ედ ო’ბრაიენი: დიდი ალბათობით კორონავირუსი მაქვს

ცნობილი ალტერნატიული როკ-ბენდის – Radiohead-ის გიტარისტის – ედ ო’ბრაიენის თქმით, იგი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

Uprox-თან ინტერვიუში ო’ბრაიენი აცხადებს, რომ მას უკვე ათი დღეა, რაც გრიპის სიმპტომები აქვს და ამავდროულად, დაკარგა ყნოსვისა და გემოს შეგრძნებებიც. „გასულ ღამეს Google-ში მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი კორონავირუსის კლასიკური სიმპტომებია.“ – ამბობს მუსიკოსი.

ო’ბრაიენი გააფრთხილეს, რომ მას ვერ ჩაუტარებდნენ კორონავირუსზე ტესტირებას, „რადგან ამისთვის საჭიროა, უფრო ასაკოვანი იყო“ – აღნიშნავს გიტარისტი. მიუხედავად ამისა, მუსიკოსი და მისი ოჯახი უელსში თვით-იზოლაციაში იმყოფებიან.
ჟურნალისტთან საუბრისას ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ იგი ახლა უკეთესად გრძნობს თავს და სიმშვიდეს ინარჩუნებს. „ჩემნაირებისთვის, ეს უბრალოდ გრიპის არასასურველი დოზაა. მიუხედავად ყველაფრისა, მე თავს არ მივიჩნევ საფრთხეში მყოფად.“- განაცხადა ო’ბრაიენმა.