The Man Who Sold the World | 26 წლის წინ კურტ კობეინი გარდაიცვალა

1994 წლის 5 აპრილს , 27 წლის ასაკში ლეგენდარული ჯგუფის „Nirvana” სოლისტი კურტ კობეინი გარდაიცვალა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომღერლის გარდაცვალებას ფანები ბევრ უცნაურ გარემოებას უკავშირებდნენ. თავისი პოპულარობის პიკში მყოფი, წარმატებული და ახალგაზრდა მომღერლის თვითმკვლელობა ბევრი მათგანისთვის რთულად დასაჯერებელი აღმოჩნდა. წარმოიშვა ბევრი თეორია კურტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მათ შორის ყველაზე გავრცელებულის თანახმად, კობეინი მისმა ყოფილმა მეუღლემ, კორტნი ლავმა მოკლა.

კობეინი „კლუბ 27“-ის წევრთა შორისაც მოხვდა – „მარად 27-იანელთა კლუბი“ არის ფიქტიური გაერთიანება, რომელსაც 27 წლის ასაკში გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს მიაკუთვნებენ. ეს კულტურული ფენომენი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფანებმა ბევრი საყვარელი არტისტის  გარდაცვალების ასაკის უცნაური დამთხვევა შეამჩნიეს.

დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა, ზუსტად რა მოხდა სინამდვილეში. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ კურტ კობეინმა ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაშიც მოახერხა შეექმნა ბევრი მსმენელისთვის დაუვიწყარი როკ-მუსიკა და უამრავი ადამიანის ინსპირაციის წყარო გამხდარიყო.

კურტ კობეინის ბიოგრაფიის უფრო ღრმად შესწავლის მსურველელთათვის კი ბევრი საშუალება არსებობს:

  • Kurt Cobain: Montage of Heck (2015) – ბევრი ფანის აზრით, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი კობეინის ცხოვრების შესახებ.
  • Come as You Are: The Story of Nirvana (1993) – მაიკლ აზერადის ღრმა ბიოგრაფიული წიგნი, რომელიც პირველად კობეინის სიცოცხლეშივე გამოიცა.
  • Kurt Cobain: About A Son (2006) – ამ დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად რეჟისორმა ზემოთ ხსენებული მაიკლ აზერადის მიერ ჩაწერილი კურტ კობეინის ინტერვიუების აუდიოჩანაწერები გამოიყენა.
  • Last Days (2005) – HBO-ს ბიოგრაფიული დრამა, რომელიც კობეინის უკანასკნელი დღეების განსხვავებულ ვერსიას მოგვითხრობს.
  • Soaked in Bleach (2015) – დოკუმენტური დრამა, რომელიც კობეინის ბიოგრაფიას კორტნი ლავის მიერ მეუღლის გარდაცვალების გამოსაძიებლად დაქირავებული დეტექტივის თვალით მოგვითხრობს.
  • Serving the Servant: Remembering Kurt Cobain (2019) – ნირვანას მენეჯერის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული წიგნი.