასუხი ალბათ ისევ სიყვარულშია.