მშვენიერების მრავალმხრივობა | ალბრეხტ დიურერი

დაახლოებით 500 წლის, 1528 წლის 6 აპრილს, გარდაიცვალა ჩრდილოური რენესანსის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ალბრეხტ დიურერი. დიურერი როგორც ფერწერული ნამუშევრებით, ისე გრავიურების უბადლო შესრულებითაც გამოირჩეოდა.

ხელოვანი თავდაპირველად იუველირის ხელობას დაეუფლა, რაც მომავალში მის მიერ შექმნილ ნამუშევრებზეც, მათ შორის, გრავიურებზეც აისახა.  მიუხედავად ამისა, მას ფერწერაც იზიდავდა და ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში შექმნა მისი პირველი ცნობილი ნამუშევარი, რომელიც ამავდროულად, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი ავტოპორტრეტის ნიმუშია.

Albrecht Dürer’s 1484 Self-portrait. Albertina, Vienna

მხატვარს მიაჩნდა, რომ ხელოვნებას არამხოლოდ ესთეტიკური დატვირთვა უნდა ჰქონოდა, არამედ მასში მხატვრული ალეგორიებიც უნდა ყოფილიყო. ამის ნათელსაყოფად მან შექმნა ნამუშევრები: „Knight, Death, and the Devil“ (1513 წ.), „St. Jerome in His Study“ (1514 წ.) და „Melencolia I“ (1514 წ.).

Knight, Death and the Devil (1513)

აღნიშნულ ნამუშევარზე მხატვარი გამოსახავს რაინდს, თავისი აღჭურვილობითა და ცხენით, რომელსაც გვერდით დავრდომილ, დასუსტებულ ცხენზე მჯდომი სიკვდილი მოჰყვება, მათ უკან კი თხის ფორმის გამოსახულების ეშმაკია. დიურერის 1513 წელს შექმნილმა ხელოვნების ნიმუშმა დიდი გავლენა იქონია არამხოლოდ შემდგომი დროის მხატვრებზე, არამედ მწერლებზეც. ნიცშე ზემოხსენებულ ნამუშევარს მოიხსენიებს თავის ნაწარმოებში „ტრაგედიის დაბადება“ (1872წ.), სადაც მას პესიმიზმის გამოხატულებად აღიქვამს.

Saint Jerome in His Study (1514)

1514 წელს შექმნილ გრავიურაზე დიურერი გვიხატავს წმ. იერონიმეს თავის კელიაში, რომელიც თეოლოგიურ საქმიანობას ეწევა. ნამუშევარზე გამოსახული თავის ქალა გარდაუვალი სიკვდილის სიმბოლოს წარმოადგენს.

Melencolia I (1514)

„Melencolia I“-ზე კი შემოქმედი მთავარი პერსონაჟის სახით გამოსახავს მელანქოლიას. აქვე, საყურადღებოა მის ირგვლივ არსებული იმგვარი საგნები, როგორებიცაა: ქვიშის საათი, ჩაქუჩი, ზარი, სასწორი, დანა, სფერო, გამოუთლელი ქვა და ა.შ.

საბოლოო ჯამში, 1513-14 წლებში შექმნილი გრავიურებით დიურერი გამოყოფს ადამიანის აქტივობათა სამ სფეროს, რომელთაგან „Knight, Death, and the Devil“ გამოხატავს ადამიანის იმ სფეროებს, რომელთა აღსასრულებლადაც უშუალო ქმედებაა საჭირო, „St. Jerome in His Study“-ით ადამიანის მჭვრეტელობით და თეოლოგიურ მოღვაწეობას უსვამს ხაზს, ხოლო „Melencolia I“-ით იგი იმ სფეროებზე მიგვანიშნებს, რომელთაც გონიერება და აზროვნება სჭირდება.

დიურერი მეტად გატაცებული იყო ქსილოგრაფიით. ასევე, მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა სამყაროს ბუნების დეტალური შესწავლა. ამას მოწმობს მისი არაერთი ხეზე ამოკვეთილი ნამუშევარი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია 1515 წელს შექმნილი „The Rhinoceros“.

The Rhinoceros (1515)

მოცემული ნამუშევარი ცხადყოფს შემოქმედის ოსტატობას. ხეზე ნაკვეთი ხელოვნების ნიმუშის თითოეული დეტალი დახვეწილადაა შესრულებული. გარდა გრავიურებისა, დახვეწილობით გამოირჩევა დიურერის ფერწერული ნამუშევრებიც.

1500 წელს მან შექმნა კიდევ ერთი ავტოპორტრეტი, რომელსაც „Self-Portrait with Fur-Trimmed Robe“ უწოდა.

მნახველს მოცემული ნამუშევრის ცქერისას უჩნდება განცდა, რომ ბიბლიური იესო ქრისტეს გამოსახულებას უყურებს, მაშინ, როცა ნახატზე დიურერის ავტოპორტრეტია. აღნიშნული ჟესტით ქრისტიან დიურერს სურდა თავისი რელიგიურობის ხაზგასმა, რაც მის, როგორც ღმერთის ხატებად ქმნადობაში გამოიხატებოდა.

მხატვრის რელიგიურობა მის სხვა, კერძოდ კი ბიბლიური ნამუშევრების შექმნაშიც ჩანს.

1506 წელს მან დახატა “The Feast of the Rosary”.

ზემოხსენებული ნამუშევარი გადატვირთულია. მიუხედავად ამისა, მხატვარი თითოეული პერსონაჟის სახეს საოცარი სრულყოფილებითა და დახვეწილობით გამოსახავს. აქვე, თავს იჩენს რენესანსის ეპოქის მნიშვნელოვანი მახასიათებელი – ცენტრში განთავსდეს მთავარი მოქმედი გმირი, რომელიც ამ შემთხვევაში ქალწული მარიამია.

1508 წელს დიურერის მიერ შექმნილი ნამუშევარი – „Praying Hands“ დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნამუშევარზე გამოსახულ მლოცველ ხელებს ხშირად აინტერპრეტირებენ, როგორც ღვთისმოსაობისა და ღვთისმოშიშობის სიმბოლოს. ამიტომაც, დიურერის მოცემული ნახატი ხშირად ბიბლიებზეც იყო გამოსახული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ალბრეხტ დიურერის „Praying Hands” ამერიკელი ხელოვანისა და პოპ-არტის მეფედ წოდებული – ენდი უორჰოლის საფლავის ქვაზეცაა დატანილი.

გარდა მხატვრობასა და გრავიურებთან დაკავშირებული საქმიანობისა, დიურერი მეტად დაინტერესებული იყო მეცნიერებით. მან თავის სიცოცხლეში მისსავე წარმოებულ დაკვირვებებს არაერთი ნაშრომი მიუძღვნა, რომელთა შორისაცაა: „Four Books on Measurement“ (1525), „Treatise on Fortification“ (1527), „Four Books on Human Proportion“ (1528). აღნიშნული ნამუშევრები დიურერმა თავადვე გააფორმა ილუსტრაციებით.