ვირტუალური ტურები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში

პანდემიისა და სოციალური დისტანცირების პირობებში, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურული დაწესებულები ვირტუალურ ტურებს სთავაზობენ მნახველებს. Google Art & Culture-მა ერთად შეკრიბა ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმების ონლაინ ტურები და საბოლოოდ შეიქმნა 500-მდე მუზეუმის სია, რომელიც სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია მოვინახულოთ.

პლატფორმა 2011 წლის 1 თებერვალს შეიქმნა და თავდაპირველად თანამშრომლობა დაიწყო 17 მუზეუმთან, თუმცა, დღითიდღე მისი პოპულარობა იზრდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მუზეუმებმა მნახველებისთვის დარბაზები დახურეს და მხოლოდ ვირტუალურ ვიზიტებს გვთავაზობენ. დღეისთვის Google Art & Culture-ის სიაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი მუზეუმები, როგორებიცაა „MoMA“, „Uffizi Gallery“, „The Metropolitan Museum of Art“ და მრავალი სხვა. პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაათვალიეროს წარმოდგენილი სამუზეუმო კოლექციები, ან გამოიყენოს Google Interior Street View გალერიის დარბაზების დეტალურად დასათვალიერებლად.