ხელოვნების დაბადება ტრაგედიის სულიდან

ისტორიამ ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში მოღვაწე არაერთი ქალის ნაშრომი შემოგვინახა, რომლებიც გამოძახილია მათი ტრაგიკული ცხოვრებისა. ისინი არიან ქალები, რომელთა ქმნილებებშიც პირადი ტრაგედია, მისგან მიღებული ემოციები და განცდები ნათლად აისახა.

მე-17 საუკუნეში მოღვაწე, ბაროკოს ეპოქის წარმომადგენელ არტემისია ჯენტილესკის არაერთი ცხოვრებისეული ტრავმისა და წინააღმდეგობის გადატანა მოუწია. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე იგი მამის მიერ დაქირავებულმა აგოსტინო ტასიმ გააუპატიურა. მომხდარმა გავლენა ჯენტილესკის არაერთ ნამუშევარზე იქონია, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „Mother and Child “-ია.

ნამუშევარზე გამოსახული ბავშვი ალეგორიულად მოძალადე აგოსტინო ტასის განასახიერებს, რომელიც ქალს ჭრილობებს აყენებს. ეს ის ჭრილობებია, რომლებიც ნათლად გამოხატავს არტემისიას წუხილსა და მომენტალურ სულიერ განადგურებას. ნახატზე გამოსახული ქალის სახე სწორედ აღნიშნულ მდგომარეობას ეხმიანება. აქვე, აღსანიშნავია მისი ხელი, რომელიც ბავშვის მოშორებას ცდილობს.

მიუხედავად არტემისიას თავს დამტყდარი ტრაგედიისა, მან ბრძოლა გადაწყვიტა საკუთარი ღირსების დასაცავად და სამართლის აღსასრულებლად, რამაც მის ძლიერ და მებრძოლ ქალად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ძველი ტკივილებისგან მიღებული ჭრილობებით გაძლიერებას შემოქმედმა არაერთი ნამუშევარი მიუძღვნა. ამ ნამუშევართაგან განსაკუთრებული პოპულარობა „Judith Slaying Holofernes“-მა მოიპოვა.

ნამუშევრის სიუჟეტი ძველი აღთქმის არაკანონიკურ წიგნზეა დაფუძნებული, რომლის თანახმადაც ივდითი ებრაელ ხალხთა გადასარჩენად მტარვალ ასირიელ მხედართმთავარ ოლოფერნეს კლავს. მოცემულ ნახატზე ნათლად ჩანს ივდითის, რომელთანაც არტემისია საკუთარ თავს აიგივებს, უდრეკი და უშიშარი ხასიათი. ამასთან, ცნობილია, რომ შემდგომში ჯენტილესკი მასზე მოძალადეს დანითაც დაესხა თავს. ივდითი მამაკაცს წარბშეუხრელად ჭრის თავს. ამგვარად, მოცემული ხელოვნების ნიმუშით, მხატვარმა გადმოსცა არამხოლოდ თავისი ტრაგიკული წარსული, არამედ ის ძლიერება, რომელიც მას წარსულმა ტრავმამ შესძინა.

მექსიკელი ფერმწერის – ფრიდა კალოს ნამუშევრები ძირითადად ავტობიოგრაფიულია. იგი გვიხატავს იმ ქალს, რომლის ცხოვრებაც რთული და ტკივილით აღსავსე იყო. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან იგი პოლიომიელიტით იტანჯებოდა, რამაც მის ცხოვრებას ერთგვარი დაღი დაასვა. ამასთან, 18 წლის ასაკში ფრიდამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. სწორედ ამ მოვლენას მიუძღვნა კალომ ნამუშევარი – „The Broken Column”.

მის სხეულზე არსებული ლურსმნები განსხეულებაა მისივე ტკივილისა და მწუხარებისა. გატეხილი სვეტის სახით იგი ალეგორიულად დაზიანებულ ხერხემალს წარმოგვიჩენს. ნამუშევარზე ფრიდას ცრემლები სდის, რაც სულიერი და ამავდროულად, ფიზიკური ტანჯვის გამომხატველია.

ფრიდას ბედი არც პირად ცხოვრებაში წყალობდა. პარტნიორისგან – დიეგო რივერასგან დაორსულებულ შემოქმედს მუცელი მოეშალა. ამ მოვლენას ფრიდამ მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი – „Henry Ford Hospital“ მიუძღვნა.

ნამუშევრის დასათაურებით ფრიდა იმ საავადმყოფოს სახელს აღნიშნავს, სადაც მას მუცელი მოეშალა. სივრცეში არსებულ საწოლზე მწოლიარე ნატანჯი ფრიდას სხეულიდან ექვსი ძაფი გამოდის, რომელთაგან თითოეული მისი მძიმე წუთების ამსახველ ალეგორიას წარმოადგენს. მუცელში ჩასახული ნაყოფი მკვდარ ნაყოფად გარდაიქმნება, ლოკოკინის სახით კი იგი გამოხატავს ნელ და მტანჯველ ორსულობის პროცესს. ამასვე ეხმიანება ცივი მეტალის ინსტრუმენტებიც.

წარუმატებელი ორსულობის შემდგომ ფრიდასა და მისი ქმრის ურთიერთობაში კრიზისი დაიწყო, რაც ერთმანეთთან განშორებით დასრულდა. ამ მოვლენისგან მიღებულ ტკივილებს მიუძღვნა ფრიდამ ნამუშევარი – „Self-portrait with thorn necklace“.

კალოს ყელზე მიბჯენილი ეკლის ყელსაბამი, რომელიც მხატვარს ჭრილობებს აყენებს გამოხატავს დიეგოსთან განშორებით გამოწვეულ ტკივილებს. მის გვერდით არსებული შავი კატა უიღბლობის განმასახიერებელი, ხოლო მის ყელსაბამზე ჩამოკიდებული მკვდარი ჩიტი ქორწინების დასასრულის მაუწყებელია. ამას გარდა, ფრიდას გვერდითაა მისდამი ინდიფერენტული და გულგრილი მაიმუნი, რომელიც მას ქმრისგან ერგო საჩუქრად – ეს ერთგვარი მინიშნებაა ქმრის დამოკიდებულებაზე ფრიდასადმი.

მე-20 საუკუნის ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფ – ფრანჩესკა ვუდმანს არანაკლებ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. მისი ტრაგედიის მთავარი მიზეზი მისივე განსხვავებულობა და უნიკალურობა იყო. მიუხედავად მისი გამორჩეულობისა, მას სიცოცხლეში არ მოუპოვებია აღიარება. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განვითარებულმა წარუმატებლობებმა, როგორც კარიერულმა, ასევე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულმა, 22 წლის ფოტოგრაფი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ფრანჩესკას ნამუშევრებში ნათლად ჩანს მისი ინდივიდუალურობა. იგი ნატურად, ძირითადად, საკუთარ თავს იყენებდა.

მოცემული ნამუშევრის სახელწოდებაა „Self-deceit“, რომელიც ფოტოგრაფმა 1978 წელს გადაიღო. აღნიშნული ნამუშევრით იგი გამოხატავს თავის და საზოგადო დამოკიდებულებას რეალობისადმი. იმ რეალობისადმი, რომელსაც ადამიანები ხშირად გაურბიან და რასაც, საბოლოოდ, ისინი საკუთარი თავის მოტყუებამდე მიჰყავს.

იმავე პერიოდში შექმნილი ნამუშევრით – „Providence“ ხელოვანი თავის დეპრესიულ პერიოდს ეხმიანება. იგი გვიჩვენებს თავის სულიერ განცდებს, რომელიც არამხოლოდ მისი სხეულით, არამედ ოთახში არსებულ საგანთა მიმოფანტულობითაც გამოიხატება.

გასულ საუკუნეში მოღვაწე სახელგანთქმული ამერიკელი პოეტი და მწერალი სილვია პლათი, ფრანჩესკა ვუდმანის მსგავსად, დეპრესიით იტანჯებოდა. ავტორის ტრაგიკული ცხოვრების პირველი ეტაპი 10 წლის ასაკში მამამისის გარდაცვალებას უკავშირდება, რამაც მასზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. აღნიშნულ მოვლენას პოეტი შემდგომში ლექსით – “Daddy” გამოეხმაურა. პლათის დედა, რომელსაც შვილზე მეტად მის შესახებ საზოგადოების აზრი ანაღვლებდა, ასევე, მნიშვნელოვანი ფიგურაა შემოქმედის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი 1950 წელს ქალებისათვის განკუთვნილ ამერიკულ უნივერსიტეტ – Smith College-ში ჩაირიცხა პლათს მანიაკალურ-დეპრესიული შეტევები განუვითარდა, რის ნიადაგზეც მან პირველად სცადა თვითმკვლელობა. ამ მოვლენებს პლათი 1963 წელს გამოცემულ ცნობილ რომან – „ზარხუფში“ ეხმიანება, სადაც მისსავე პროტოტიპ ესთერ გრინვუდს ვხვდებით. რომანი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. ნამუშევრის სათაური ნათლად აღწერს მწერლის სულიერ მდგომარეობას, მის განცდებსა და ტკივილს. იგი თავს გამოკეტილად გრძნობს, მას აქვს მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ სხვათა თვალები მის ქცევებზეა მიმართული. ყველაფერთან ერთად, მწერლის მიერ გაიდეალიზებული ქორწინებაც წარუმატებელი აღმოჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ პლათის სუიციდის შემდგომი მცდელობა სწორედ ხსენებულ იმედგაცრუებასთან არის დაკავშირებული. მწერალი ლექსში – “Lady Lazarus” წერს: „მე მომღიმარი ქალი ვარ. მე მხოლოდ 30-ის ვარ. კატის მსგავსად ცხრაჯერ უნდა მოვკვდე.“ აღნიშნული ციტატით მკითხველს პლათის ტრაგიზმისა და განცდების შესახებ ექმნება წარმოდგენა. ხსენებულ ლექსშივე ვკითხულობთ შემდეგს: „სიკვდილი ხელოვნებაა, სხვა ყველაფრის მსგავსად. მე მარტოოდენ ეს გამომდის კარგად…“. სილვია პლათმა სიცოცხლე 1963 წელს თვითმკვლელობით დაასრულა. მის ნამუშევრებში ნათლად ჩანს ტრაგიკული ცხოვრების, მისგან გამოწვეული განცდებისა და ემოციების გავლენა.