ჩინეთში 500-ზე მეტმა კინოთეატრმა ფუნქციონირება განაახლა

კორონავირუსის საფრთხის შემცირებასთან ერთად ჩინეთში აქამდე დახურულმა 500-ზე მეტმა კინოთეატრმა ფუნქციონირება განაახლა. მიუხედავად ამისა, კინოს ბილეთებზე მოთხოვნა მინიმალურია, ვინაიდან, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სახლში დარჩენას ამჯობინებს.

ჩინეთის ადგილობრივი მედია CGTN იტყობინება, რომ ჩინეთში, 20 მარტის მონაცემებით, 486-მა დაწესებულებამ განაახლა მუშაობა, 23 მარტისთვის კი აღნიშნული რიცხვი 507-მდე გაიზარდა. ჩინური კომპანია Maoyan, რომელიც მომხმარებელს ბილეთების შეძენისას უწევს მომსახურებას, ავრცელებს მონაცემებს, რომლის თანახმადაც, კინოთეატრები, ამჟამად, ჩინეთის 5 პროვინციაში ფუნქციონირებენ. ეს პროვინციებია: სინძიანი, შანდუნი, სიჩუანი, ფუძიანი და ჰონგ კონგის მოსაზღვრე გუანდუნი.

მონაცემების თანახმად, 20 მარტს კინოთეატრებიდან მიღებულმა საერთო შემოსავალმა, სახელმწიფო მასშტაბით, 2000 დოლარზე ნაკლები შეადგინა. ამავდროულად, ფუძიანსა და გუანდუნში ერთი ბილეთიც კი არ გაყიდულა.