გილერმო დელ ტოროს კინემატოგრაფიული სამყარო

გილერმო დელ ტორო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და დაუვიწყარი ფილმების შემქმნელია. მისი სიყვარული საშიში არსებებისა და ფანტასტიკური სამყაროების მიმართ, კრიტიკოსებსა და მაყურებლებში ყოველთვის მოწონებასა და დიდ ინტერესს იწვევს. სტივენ სპილბერგი, პიტერ ჯექსონი და სხვა ცნობილი რეჟისორები, დელ ტოროს კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახედ თვლიან. გარდა რეჟისორული მიმართულებისა, გილერმო დელ ტორო არის პროდიუსერი, სცენარისტი და რომანების ავტორი.

დელ ტოროს სტილი ინტელექტუალური ფანტასმაგორიაა, სადაც რელიგია, ისტორია, პოლიტიკა და ფენტეზი ერთმანეთს ერწყმის. მექსიკელი რეჟისორი გატაცებულია ურჩხულებით, რომლებსაც დიდი ძალაუფლების სიმბოლოდ თვლის.

8 წლის ასაკში მან პირველად იპოვა მამის კამერა, სწორედ ამ კამერის დახმარებით გილერმო მიხვდა, რომ ცხოვრება ფილმებთან უნდა დაეკავშირებინა. ის იღებდა სამოყვარულო ფილმებს, იკვლევდა ყველაფერს კინემატოგრაფიის შესახებ, შემდეგ სპეცეფექტების შესწავლა დაიწყო, 10 წელი გრიმიორად მუშაობდა და საბოლოოდ, 1993 წელს ფილმით “Cronos” დამსახურებული პოპულარობა მოიპოვა – ფილმი „ოსკარის“ დაჯილდოებაზე წარადგინეს ნომინაციაში „საუკეთესო უცხოური ფილმი“. ამის შემდეგ დელ ტორომ არაერთი საოცრებებით აღსავსე სამყარო შექმნა, მისი ფილმების მითოლოგიურ სამყაროებში ყოველთვის მისტიური ატმოსფერო სუფევს.

Photo Credits to New Line Cinema

2007 წელს გილერმო დელ ტორომ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია ფილმით “Pan’s Labyrinth”, რომელმაც სამი ოსკარი დაიმსახურა. ფილმის მოქმედება ვითარდება ესპანეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ისტორიულ პერიოდში. ფილმში 1944 წელია – დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს დრო. მთავარი გმირის, 10 წლის ოფელიას დედა, ცოლად მიყვება კაპიტან ვიდალს, რომელიც ფაშისტების სასტიკი გენერალია. დედას და შვილს უწევთ გენერლის ბანაკში გადასახლდნენ, მაგრამ პატარა გოგონა საკუთარ ფიქრებშია და მალევე ხვდება, რომ მისი წარმოდგენები ფანტასტიკურ სამყაროზე სიმართლეა. გილერმო დელ ტოროს ოსკაროსანი ფილმი მოგვითხრობს სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ბრძოლაზე, რეჟისორმა შექმნა საშიში ზღაპარი მორალური არჩევანის შესახებ.

დელ ტოროს ყოველი ნამუშევარი გამოირჩევა ფერების კონტრასტული გამოყენებით, მან თქვა, რომ: „ფერი მაყურებელს უნდა უყვებოდეს პერსონაჟის შესახებ“. ამ ფილოსოფიის ყველაზე კარგი მაგალითია რეჟისორის ყველაზე გოთიკური ნამუშევარი „Crimson Peak”. ფილმის მოქმედება XX საუკუნეში ხდება. მთავარი პერსონაჟი ედითი ბავშვობიდან უცნაურ არსებებს ხედავს. ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ახალგაზრდა ქალი იხიბლება მისტიური მამაკაცით, რომელიც დასთნ ერთად საიდუმლოებებით მოცულ სახლში ცხოვრობს. გოთიკური ესთეტიკა ჩანს როგორც ფილმის სიუჟეტში, ასევე ფილმის ყოველ პატარა დეტალში. ერთმანეთის საპირისპირო ფერების გამოყენებით დელ ტორო მიგვანიშნებს როგორი შინაგანი სამყარო აქვს თითოეულ პერსონაჟს. მაგალითად, ედითი მუდმივად თბილ ფერებშია შემოსილი და კონტრასტულად იკვეთება გოთიკური სახლის ბნელი კედლების ფონზე.

Photo Credits to Universal Pictures

ბავშვობაში გილერმო გამოირჩეოდა დანარჩენი ბავშვებისგან: ღია ფერის კანი, თეთრი თმები და უცნაური ინტერესები მას ჩაგვრის სამიზნედ ხდიდა. ის ზედმეტად სუსტი იყო, რომ საკუთარი თავი დაეცვა, ამიტომ ყველაფერს საკუთარ თავში იტოვებდა, რაც შემდეგ მის შემოქმედებაში გამოიხატა. რეჟისორს უყვარს გამეორება, რომ ურჩხულებმა მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. დელ ტოროს გააჩნია უნარი უცნაურში და ერთი შეხედვით შიშის მომგვრელში სილამაზე დაინახოს. ამის კარგი მაგალითია მისი ფილმი “The Shape Of Water”. ფილმის მოქმედება ამერიკაში ცივი ომის დროს ვითარდება. სიუჟეტის მთავარი გმირი ლაბორატორიის მარტოსული დამლაგებელი ელიზაა. ერთ დღეს ლაბორატორიაში ტყვედ აყვანილი ადამიანი-ამფიბია მოხვდება. როდესაც ელიზა შეიტყობს, რომ ადამიან-ამფიბიას ლაბორატორიაში ცუდად ეპყრობიან გადაწყვეტს დაეხმაროს მას. ამ გეგმის განხორციელებისას ელიზა მიხვდება, რომ ნელ-ნელა მას ლაბორატორიის ტყვე უყვარდება. ფილმი რეჟისორული ხრიკებითა და მსახიობების იდეალური თამაშით აერთიანებს ფანტასტიკურ ელემენტებსა და დელ ტოროს რომანტიულ ხედვას. რეჟისორის თქმით, ეს ფილმი ყველაზე კარგად გადმოსცემს მის მსოფლმხედველობას, ასახავს რამდენად ცუდია ნებისმიერი სახის სიძულვილი და რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული.

Photo Credits to Fox Searchlight Pictures

ბნელი ფერები და სპეციფიკური მუსიკა ფილმში 60-იანი წლების ატმოსფეროს ქმნის. მწვანე და ლურჯი ფერების შეხამება თითქოს ხაზს უსვამს იმას, რომ მთავარი გმირი აპირებს ცხოვრება დაუკავშიროს წყალში მცხოვრებ უცნაურ არსებას. წყალი თითქოს ფილმის მთავარი გმირი ხდება – ელიზას სახლის კედლების შეფერილობა, მისი ტანსაცმელის ფერები, წვეთები, რომლებიც ფანჯარას ხვდება… ყველაფერი ფილმში გვეუბნება, რომ წყალი ელიზასთვის კომფორტია.

Photo Credits to Picturehouse

გილერმო დელ ტოროს ფილმები არა მხოლოდ ხაზს უსვამს განსხვავებულის სილამაზეს, არამედ გმობს საზოგადოებას, რომელიც კარგს მხოლოდ სტანდარტულში ხედავს. მისი აზრით, ზღაპრებიც კი პოლიტიზირებული ჟანრია, რომელიც კარგად მიესადაგება მსგავსი იდეების პოპულარიზაციას, ამიტომ მისი ზღაპრები ყოველთვის არასტანდარტულია. ის გვანახებს, რომ სილამაზეში შეიძლება ბოროტება იმალებოდეს, ხოლო ყველაზე შეუხედავი არსება, ყველაზე დიდი სიკეთის მატარებელი იყოს.