გარემოს ხელოვნება და ენდი გოლდსვორზი

გარემოს ხელოვნების მიმდინარეობა 1960-იან წლებში გამოჩნდა და უკვე 70-იანებისთვის ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნების ცნობილ მიმდინარეობად იქცა.

გარემოს ხელოვნებაში იყენებენ ბუნებრივ ელემენტებს, ძირითადი მასალაა წყალი, ყინული, ფოთლები და სხვადასხვა მცენარეები. ინსტალაციები გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში. ხშირად ისინი მიუსვლელ ადგილზეა შექმნილი, ზოგი ნამუშევრის დანახვა კი მხოლოდ შორი მანძილიდან, მაგალითად თვითმფრინავიდანაა შესაძლებელი.

გარემოს ხელოვნება შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ერთგვარი პროტესტი. ხელოვანებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ მუზეუმის სივრცეზე და ყოველგვარი მატერიალური საგნებისგან გათავისუფლებულიყვნენ.

ენდი გოლდსვორზი ერთ-ერთია იმ ბრიტანელი ხელოვანებს შორის, რომლებიც დიდ ყურადღებას უთმობენ ეკოლოგიის დაცვას და საკუთარი ქმნილებებით იჭრებიან ბუნების სივრცეში. მათ არ აინტერესებთ საგამოფენო სივრცე და ცდილობენ ხალხი დაუახლოვონ გარემოს მათ გარშემო. ინგლისისა და შოტლანდიის გარდა ენდი მუშაობდა იაპონიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში და ჩრდილოეთ პოლუსზე. როგორც გარემოს ხელოვანი, ენდი მიზნად ისახავს ბუნების შეცნობას, მას სურს შეიმეცნოს ყველაფერი მის გარშემო სრულიად დეტალურად.

ხელოვანი 1956 წლის 26 ივლისს დაიბადა. ის ადრინდელი ასაკიდანვე დაინტერესებული იყო აგროკულტურით, ოჯახთან ერთად ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობდა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის ახლოს იყო ბუნებასთან. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონია პროფესორი რიჩარდ ლონგის პრეზენტაციამ სახელად “Long Art”. რიჩარდ ლონგმა დაანახა ხელოვანს, რომ ბუნებრივი ელემენტების გამოყენება სრულიად საკმარისია ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად.

Photo Credits to Andy Goldsworthy

ენდის თქმით, მას სიამოვნებას ანიჭებს ისეთი მასალის გამოყენება, რომლის პოვნაც ბუნებაში ადვილადაა შესაძლებელი, ამით იგი თავისუფლებასაც შეიგრძნობს და მოსწონს, რომ საკუთარი ხელითა და ბუნების დახმარებით ქმნის ნამუშევრებს. ბუნებრივი ენერგია და გარემოს ცვლილების ციკლი კარგად იგრძნობა ენდის ხელოვნებაში, მისი შემოქმედება ყოველთვის დინამიურია: მცენარეები ჭკნება, ფოთლები ცვივა და ყოველი მნახველი ენდის ქმნილების საკუთარ ვერსიას ხედავს. მაგალითად, „ყინულის გველი“ („Ice Snake”) მის მიერ შექმნილი ყინულის გიგანტური სკულპტურა იყო, რომელიც სიცხის გამო ნელ-ნელა გადნა. ასეთი მუდმივად მოძრავი სკულპტურებითა და ინსტალაციებით ხელოვანი იდეალურად აჩვენებს მაყურებელს ბუნების ტრანსფორმაციას, ზოგადად ბუნების ძალასა და ენერგიას.

Photo Credits to Andy Goldsworthy
Photo Credits to Andy Goldsworthy
Photo Credits to Andy Goldsworthy
Photo Credits to Andy Goldsworthy
Photo Credits to Andy Goldsworthy
Photo Credits to Andy Goldsworthy