თბილისის სოციალისტურ მოდერნისტული არქიტექტურა

ბოლო პერიოდში, მსოფლიოში სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი საბჭოთა არქიტექტურისადმი. საქართველოს თხუთმეტსაუკუნოვანი დედაქალაქის არქიტექტურამ, უძველეს ქართულ ეკლესიებთან, ისლამურ-აღმოსავლურ სტილთან და რუსულ-ევროპულ კლასიციზმთან ერთად, ისტორიის ეს ნაწილიც შემოგვინახა.

21-ე საუკუნის დასაწყისში, კრიტიკოსებმა ცალკე მიმდინარეობად აღიარეს სოციალისტური მოდერნიზმი, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის უფრო ადრინდელ მიმდინარეობებთან, კონსტრუქციონიზმთან და სტალინურ კლასიციზმთან შედარებით, ჯერ ნაკლებადაა შესწავლილი.

სოციალისტური მოდერნიზმი 1955-1991 წლებში, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში აღმოცენდა. მოდერნიზმი აქ დასავლეთიდან მოვიდა და სოციალისტური სამყაროს გავლენით ახალ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.

ზუსტად ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში გამოიცა დადგენილება  „არქიტექტურაში ზედმეტობებთან ბრძოლის“ შესახებ. ამ დადგენილების უკან ეგალიტარული საზოგადოების იდეა იდგა, შესაბამისად არქიტექტურაც ამ იდეას უნდა მორგებოდა, განთავისუფლებულიყო ყველანაირი არტისტიზმისა და განსხვავებულობისგან და ადამიანების მხოლოდ ძირითადი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. ურბანული სივრცე შეივსო ერთგვაროვანი, ერთსა და იმავე სტანდარტებში მოქცეული ნაგებობებით.  მიკრორაიონი საცხოვრებელი განაშენიანების ძირითადი ერთეული იყო, სადაც სსრკ-ის ურბანული მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობდა. წინასწარ იყო განსაზღვრული ყველა მიკრორაიონის ფართობი, მასში მცხოვრები ადამიანების ზუსტი რაოდენობა და მანძილი მიკრორაიონებიდან საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობებამდე.

Photo Credits to UAR’s Photo Archive

თუმცა საბჭოთა არქიტექტორების ინდივიდუალიზმმა და დასავლურ მოდერნიზმთან შერწყმულმა სტილმა, მაინც გაიკვალა გზა. ეს სტილი ძირითადად საჯარო-საზოგადოებრივ ნაგებობებში გამოვლინდა, რადგან მასობრივ საბინაო მშენებლობებისგან განსხვავებით, არქიტექტორებს აქ მეტი თავისუფლება ჰქონდათ.  სოციალური მოდერნიზმის ძალიან საინტერესო და ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბებით მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობები შეიქმნა თბილისშიც:

რიტუალების სასახლე
Photo Credits to Roberto Conte

ამჟამინდელი ფუნქცია: საცხოვრებელი სივრცე

არქიტეტორები: ვიქტორ ჯორბენაძე, ვაჟა ორბელაძე

1984-85

„საბჭოთა ტაძარი“-ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ეს შენობა, რომელიც საბჭოთა მოდერნიზმისა და შუასაუკუნეების ტაძრის ნაზავია. შენობა არქიტექტორის მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას ასახავს – მას სურდა რიტუალების სასახლეს ერთდროულად საერო და სასულიერო ფუნქციაც ჰქონოდა და აქ ჩატარებულიყო როგორც ჯვრისწერის, ასევე ხელის მოწერის ცერემონიებიც. ნაგებობა ბევრი ისტორიული და სიმბოლური ელემენტისგან შედგება. მაგალითად, შესასვლელში დგას დიონისეს ფიგურა, რომელიც არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი პატარა ქანდაკების გადიდებული ასლია.

გზათა მშენებლობის სამინისტრო
Photo Credits to Kevin Garrett

ამჟამინდელი ფუნქცია: საქართველოს ბანკის სათაო ოფისი

არქიტექტორები: გიორგი ჩახავა, ზურაბ ჯალაღანია,

1974-75

ამ არქიტექტურულმა მონუმენტმა არაერთხელ მიიპყრო დასავლური მედიის ყურადღება( “New-York Times“, “The Guardian“) არამარტო თავისი საინტერესო გეომეტრიული ფორმებით, არამედ იმითაც რომ ზუსტად არის მორგებული გეოგრაფიულ გარემოს და არქიტექტორების ინდივიდუალიზმს ასახავს.

ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმის აუდიტორია

Photo Credits to BACU Association

ამჟამინდელი ფუნქცია: უფუნქციო, განადგურების პირას

არქიტექტორი: ნიკოლოზ ლასარეიშვილი

1976-78

ამ შენობას მისი ფასადზე მდებარე რელიეფური ქანდაკების გამო უცხოელები „საბჭოთა ბეტმენის“ სახელით მოიხსენიებენ. ქანდაკების ავტორი უცნობია, თუმცა გავრცელებული აზრით ის ცნობილმა მოქანდაკემ ზურაბ წერეთელმა შექმნა. 2018 წელს ეს ქანდაკება უცნობმა პირებმა ნაწილ-ნაწილ მოიპარეს და დღეს „ბეტმენი“ აღარ არსებობს. თვითონ შენობაში დევნილები ცხოვრობენ და მას შემდეგ რაც ნაგებობით არქიტექტორი თომას იბრაჰიმი დაინტერესდა, ამ სივრცის გასააქტიურებლად ბევრი ნაბიჯი გადაიდგა.

არქეოლოგიის მუზეუმი
Photo Credits to BACU Association

ამჟამინდელი ფუნქცია: უფუნქციო

არქიტექტორები: შოთა გვანცელაძე, შოთა ყავლაშვილი

1988

ამ შთამბეჭდავ ნაგებობას განსაკუთრებით გამოარჩევს შესასვლელში მდებარე სამარხში დასვენებული ქალის სკულპტურა წარწერით „არქეოლოგია“, რომლის ავტორი თენგიზ კიკალიშვილია. შენობა დიღმის მასივში, თრელიგორების, თბილისში ყველაზე დიდი არქეოლოგიური ნამოსახლარის ერთ-ერთ ბორცვზე მდებარეობს. მუზეუმში დაცული იყო თბილისში მოპოვებული არქეოლოგიური მასალის უმეტესობა, დღეს კი მუზეუმი უფუნქციოდაა მიტოვებული.

VDNKH ანუ საქართველოს სსრ სახალხო მიღწევათა საგამოფენო კომპლექსი
Photo Credits to Giorgi Dadiani

ამჟამინდელი ფუნქცია: საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია

არქიტექტორები: ლევან მამალაძე, გაგა კიკნაძე, ლერი ცისკარიძე

1961-1971

11 პავილიონისგან შემდგარი კომპლექსი წლების განმავლობაში შენდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ცენტრი სოციალური მოდერნიზმის მიმდინარეობას მიეკუთვნება, გვხვდება მოდერნიზმამდელი სტალინური არქიტექტურის ელემენტებიც.

სოციალისტური მოდერნიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის არსებობს BACU(Bureau for Art and Urban Research)-ს ასოციაციის მიერ შექმნილი ინტერაქტიული რუკა (ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციაც), რომლის დახმარებითაც ნაგებობებს უფრო მარტივად მიაგნებთ. გარდა ამისა, თავადაც შეგიძლიათ რუკაზე თქვენს გარშემო მდებარე სოციალისტური შენობები დაამატოთ და მსოფლიოს გააცნოთ.

არსებობს BACU-ს მიერ გამოცემული თბილისის სოციალისტური მოდერნისტული რუკის ბეჭდური ვერსიაც, რომელშიც 26 ნაგებობის მდებარეობა და აღწერაა თავმოყრილი. გარდა ამისა, გამოცემულია ანა ჩორგოლაშვილის წიგნი „საბჭოთა არქიტექტურის გზამკვლევი თბილისში“.