თვითიზოლაცია: დღე 12 – მიშა ჩარკვიანი

თვითიზოლაციაში ყოფნის გადაწყვეტილება

12 დღის წინ გადავწყვიტე სამყაროსგან იზოლირება, ჯერაც არ გამოეცხადებინათ საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ეს იმდენად მოსალოდნელი იყო, რომ ჩემი მეგობრის სოფელში გადავწყვიტე წასვლა, ბინაში ჯდომას ეს ვარჩიე.

თვითიზოლაციაში ხუთნი ვართ, მე, ჩემი მეგობარი, მისი მეუღლე და ორი ბავშვი. დროს ძირითადად სეირნობაში ვატარებ, დაუვიწყარ პეიზაჟებში მიმაქვს წიგნი, პლედი, მივდივარ და ვკითხულობ ან უბრალოდ მძინავს. ვკითხულობთ პიესებს, დარჩენილ დროს ვატარებ ტელევიზორთან და თვალს ვადევნებ ინფექციის დინამიკას. ვუყრებ ფილმებს, სპექტაკლებს, ვუსმენ ოპერას და ვესწრები გერმანულის ონლაინ გაკვეთილებს.

ვითვალისწინებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას, მიუხედავად იმისა რომ უკაცრიელ ადგილას ვიმყოფებით და იქნებ არც იყოს საჭირო ამხელა მონდომება.

მენტალური ჯანმრთელობა

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებასთან ახლოს ვარ და ჩემს ბინაში არ ვარ გამოკეტილი, ვერ გეტყვით რომ ფსიქიკასთან გამკლავება მარტივი საქმეა. ძალიან დაძაბული ვარ და ვერ ვართმევ თავს მაინც და მაინც კარგად ნერვულ შემოტევებს, იმდენი დრო გამიჩნდა აღარ ვიცი რა გავაკეთო, მეც ისე ვართმევ თავს, როგორც ყველა, რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი არ მაქვს, ვცხოვრობ და ველოდები უკეთეს მომავალს, რომელიც მჯერა, დიდხანს არ დააყოვნებს!

პროფესიული საქმიანობა

კორონავირუსის გამო ჩემი სარეპეტიციო პროცესი შეწდა, <<თეატრში ათონელზე>> აუგუსტ სტრინდბერგის <<პელიკანს>> ვდგამ შესანიშნავ სამსახიობო და საავტორო ჯგუფთან ერთად, რომლის პრემიერაც 24 და 25 აპრილს იგეგმებოდა, სამაგიდო რეპეტიციებს მოვრჩი, ის ის იყო დადგმას ვიწყებდი, რომ გავჩერდით, არასოდეს დამმართნია აქამდე ასე, რამე მიზეზით არ გაწყვეტილა ჩემი რეპეტიციები და ძალიან გამიჭირდა ამის გაანალიზება. პროფესიულ საქმიანობაში ხელი შემეშალა, სპექტაკლის დადგმა შევწყვიტე გარკვეული დროით, ახლა სხვა პიესებს ვკითხულობ, ვცდილობ არ გავჩერდე და მოვიფიქრო როგორ ვიმუშავო დისტანციურად, როგორ გამოვიყენო მოცემული ვითარება თეატრისთვის. ამავდროულად ვაკეთებ პოდკასტების სერიას >>ღია სივრცისთვის<<, სადაც ჩვენი გუნდის წევრები, სახლში დარჩენილ ადამიანებს იმ ავტორებს ვუზიარებთ, რომლებიც ჩვენს იზოლაციას უფრო გასაძლებს ხდიან. სულმოუთქმელად ველოდები გასაუბრებას კინოცენტრის ჟიურისთან, რომელიც ახლა სხვა მოკლემეტრაჟიანი კინოს სცენარებთან ერთად, ჩემი პირველი ფილმის, “ქეთინოს” სცენარს განიხილავს.

მუსიკა

ძირითადა ოპერას ვუსმენ ამ დღეებში, გარდა იმისა რომ მიყვარს ოპერა, ინტერნეტში, დრამატული თეატრალური დადგმებისგან განსხვავებით, მარტივად იპოვით შესანიშნავი ევროპელი რეჟისორების საოპერო დადგმებს. ვნახე მოცარტის “ფიგაროს ქორწინება” – რეჟ. კრისტოფ მარტალერი, ქერუბინის “მედეა” – რეჟ. კრისტოფ ვარლიკოვსკი, ჰენრი პერსელის  “მირანდა” – რეჟ. კეიტი მიტჩელი და მრავალი სხვა.

ამოვიჩემე გერმანული სიმღერა “Still ruht der See”, რომლის ქართული, შესანიშნავი ვერსია გვაქვს “სძინავს ტბას” (იგივე “რატილი”) ორივეს ვუსმენ ყოველ საღამოს, ქართულსაც და გერმანულსაც, ძალიან სევდიანი საღამოები გამოდის.

წიგნები

ვკითხულობ მილან კუნდერას “ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს”, დიდი ხნის წინ მაჩუქა ეს წიგნი მისი არ წაკითხვით ძალიან გაკვირვებულმა ჩემმა მეგობარმა და ვერაფრით მივაღწიე იქამდე რომ წამეკითხა. ძალიან კარგი წიგნია, ავტორი ძალიან საინტერესოდ ჰყვება ამბავს კაცზე, რომელმაც საკუთარ პიროვნებაში გასარკვევად “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” უნდა შეიგძნოს. ამ კაცის, ტომაშის, მოტორული ფრაზა “Einmal ist keinmal” (გერმ: რაც ერთხელ მოხდა, ის არ მომხდარა) მოულოდნელად შეგვახსენებს ხოლმე თავს და გმირის ლოგიკას სრულიად გასაგებს ხდის.

კინო

ბევრი ფილმი ვნახე, ძირითადად ტელევიზიით, ვაპირებ ვნახო ქართველი რეჟისორების ფილმები, რომლებიც მათ ხელმისაწვდომი გახადეს თვითიზოლაციის შესამსუბუქებლად, რაც ძალიან დასაფასებელი საქციელია. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ამ 12 დღის განმავლობაში ნანახი ფილმებიდან, მოახდინეს როი ანდერსონის ფილმებმა “ჩიტი იჯდა ხეზე, ფიქრობდა ცხოვრებაზე” და “უსასრულობის შესახებ”. პირველი როი ანდერსონის ტრილოგიის დასკვნითი ნაწილია, გირჩევთ ნახოთ, ეს საოცარი ფილმი, იმედი მაქვს თქვენზეც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. “უსასრულობის შესახებ”, უცნაური ნამუშევარია, ის არ ცდილობს მოგნუსხოს საკუთარი სიუჟეტით, არამედ უსასრულობაში გეპატიჟება და თავისი კარგად შენიღბული იუმორით, ანდერსონისთვის დამახასიათებელი საოცარი კადრებით, უცნაურ სამყაროში გითრევს.

სამაგიდო თამაშები

ონლაინ ვთამაშობთ ქალაქობანას, ან მუნჯურად წინადადების ახსნას და ბევრ სხვას, მაგრამ გირჩევთ “Sea Battle”-ს იგივე “ჩაძირობანა” ბავშვობიდან მიყვარს ეს თამაში, აპლიკაცია არსებობს როგორც IOS-სითვის, ისე ანდროიდებისთვის, უკავშირდება ფეისბუქს და შეგიძლიათ მეგობრებს ეთამაშოთ, მე ძალიან ვერთობი.

***

ძალიან ვღელავ იმ ადამიანებზე, რომლებსაც სხვა გზა არა აქვთ, უნდა იმუშავონ და ვერ ახერხებენ თვითიზოლაციას, რადგან საკუთარ მოვალეობას ასრულებენ ან ცდილობენ საარსებო მინიმუმი შეინარჩუნონ, ძალიან ძვირფასია თითოეული მოხალისე, რომელიც ეხმარება საჭიროების მქონეთ, ხოლო მათ ვინც არაფრად აგდებს მსოფლიო ტრაგედიას, ვურჩევ მეტი იფიქრონ, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.

ჩემი აზრით ახალი საუკუნე, დაიწყო ახლა, აქამდე ისევ მეოცე საუკუნე იყო. სამყარო უკვე შეიცვალა და აღიდგენს საკუთარ ძალებს, ფუნქციებს, ჩვენგან მიღებულ ჭრილობებს მოიშუშებს და სამუდამოდ გამოიცვლება, ვისურვებდი რომ ის არ იყოს ისეთი სასტიკი, როგორებიც ჩვენ ვიყავით მის მიმართ.

ვირუსის გარდა ძალიან მაშინებს ის ეკონომიკურ კატასტროფა, რომელიც სამყაროს ჯერ კიდევ წინ აქვს, წარმოუდგენლად მძიმე იქნება ეს ჩვენნაირი ღარიბი სახელმწიფოსთვის, ველოდები ადეკვატურ ნაბიჯებს სახელმწიფოსგან და იმედი მაქვს, ამ უმძიმეს მდგომარეობაში უფრო მეტად დაიტვირთავენ თავს პასუხისმგებლობის გრძნობით საკუთარი სახელმწიფოს წინაშე.

#დარჩისახლში