ჟან-ლუკ გოდარის დაუვიწყარი ფილმები

ჟან-ლუკ გოდარი ფრანგული კინემატოგრაფის ,,ახალი ტალღის“ ყველაზე გავლენიანი რეჟისორია. იგი ყოველთვის რადიკალიზმით გამოირჩეოდა და დრომოჭმულ სტანდარტებს განზრახ არღვევდა. აღსანიშნავია გოდარის ფილმებში გამოყენებული პასტელის ფერები და განსაკუთრებული ინტერიერი. გარდა მისი შავ-თეთრი ფილმებისა, რეჟისორი უპირატესობას წითელსა და ლურჯ ფერს ანიჭებდა. გთავაზობთ ჟან-ლუკ გოდარის სამ დაუვიწყარ ფილმს, რომელიც ყველაზე საინტერესო ფერთა გამით, მიმზიდველი ინტერიერითა და სცენარით გამოირჩევა.

შეშლილი პიერო

ფილმი 1965 წელსაა გადაღებული. მასში მთავარ როლებს ჟან პოლ ბელმონდო და გოდარის მეუღლე, ანა კარინა ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ანა კარინა ქალის საოცრად მრავალფეროვან სახეს ხატავს. რეჟისორის თქმით, ესაა ფილმი ძალადობასა და მარტოობაზე. გოდარის ამ შედევრად აღიარებულ ფილმში რთულია მოვლენების განვითარება განსაზღვრო. ინტერიერი და მსახიობთა ჩაცმულობა მკვეთრი ფერებით, უფრო მეტად კი ლურჯი ფერის სიჭარბით გამოირჩევა.

ქალი ქალია

ეს ფილმი გოდარმა 1961 წელს გადაიღო. მთავარ როლებში ჟან კლოდ ბარიელი, ჟან პოლ ბელმონდო და ანა კარინა არიან წარმოდგენილნი. ფილმში ყველაზე ხშირად წითელი ფერი გვხვდება. მთავარი სიუჟეტი ქალის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ხასიათი ხშირად ეცვლება. მას სურს შვილი ჰყავდეს და საბოლოოდ ორ მამაკაცს შორის არჩევანის გაკეთება უწევს. ფილმში მინიმალისტური ინტერიერია გამოყენებული.

ზიზღი

1963 წელს გადაღებული ეს ფილმი განსაკუთრებით გამორჩეულია, რადგან მასში მთავარ როლს ბრიჯიტ ბარდო ასრულებს. ეს ორი ადამიანის გაუცხოებისა და სიყვარულის დაკარგვის ისტორიაა. იგი საინტერესო დიალოგებით გამოირჩევა. გასაკვირი არაა, რომ მთავარი გმირების საცხოვრებელ სახლში წითელი და ლურჯი ფერები ჭარბობს.