დაუვიწყარ დიალოგებზე აგებული ფილმები

კარგი დიალოგების შექმნის ოსტატობა ერთ-ერთი ყველაზე რთული უნარია, რომელიც სცენარისტს უნდა გააჩნდეს. მსახიობის კარგი თამაშისა და ვიზუალური მხარის გარდა, დიალოგის მეშვეობით მაყურებელი ეცნობა პერსონაჟების ბუნებას, მათ პრობლემებსა და ხედვას. კინემატოგრაფია მდიდარია ფილმებით, სადაც მთავარი აქცენტი პერსონაჟების დიალოგებზე კეთდება. სიაში წარმოდგენილია რამდენიმე ფილმი, რომელიც დაუვიწყარ დიალოგებზეა აგებული.

12 Angry Men

ფილმში “12 Angry Men” თორმეტი ნაფიცი მსაჯული ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება საქმის შესახებ, რომელშიც პატარა ბიჭს მამის მკვლელობაში ედება ბრალი. ბიჭი ღარიბი ოჯახიდანაა და ცუდ პირობებში იზრდება, იგი ხშირად არღვევს კანონს, რის გამოც ცუდი რეპუტაცია აქვს. თუ სასამართლო ბიჭს დამნაშავედ ცნობს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. ფილმის მთელი მოქმედება ნაფიც მსაჯულთა ოთახში ვითარდება. ბიჭს ყველა დამნაშავედ თვლის, გარდა მერვე მსაჯულისა – ის კვლავ ფიქრობს საქმის გარემოებებზე და დისკუსიას იწყებს დანარჩენ მსაჯულებთან.

Pulp Fiction

კვენტინ ტარანტინოს ფილმები ცნობილია გენიალური დიალოგებით. ტარანტინოს დიალოგების გენიალურობა მათ სიმარტივეშია. მარტივ დიალოგებში არც ერთი ფრაზა არაა უმნიშვნელო, პერსონაჟების ნებისმიერი ფრაზა საკუთარ დატვირთვას ატარებს. ტარანტინოს შავი კომედია მოგვითხრობს ვინსენტ ვეგასა და ჯულს უინფილდის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ისინი დროს ატარებენ ფილოსოფიურ საუბრებში და ამასთან ერთად კრიმინალურ საქმეებს აგვარებენ. ფილმში პარალელურად კიდევ რამდენიმე ამბავი ვითარდება. დაუვიწყარი დიალოგების გარდა, “Pulp Fiction” ცნობილია არაქრონოლოგიური სიუჟეტითა და კინემატოგრაფიული ალუზიებით. ფილმის არატიპიური სტრუქტურისა და სცენარის გამო, კრიტიკოსები მას პოსტმოდერნისტული ფილმის მაგალითს უწოდებენ. 2013 წელს აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ „Pulp Fiction“ შეიყვანა ფილმების ეროვნულ რეესტრში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიურად მნიშვნელოვანი“ ნამუშევარი.

Good Will Hunting

ბოსტონის ღარიბულ უბანში მცხოვრები 20 წლის უილ ჰანტინგი უნივერსიტეტში დამლაგებლად მუშაობს და მუდმივად პრობლემებში ეხვევა. უილი არასოდეს სწავლობდა კოლეჯში, თუმცა მას სხვებისგან მისი უნიკალური ინტელექტი გამოარჩევს. როდესაც მისი ნიჭის შესახებ უნივერსიტეტის პროფესორი გაიგებს უილს მიეცემა შანსი საკუთარი ნიჭი გამოიყენოს.

Phone Booth

ფილმის მთავარი პერსონაჟი სარეკლამოს აგენტი სტიუ შეპარდია, რომელიც შემთხვევით აღებული ტელეფონის ზარით ლაპარაკში ებმევა უცხო ადამიანთან. უცნობი სტიუსგან ითხოვს აღიაროს ყველაფერი, რასაც მალავს. „Phone Booth” დაძაბული თრილერია, რომელიც მთლიანად აგებულია მთავარი პერსონაჟისა და უცნობის დიალოგზე.

The Breakfast Club

შაბათ დღეს სკოლაში ერთმანეთს შეხვდება ხუთი სრულიად განსხვავებული შეხედულების მოზარდი. ყველანაირი გართობა მთელი დღის განმავლობაში ამოვარდნილია მათი ცხოვრებიდან, ისინი მთელი დღე ერთ ოთახში უნდა ისხდნენ და დამატებითი საშინაო დავალება შეასრულონ. ასეთი სიტუაცია იმოქმედებს მთავარ პერსონაჟებზე და მალე ყველაფერი ფსიქოლოგიურ სეანსს დაემსგავსება. მოვლენები ჩაკეტილ სივრცეში ვითარდება, სიუჟეტის თითოეული პერსონაჟი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის ფსიქოლოგიურ პორტრეტს წარმოადგენს. თავდაპირველად ფილმი კომედიად მოიხსენიებოდა, თუმცა თანამედროვე კრიტიკოსები მას დრამას ან ტრაგიკომედიას უწოდებენ.

Green Book

“Green Book” ბიოგრაფიული დრამაა. ფილმის მოქმედება ამერიკის 60-იან წლებში ხდება. ფილმი მოგვითხრობს ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანზე, რომელთა შინაგან სამყაროს მაყურებელი დაუვიწყარი დიალოგების საშუალებით იგებს. მთავარი პერსონაჟები არიან ცნობილი პიანისტი დონ შირლი და მისი მძღოლი ტონი ვალელონგა, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობენ. ფილმმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“ და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ამერიკის კინო ინსტიტუტის მიერ შეყვანილი იქნა 2018 წლის საუკეთესო ფილმთა ათეულში.

The Before Trilogy: Before Sunrise, Before Sunset, Before Midnight

რიჩარდ ლინქლეითერის ტრილოგიას კრიტიკოსები და მაყურებლები დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო დიალოგებზე აწყობილ რომანტიულ ფილმად მიიჩნევენ. სამივე ფილმი მოგვითხრობს ჯესისა და სელინის სიყვარულზე, რომლებმაც ერთმანეთი მატარებელში გაიცნეს და გადაწყვიტეს ერთი დღე ვენაში გაეტარებინათ. “The Before Trilogy” იდეალური მაგალითია იმისა, რომ დიალოგებით შესაძლოა გადმოსცე როგორ იბადება გრძნობა ორ ადამიანს შორის. სამივე ფილმი მხოლოდ ორ პერსონაჟზეა ფოკუსირებული და დაუვიწყარი დიალოგების კრებულია.