პირველი ქართული ონლაინ გამოფენა ვიდეო-თამაშის სახით

27 მარტს ონლაინ ხელოვნების პლატფორმამ Home alone / მარტო სახლში პირველი ქართული ონლაინ-გამოფენა გახსნა. გამოფენაზე სახელად „ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს“ წარმოდგენილია 32 ქართველი ხელოვანის ნამუშევრების ვირტუალური ვერსიები.

გამოფენა-თამაშის ინსტრუქციები მარტივია, ხოლო თამაშის მიზანი ყველა ნამუშევრის პოვნაა. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ ნამუშევრები ყველგან არის გამოფენილი: სახლი, სარდაფი, მარანი, ლაბირინთი, ტერასა, აივანი, ყველა ოთახი. ამიტომ არცერთი სივრცე არ გამოტოვოთ!

აღსანიშნავია, რომ ეს გამოფენა მხოლოდ პილოტია. პლატფორმის ავტორები გამოფენების სერიის მოწყობას გეგმავენ.

„ამ პლატფორმაზე არ წარმოვადგენთ მხოლოდ ციფრულ, მედია თუ ინტერნეტზე დაფუძნებულ ხელოვნებას. აქ ვეცდებით არავირტუალური ხელოვნება ვირტუალურ, ონლაინ სამყაროში წარმოგიდგინოთ“-წერენ „მარტო სახლშის“ შემქმნელები.

გამოფენის ნახვა პერსონალური კომპიუტერით არის შესაძლებელი. ხოლო მათთვის, ვინც გამოფენის თამაშში დათვალიერებას ვერ ახერხებს, ხელმისაწვდომია გამოფენის ვიდეო დოკუმენტაცია.