იოზეფ ბოისის რევოლუციური იდეები

„ხელოვნება არის ერთადერთი უწყინარი რევოლუციური იარაღი, რომელსაც დამახინჯებული მსოფლიოს შეცვლა შეუძლია.“

გერმანელი ხელოვანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი მთავარი თეორეტიკოსი, იოზეფ ბოისი დაიბადა 1921 წლის 12 მაისს და 1986 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან დიდი დრო გავიდა, ბოისის ნამუშევრები და პერფორმანსები აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ამის მიზეზი ის ინტერესია, რომელსაც ხელოვანის ნამუშევრები ყოველ მნახველში იწვევს.

© Artists Rights Society (ARS), New York / VG Bild-Kunst Bonn, Germany. Courtesy of SFMoMA

იოზეფ ბოისი გამოირჩეოდა რევოლუციური გონებით. მან დაამტკიცა, რომ პირადი გამოცდილება და პირადი პრობლემები მხატვარს შეუძლია გამოხატოს ისე, რომ ამით ითქვას უნივერსალური სათქმელი – გამოიხატოს აზრი, როგორც პოლიტიკაზე, ასევე სოციალურ იდეებზე. იოზეფ ბოისის ყოველი პერფორმანსი და ნახატი მიგვითითებს იმაზე, რომ მას უნდოდა საზოგადოებაში გამოეწვია შოკი, დაფიქრება და პროტესტის გრძნობა.

იოზეფ ბოისი მეორე მსოფლიო ომის დროს რადიოში მუშაობდა, შემდეგ სამხედრო პილოტიც გახდა და სერჟანტის წოდებაც მიიღო. მის შემოქმედებაზე ერთმა ფაქტორმა იმოქმედა – 1944 წელს, საბრძოლო შეტაკებისას, თვითმფრინავი, რომელშიც ბოისი იჯდა, ყირიმის ერთ-ერთ სოფელში ჩამოვარდა. დაჭრილ მფრინავს ყირიმელი თათრები თორმეტი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ: თაფლით ზელდნენ, რძის პროდუქტებს აჭმევდნენ და თექის საბანში ახვევდნენ. მოგვიანებით, სწორედ ეს ნივთები გახდა მისი შემოქმედების მთავარი ნაწილი – მაგალითად, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია თექაში გახვეული როიალი (Infiltration homogen für Konzertflügel).

Photo Credits to SABAM België

ომის დასრულების შემდეგ დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც შემდგომში პროფესორის წოდებაც მიიღო. 50-იანებში ბოისი ხატავდა ძირითადად აკვარელით, ქმნიდა სკულპტურებს ექსპრესიონიზმის სტილში. უკვე 1960 წელს, მან დაიწყო პერფორმანსების ჩატარება, რაც მაშინ მთელმა გერმანიამ აიტაცა.

ხელოვანი აუდიტორიის გარშემო დადიოდა კოსტიუმში გამოწყობილი და ყველას აკვირვებდა ჩვეულებრივი საგნების არაორდინალურად გამოყენებით. ერთ-ერთი ასეთი პერფორმანსია „როგორ ვაჩვენოთ მკვდარ ბაჭიას ნახატები“(Wie man dem toten Hasen die Bilder erklärt), სადაც ბოისს ხელში უჭირავს მკვდარი ბაჭია და სახეზე თაფლწასმული „აჩვენებს“ მას საკუთარ ნახატებს. ამ პერფორმანს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ზოგი ადამიანი დავობს მის შინაარსზე, თუმცა ყველაზე ხშირი ინტერპრეტაცია შემდეგია: ხელოვანი, ამ შემთხვევაში ბოისი, დაჭრილია. მას აქვს შეხვეული ფეხი, ჭრილობები სახესა და სხეულზე, მაგრამ უჭირავს ბაჭია – სიმბოლო იმისა, რომ ხელოვნება ადამიანს აძლევს რაღაც იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეხმარება ადამიანს იპოვოს საკუთარი თავი. ხელოვანი, ყველანაირი სიძნელებიის მიუხედავად, თითქოს ცდილობს, ბაჭია გადაარჩინოს საკუთარი ნაშრომებით, დაანახოს მას სილამაზე. პერფორმანსში ჩანს კონტრასტი – ხელოვნების ბუნებრივი სილამაზე და სინაზე და ომის სისასტიკე – დაჭრილი ადამიანი და ომის ფორმა.

ომის სისასტიკე ბოისმა კიდევ რამდენიმე ნამუშევარში გამოხატა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ინსტალაციაა კოსტიუმი, რომელიც თექისგანაა გაკეთებული (Filzanzug). ამ ნამუშევარშიც მთავარი დეტალი სიმბოლოებია – ტანსაცმელს არ აქვს ღილები. ბოისმა ამით გამოხატა პროტესტი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. მართალია კოსტიუმს არ აქვს ღილები, მაგრამ მისი მფლობელი თბება საკუთარი იდეების საშუალებით, ასე იგი იცავს თავს ყოველდღიურობის სიცივისაგან.

Joseph Beuys – I Like America and America Likes Me, 1974

კრიტიკოსებისა და ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ბოისის ნამუშევრებს ჰქონდა თავისებური შამანური ენერგია. მის ნამუშევრებში შეიგრძნობა ადამიანის ჩიხში შეყვანის მცდელობა და რაღაც არაბუნებრივი, არაამქვეყნიური იდეის ჩვენების სურვილი. ბოისის მსოფლმხედველობიდან, გარშემომყოფთათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი აღმოჩნდა ის აზრი, რომ „ხელოვანი შეიძლება იყოს ყველა“, როგორც მხატვარი თვითონ ამბობდა და ამიტომაც იწვევდა ინტერესს ყველა იმ ადამიანში, რომელსაც გააჩნდა პროტესტის გრძნობა.