გრაფიკული დიზაინის „ოქროს ხანის“ 200-მდე პოსტერი უფასოდაა ხელმისაწვდომი

პანდემიისა და სოციალური დისტანცირების პირობებში, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურული დაწესებულები და პლატფორმები  მომხმარებელს უფასო რესურსებს სთავაზობს. ამჟამად, ხელოვნების უფასო რესურსები შემოგვთავაზა „მინეაპოლისის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯმა“ (Minneapolis College of Art and Design). კოლეჯმა გამოაქვეყნა გრაფიკული დიზაინის „ოქროს ხანის“, 1880-1918 წლების  არქივი. მომხმარებელს 200-ზე მეტი სხვადასხვა პოსტერის გადმოწერა სრულიად უფასოდ შეუძლია.

კოლექციაში „Poster Art 1880-1918“ შედის  ე.წ. La Belle Époque-ის ცნობილი ნამუშევრები. ამ პერიოდში ევროპის სახელმწიფოებში მშვიდობა სუფევდა, შემოვიდა ახალი ტექნოლოგიები, რამაც გამოიწვია ცხოვრების გაუმჯობესება. ხელოვნებამ ფართოდ აითვისა რენესანსისა და XVIII საუკუნის სტილისტური მიმდინარეობები და ტექნოლოგიების დახმარებით ისინი გაათანამედროვა. 1860 წლისთვის შეიქმნა ბეჭდვის ახალი ხერხები, რის გამოც ბევრი მხატვარი გრაფიკული დიზაინით დაინტერესდა. ამ პერიოდში მხატვრებმა, მაგალითად ალფონს მუხამ და ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა, პოპულარობა მოუტანეს გრაფიკული დიზაინით შექმნილ ნამუშევრებს.

ახალმა ტექნოლოგიებმა მხატვრებს ხელი შეუწყო იოლად გამოეყენებინათ ნებისმიერი ფერი და ნამუშევარი კონტრასტული ფერებით შეესრულებინათ. მხატვრებიც და საზოგადოებაც უპირატესობას ანიჭებდა ნათელ ფერებსა და ლამაზ ტიპოგრაფიას. დღეს „ოქროს ხანის“ ნამუშევრები შედევრებად არის მიჩნეული,  რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გრაფიკული დიზაინის განვითარებაში, თუმცა თავდაპირველად მათი უმეტესობა რეკლამისა და აფიშებისთვის იქმნებოდა.

თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ავანგარდული ხელოვნების ნამუშევრების სრული კოლექცია „Poster Art 1880-1918“ -ს Flickr გვერდზე.