როგორ შევადგინოთ ეფექტური გრაფიკი სტრესულ დროს

ნორმალურ პირობებში გრაფიკის შედგენა კარგი საშუალებაა სიმშვიდისა და წესრიგის შესანარჩუნებლად. ისეთი განსხვავებული ვითარების დროს, როგორშიც ახლა აღმოვჩნდით, განრიგის დაგეგმვა და მისი ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტიულობისათვის.

ყველაფერი, რაც აქამდე თქვენი გრაფიკის მთლიანობას უზრუნველყოფდა, პრაქტიკულად გაქრა. ახლა თავადვე უნდა ააწყოთ სხვადასხვა აქტივობებით გაჯერებული დღის განრიგი.

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ამ სტრესულ სიტუაციაში თქვენი დრო სწორად მართოთ:

ძილი

სტრესული სიტუაციისა და გადაჭარბებული ნეგატიური ინფორმაციის ფონზე არსებობს მაღალი რისკი, რომ თქვენი ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი სამუშაო/სასწავლო დრო შეიზღუდა.

მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ თქვენი გაუარესებული ძილის რეჟიმი არ იქცეს ერთგვარ რუტინად და რეალობად. სწორი ძილის გრაფიკი ზრდის როგორც თქვენ პროდუქტიულობასა და ნაყოფიერებას, ასევე ინარჩუნებს თქვენს დადებით განწყობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. იმისთვის, რომ თქვენთვის სათანადო ძილის გრაფიკი შეარჩიოთ, პირველ რიგში, დაადგინეთ თუ როდის გიწევთ მუშაობის დაწყება შემცირებული ვალდებულებების გათვალისწინებით. მაგალითად, თუ თქვენი დღე იწყება დაახლოებით დილის 6-7 საათისთვის, დაგეგმეთ რომ წახვიდეთ დასაძინებლად არაუგვიანეს ღამის 11 საათისა. მეტიც, თუ გეგმავთ, რომ დაძინებას 11 საათისთვის აპირებთ, 1 საათით ადრე დაიწყეთ ამისთვის საკუთარი თავის მომზადება და დაახლოებით 10 საათისთვის გამორთეთ ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი და მიეცით თავს მოსვენების საშუალება.

სამუშაო

გირჩევთ, რომ მაქსიმალურად მიამსგავსოთ თვენი სამუშაო გრაფიკი თქვენს საოფისე განრიგს და ნუ შეიტანთ მნიშვნელოვან ცვლილებებს მასში. მაგალითისთვის, დაიწყეთ და დაასრულეთ სამუშაო იმ დროს, როგორც ამას აკეთებდით ნორმალურ პირობებში. ამასთანავე, შეინარჩუნეთ ის გარემომცველი საქმიანობები და ჩვევები, რითაც რეგულარულად იყავით დაკავებული. მაგალითად, ლანჩი შესვენებისას – დაუკავშირდით ვიდეოზარით იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ატარებდით შესვენებისა თუ ლანჩის პერიოდს, ნუ დაარღვევთ ყოველდღიურ ჩვევებს.

თქვენს გონებას კარგად აქვს ნასწავლი ერთი და იგივე ქცევის მოდელი, რასაც მუდმივად აკეთებთ. უკვე შემუშავებული მეთოდები გონებას არ ტვირთავს ზედმეტად, რადგან ეს მისთვის კარგად ნაცნობ, შესწავლილ გზებს წარმოადგენს, ვიდრე ახალი ჩვევების ჩამოყალიბება და ამით კიდევ უფრო სტრესულ სიტუაციაში ჩავარდნა, ამიტომ, რაც შეიძლება გვიან და ნელა დაიწყეთ თქვენი გრაფიკის შეცვლა.

ბავშვთა მოვლა

იმ შემთხვევაში თუ თქვენ არა მხოლოდ სახლიდან მუშაობთ, არამედ გყავთ შვილები, მოგიწევთ შექმნათ ახალი გრაფიკი, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მთელი თქვენი ოჯახისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები კარგად ერგებიან ახალ რუტინას ფიზიკური აქტივობის, ჭამის, სწავლისა და თამაშის დროს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი შვილები შედარებით მოზრდილები არიან, დაეხმარეთ მათ შეინარჩუნონ ჩვეული რუტინა, იქნება ეს სპორტული აქტივობით დაკავება თუ აკადემიური საქმიანობა. ხოლო, თუ თქვენი შვილები მცირეწლოვნები არიან, მეტი ყურადღება დაგჭირდებათ. ეცადეთ ჩართოთ თქვენი მეუღლე მათი მოვლის პროცესში და ერთგვარი ,,ცვლა” გადაინაწილოთ, მაგალითად დილიდან შუადღემდე ერთმა მშობელმა გაატაროს ბავშვებთან დრო, ხოლო შუადღიდან საღამომდე მეორემ. ასეთ შემთხვევაში ორივე შეინარჩუნებთ როგორც ბავშვებზე მზრუნველობას, ისე თქვენს პირად საქმიანობას.

იმ შემთხვევაში, თუ არ გამოგივათ ან არ შეგიძლიათ გამოიყენოთ მეუღლესთან შენაცვლების მეთოდი, ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმე მოაგვაროთ მაშინ, როდესაც თქვენს შვილებს ძინავთ.

ვარჯიში

თუ თქვენ ხშირად სტუმრობდით სპორტულ დარბაზებს ან საცურაო აუზებს, ამ შემთხვევაში თქვენი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდება, თქვენ მოგიწევთ შექმნათ ახალი რუტინა ვარჯიშისთვისაც, რათა შეინარჩუნოთ მხნეობა. გამოიყენეთ სპეციალური ვიდეოები, რომლებიც დაგეხმარებათ ისწავლოთ სახლში ვარჯიში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ნივთები და გადაადგილოთ ისინი.
ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია განწყობის შესანარჩუნებლად, ის მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის ჰორმონს ორგანიზმში.

ამასთანავე, ეცადეთ გაზარდოთ თქვენი დასვენების ხარისხი და დრო დაუთმოთ ისეთ აქტივობებს, რომელთა დახმარებითაც ნამდვილად შეგიძლიათ დასვენება. ნაკლები დრო დახარჯეთ სოციალურ ქსელსა და სიახლეების ყურებაში, თუკი ეს თქვენში აღელვებას იწვევს; ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ თქვენთვის სასურველ საქმიანობასა თუ ჰობს, როგორიცაა მაგალითად : ცეკვა, კითხვა, ვარჯიში, მედიტაცია, მუსიკის მოსმენა. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოთ აწმყო თქვენ სასარგებლოდ.