თვითიზოლაცია: დღე 17 – ნინა სუბლატი

თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება

თვითიზოლაციაში უკვე 17 დღეზე მეტია ვარ. სამწუხაროდ ჩემი ოჯახის წევრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს და იმის მიუხედავად, რომ გადადების შანსი მინიმალური მქონდა, მაინც გადავწყვიტე, რომ სახლაში დავრჩენილიყავი.

თვითიზოლაციაში მე და ჩემი პარტნიორი ვიყავით. ბოლო პერიოდში ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობდით, ამიტომ ეს დრო ორივემ ძალიან კარგად შევირგეთ. პირადად მე, ისედაც მიყვარს დროის სახლში, მშვიდად გატარება, მაგრამ ამ პერიოდში, რადგან უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, -პირველად გამოვაცხე ნამცხვარი და მოულოდნელად გემრიელი გამომივიდა.

ზოგადად, ვერიდები გადაკოცნებს, ვინმესთან მოკლე დისტანციაზე ყოფნას. რადგან გადაღებებზე მიჩვეული ვარ რომ მაკიაჟიან სახეს არ უნდა შევეხო, ამ რეკომენდაციის გათვალისწინება არ მიჭირს და ხელსაც ხშირად ვიბან. პირად შეხვედრებს ისედაც ინტერნეტის საშუალებით კონტაქტი მირჩევნია და ახლაც ასე ვიქცევი.

მუსიკა

სტუდია ისედაც სახლში მაქვს, ამიტომ მუსიკის კეთებაში ხელი არ მეშლება. რამდენიმე დამატებით საქმიანობას ვეღარ ვასრულებ, მაგრამ მთავარია ყველა ჯანმრთელად ვიყოთ, დიდად არ ვდარდობ.

თავისუფალი დრო

გუშინ კიდევ ერთხელ ვუყურე Me, myself and Irene და ბევრი ვიცინე. ასევე თავიდან ვუყურებ Avatar: the last airbender.

ძირითადად სულ ვკითხულობ, ამიტომ ამ 2 კვირის განმავლობაში შევეშვი.

ასევე, ძალიან მომწონს სამაგიდო თამაში “იმეჯინარიუმი”; განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთფეროვნება შემოგაწვება, მგონია რომ გონების გავარჯიშებისთვის კარგი საშუალებაა.

თავისუფალ დროს გირჩევთ მოუსმინოთ ამას:

ვფიქრობ, რომ…

საინტერესოა, რა რჩება ადამიანს მაშინ, როცა აღარ აქვს ის დატვირთული სამუშაო, რომელიც დღის ნახევარს და ხანდახან უფრო მეტსაც ართმევს. მგონია რომ შესანიშნავი დროა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გვინდა და რა მოგვწონს სინამდვილეში, ან რას გავაკეთებდით, მთელი დღე დაკავებულები რომ არ ვიყოთ. ვფიქრობ რომ ხანდახან ჩვეული გარემოსგან დისტანცირება აუცილებელია და კორონავირუსის გარეშეც ხშირად ვაკეთებდი ამას; ასეთ მომენტებში შეიძლება ბევრი სიახლე აღმოაჩინო, აზრი და დამოკიდებულება შეიცვალო საკითხებზე, მოვლენებზე ან ადამიანებზე და ზოგადად დარეფრეშდე. -ამიტომ ამ ნეგატიურ ამბავს, პოზიტიური მხარეც აქვს.

***

ზოგადად ვეწინააღმდეგები შიშს და პანიკას, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრი დაინფიცირდა იმის გამო, რომ სხვამ გამოიჩინა გულგრილობა ამ საკითხის მიმართ. ერთი ადამიანის ასეთმა საქციელმა დააინფიცირა ბევრი და მათ შორის შეიძლებოდა მეც ვყოფილიყავი. უცნაურიც კია, რომ ადამიანებს სჭირდებათ იმის შეგნება, რომ ერთი მთლიანი ორგანიზმი ვართ და როგორც საკუთარ თავს, ისე ერთმანეთს და გარემოს უნდა მოვუფრთხილდეთ.

ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია რაც გაგვაჩნია. ხანდახან, სანამ რაიმე ცუდი არ გადაგვხდება თავს, ამას ვერ ვაანალიზებთ, ვერ ვაფასებთ და სიცოცხლე გარანტირებული გვგონია. ამიტომ ყველას გისურვებთ ჯანმრთელად ყოფნას, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ეს რთული მომენტი მინდა რომ ჩვენთვის გარდამტეხი იყოს და პოზიტიური სიახლეები მოგვიტანოს.