ფილმები, რომლებიც გვიყვებიან ადამიანის ყველაზე ბნელ მხარეებზე

ბოროტება საუკუნეების მანძილზე გვხვდება კულტურებში სხვადასხვა სახით. თემა საკმაოდ არასასიამოვნოა, მაგრამ ადამიანები ყოველთვის იხიბლებოდნენ საკუთარ ბუნებაში ბოროტების ახსნის მცდელობებით. ზოგიერთი ცდილობდა ბოროტება აეხსნა განსხვავებული სოციალური ნორმებით, სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობით ან წარმოდგენებით.

თუმცა, ბოროტებას აქვს ძალა იყოს იმდენად მრავალმხრივი და ორაზროვანი, რომ ყოველთვის იწვევს გაურკვევლობას და ხდება თავსატეხი ადამიანებისთვის. ლიტერატურაში, კინოხელოვნებასა და ხელოვნების სხვა დარგებში ჩვენ ვხვდებით ადამიანთა ბოროტების მრავალფეროვან მაგალითებს.

საინტერესოა ისიც, რომ ხშირად ჩვენ იმდენად ვუგებთ მთავარ ბოროტმოქმედს, რომ თანავუგრძნობთ კიდეც მას. წარმოდგენილ სიაში ჩანს, რომ ხშირად პროტაგონისტს უწევს მთავარი როლი ანტაგონისტს დაუთმოს, რითიც საბოლოოდ დაუვიწყარი სანახაობა იქმნება. სიაში წარმოდგენილია ფილმები, რომლებიც იდეალურად გამოხატავს ადამიანში ბნელი მხარეების არსებობას.

THERE WILL BE BLOOD

ნავთობის ამბიციური მაძიებელი დენიელ ფლეინვიუ კალიფორნიაში ნავთობით მდიდარი მიწის არსებობის შესახებ შეიტყობს, რის შემდეგაც ყველანაირი გზებით ცდილობს ადგილობრივი მიწის მესაკუთრეები მათი ქონების გაყიდვაზე დაითანხმოს. გადის დრო, ბიზნესმენი მდიდრდება და ძალაუფლებას იძენს. პოლ ანდერსონის ფილმს ხშირად „ამერიკული ოცნების“ განსახიერებად თვლიან, თუმცა რაც უფრო აკვირდები სიუჟეტს, ყველაფერი საშინელებათა ფილმს ემსგავსება, სადაც მთავარი პერსონაჟი ნელ-ნელა სიგიჟისა და ბოროტების გზას ადგება. ნავთობის მაგნატს უპირისპირდება კიდევ ერთი პერსონაჟი – მღვდელი ილაი. ბიზნესმენსა და სასულიერო პირს შორის დიდი კონფლიქტი განვითარდება. ფილმი გადმოსცემს ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელ მხარეებს, ეს არის ამბავი სიხარბესა და ცინიზმზე, სადაც სიუჟეტის ორი ერთმანეთს დაპირისპირებული პერსონაჟი ანტაგონისტია.

Die Welle

ფილმის სიუჟეტი ჩვენი დროის გერმანიაში ვითარდება. სკოლის მასწავლებელი, რაინერ ვენჯერი, გადაწყვეტს მოსწავლეებზე ექსპერიმენტი ჩაატაროს, რომ აჩვენოს მათ რამდენად ადვილია აიყოლიო ხალხი და აცხოვრო ისინი დიქტატურის რეჟიმში. მასწავლებელს შემოაქვს ახალი დისციპლინის წესები – მოსწავლეები ვალდებულნი ხდებიან ატარონ ფორმა, შექმნან საკუთარი სიმბოლო და მისალმების ჟესტი. მოსწავლეები ნელ-ნელა შედიან ინტერესში, მალე სკოლას მთლიანად მოიცავს დიქტატურის რეჟიმი. სიუჟეტი რეალურ ექსპერიმენტზეა დაფუძნებული, რომელიც ისტორიის მასწავლებელმა 1967 წელს ჩაატარა.

Nightcrawler

ფილმი მოგვითხრობს უმუშევარ ლუი ბლუმზე, რომელიც ერთ დღეს ველოსიპედს ვიდეოკამერაზე გადაცვლის და ტელევიზიისთვის გადაიღებს სკანდალურ სიუჟეტს. მალე ლუი მსხვილ სატელევიზიო კომპანიაში იწყებს მუშაობს სტრინგერად, იგივე ფრილანსერ რეპორტიორად. სენსაციური ამბების გადასაღებად მთავარი პერსონაჟი ყველანაირ მანიპულაციას მიმართავს. ფილმი კრიმინალური დრამისა და სატირის შერწყმაა, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველი ჩვენგანი დამოკიდებულია ინფორმაციაზე, ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ სამყაროში, სადაც არაფერი ფასობს ისე, როგორც ახალი და დეტალური ინფორმაცია, ხოლო მას, ვინც ინფორმაციას გვაწვდის, შეუძლია სოციუმის მმართველი გახდეს.

The Stanford Prison Experiment

კაილ პატრიკ ალვარეზის ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. 1971 წელს სტენფორდელმა პროფესორმა ფილიპ ზიმბარდომ გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება. ექსპერიმენტის მიზეზი იყო გამოეკვლია, არის თუ არა პატიმრების ქცევა განპირობებული მათი პირადი ხასიათებითა და დამოკიდებულებით ერთმანეთთან. ზიმბარდომ აარჩია 24 მოხალისე ახალგაზრდა, რომელიც გაჰყო ორ ნაწილად და სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში მოათავსა. ერთი ჯგუფი – როგორც ციხის ზედამხედველები, ხოლო მეორე ნაწილი – როგორც პატიმრები. ექსპერიმენტმა ძალიან მალე სასტიკი და შოკისმომგვრელი ხასიათი მიიღო.

The Talented Mr. Ripley

ენტონი მანგელამ, გენიალური “ინგლისელი პაციენტის” რეჟისორმა, მაყურებელს პატრიცია ჰაინსმიტის წიგნის თავისებური ეკრანიზაცია წარუდგინა. “ნიჭიერი მისტერ რიპლი” მოგვითხრობს ტომ რიპლიზე, რომლის ნიჭი სხვა ადამიანების განსახიერებაა. ერთხელაც, ის სრულიად შემთხვევით შეიტყობს დიკი გრინლიფის შესახებ. მდიდარ ახალგაზრდას აქვს ყველაფერი რაზეც ტომ რიპლი ოცნებობს. დიკის მდიდრული ცხოვრება მოხიბლავს ტომს და მალე მისი თითოეული ქცევის მიბაძვას იწყებს. ნიჭიერი მისტერ რიპლი კინომატოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი სოციოპატია.

Match Point

ვუდი ალენის ფილმი მოგვითხრობს ბრიტანული მაღალი კლასის საზოგადოებაზე და ჩოგბურთის ახალგაზრდა ინსტრუქტორზე, რომელსაც ყველანაირი გზებით უნდა ამ საზოგადოებაში შეღწევა. ერთხელაც, მთავარი გმირი ახალი ნაცნობების დახმარებით გახდება ელიტარული საზოგადოების წევრი, თუმცა ყველაფერი რისკის ქვეშ დადგება, როდესაც მის ცხოვრებაში დადგება არჩევანი ორ ქალს შორის, რომელთაგან ერთი უზრუნველყოფს მის ადგილს მდიდარ საზოგადოებაში, ხოლო მეორე პირიქით – ყველანაირ სიმდიდრეზე უარს ათქმევინებს. მთავარი პერსონაჟის გონებაში ჩოგბურთის მატჩის მსგავსი რთული ფსიქოლოგიური ჭიდილი იწყება.

Primal Fear

ერთი შეხედვით “პირველყოფილი შიში“ ჩვეულებრივი დეტექტივია, რომელიც აღწერს ამერიკულ სასამართლო პროცესს. ფილმში გვყავს ბრალდებული, ადვოკატი და პროკურორი, რომელსაც პირადი უთანხმოება აქვს ადვოკატთან. თუმცა, ფილმის დაძაბული სიუჟეტი ყველა კრიმინალური დრამისგან განსხვავებულად ვითარდება. ფილმის ყურებისას მაყურებელს მრავალი სიურპრიზი ელოდება.