რაიან ვიდემენი – ტაქსისტი, რომელმაც 30 წელი მგზავრების ფოტოგრაფირებას მიუძღვნა

1980 წელს დამწყები ფოტოგრაფი რაიან ვიდემენი ქუჩის ფოტოგრაფის სახელის მოსახვეჭად ნიუ-იორკში ჩავიდა. მას განათლება „კალიფორნიის უნივერსიტეტში“ ჰქონდა მიღებული და შთაგონებას იღებდა ისეთი ფოტოგრაფებისგან, როგორებიც არიან ლი ფრიდლენდერი და მარკ კოენი. თუმცა, რაიანი მალევე მიხვდა, რომ ფოტოგრაფობით საკმარის ფულს ვერ იშოვნიდა და ოცნებებზე უარის თქმა მოუწია. ერთ დღესაც, მან მეზობლის დახმარებით ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა.

80-იანების მანჰეტენი მაგნიტივით იზიდავდა ღამის ცხოვრების მოყვარულ ადამიანებს. ყოველ ღამე ვიდემენს უწევდა მორგებოდა ქალაქის შეშლილ რიტმს, რომელშიც ყოველი ადამიანი გამოირჩეოდა თავისი ინდივიდუალურობით. ღამის საათებში მუშაობის ერთი კვირის შემდეგ, მან გადაწყვიტა ჰობი და სამსახური ერთმანეთთან დაეკავშირებინა და დაიწყო მგზავრების ფოტოგრაფირება. ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მანქანა, რომელიც თითქმის ყოველი ადამიანისთვის უბრალოდ სატრანსპორტო საშუალებაა, ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მოძრავ ფოტოსტუდიად გადაიქცა. საღამოს ხუთი საათიდან გათენებამდე, ვიდემენი ფოტოკამერით ხელში ელოდა ყველაზე გამორჩეულ მგზავრებს, მათი უჩვეულო და ექსტრავაგანტული ბუნების გადმოსაცემად.

საბოლოოდ, უბრალო ჰობი დიდ ხელოვნების პროექტად გარდაიქმნა, ფოტოების ავტორმა მგზავრების ფოტოები ერთ კოლექციაში გააერთიანა და „ჩემი ტაქსი“ დაარქვა. მის ობიექტივში რამდენიმე ცნობილი ადამიანიც მოხვდა, მაგალითად ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ახლა „ბრუკლინის მუზეუმს“ ეკუთვნის, გამოსახულია ბიტნიკთა თაობის წარმომადგენელი, პოეტი ალენ გინზბერგი.

30 წლის განმავლობაში ვიდემენმა რამდენიმე ათასი ფოტო დააგროვა. „ბრუკლინის მუზეუმის“ გარდა, ფოტოგრაფის კოლექციის ნაწილი ინახება „ჩიკაგოს ხელოვნების ინსტუტუტში“ და „ოკლენდის მუზეუმში“.

Ryan Weideman, Courtesy Bruce Silverstein Gallery

წყარო: My Modern Met