არლეკინი და მისი მეგობარი გოგონა | დამალული სიმბოლოები პიკასოს ცნობილ ნახატში

პაბლო პიკასო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დასამახსოვრებელი ხელოვანი იყო. მხატვრის შესახებ იმასაც ამბოდნენ, რომ მას ერთ დღეში სამი ტილოს შექმნა შეეძლო და საკმაოდ დასამახსოვრებელ კომპოზიციებს ქმნიდა. საინტერესოა, რომ პიკასოს შემოქმედებითი პერიოდი რამდენიმე ფაზად იყოფა. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ცისფერი და ვარდისფერი პერიოდი იქცევს.

ცისფერი პერიოდის დროს მხატვარს უახლოესი მეგობარი დაეღუპა და უფრო მეტად სევდიან ნახატებს ქმნიდა. რაც შეეხება მის ვარდისფერ პერიოდს, ის დაკავშირებულია პიკასოს მიერ ფრანგული მხატვრობის ახლოს გაცნობასთან.

მხატვრის ერთ-ერთი ცნობილი ნახატია ,,არლეკინი და მისი მეგობარი გოგონა“, რომელიც 1901 წელსაა შესრულებული. საინტერესოა რა განცდები იმალება ამ ტილოს მიღმა.

პიკასო ხშირად სტუმრობდა პარიზულ კაფეებს. ასეთი ადგილები ცნობილი იყო იმით, რომ მხატვრებს, აკრობატებსა და სხვა პროფესიის მქონე ადამიანებს აქ შეეძლოთ დამსაქმებლის პოვნა. ტილოზე გამოსახულია ერთ მაგიდასთან მსხდომი ორი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთთან ახლოს არიან, თითქოს, მათ შორის უფსკრული და სიყალბეა.

არლეკინის სახეზე მოსჩანს შორეული იმედი , რომ მისთვის რაიმე სახის სამუშაო მოიძებნება, იგი ყურადღებით აკვირდება კაფის დამთვალიერებლებს. ის ძალიან დაძაბულია, ამაზე მეტყველებს მისი ხელებიც, რომელთაგან ერთი პირთან აქვს მიტანილი, ხოლო მეორით ყურებს ეხება. ამით პიკასო ხელოვანი ადამიანის მძიმე ენერგეტიკას გადმოსცემს.

რაც შეეხება არლეკინის მეგობარ გოგონას, იგი არ ცდილობს რაიმე იმედით საზრდოობას. მისი სახე სევდიანია და ჩანს, რომ ღრმა ფიქრებითაა გართული. განსაკუთრებული უიმედობა იკითხება მის თვალებში, გოგონას დაღლილი გამომეტყველება და მწუხარე მზერა აქვს.

ლურჯი ფერი ნახატს მეტ სევდას სძენს და აპათიურ განწყობას აძლიერებს. წითელი ფერი კი თითქოს, იმედის სიმბოლოა. ღია ცისფერი ფერის ტონი გმირების სახეებს უსიცოცხლოდ წარმოაჩენს და მათი ფერადი ჩაცმულობისგან რადიკალურად განსხვავდება.

სავარაუდოდ, პიკასოს სურდა აღეწერა, რომ ადამიანებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, თუმცა ყველას მაინც მატერიალური უმწეობისა და დაუცველობის დიდი განცდა აწუხებს. აქვე ვხედავთ კონკრეტულ კაცსა და ქალს შორის ცხოვრებისეული შეხედულებების აცდენას. თუ ერთი მათგანი მზადაა ცხოვრების გასაგრძელებლად იმედი იპოვოს და იმოქმედოს, მეორეს ურჩევნია პასიური იყოს და ოცნებებით გაერთოს.