„რკინის ლედი“ თუ „კუდიანი“ – 7 წლის წინ მარგარეტ ტეტჩერი გარდაიცვალა

Photo Credits to John Downing

2013 წლის 8 აპრილს, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარგარეტ ტეტჩერი გახლდათ პირველი ბრიტანელი ქალი პრემიერ მინისტრი, რომელმაც ეს თანამდებობა 11 წლით ანუ მე-20 საუკუნეში ყველაზე დიდი ვადით შეინარჩუნა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა არამარტო თავისი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ეპოქის ჩამოყალიბებაზე. მისი პოლიტიკური მმართველობის განსაკუთრებული სტილი კი პრაქტიკაში „ტეტჩერიზმის“ სახელით დამკვიდრდა.

ამგვარად, მარგარეტ ტეტჩერი უდავოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა იყო. თუმცა მის მიმართ ხალხს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა: ბევრს უყვარდა და ბევრს სძულდა კიდევაც. რადიკალურად განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა ტეტჩერის გარდაცვალებასაც.

17 აპრილს ყოფილი პრემიერ მინისტრის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად გრანდიოზული ცერემონია მოეწყო, რომელსაც თვით დედოფალი ელიზაბეტ მეორე მიუძღვოდა. სამგლოვიარო ცერემონიას ათობით ათასი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩამოსული მნიშვნელოვანი პირები.

ამ ცერემონიის პარალელურად კი ასობით დემონსტრანტი ტეტჩერის გარდაცვალების აღსანიშნად შეიკრიბა. დემონსტრანტებს შორის ძირითადად იყვნენ მემარცხენეები, რომლებიც ტეტჩერის მიერ გატარებულ მემარჯვენე პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებდნენ. დემონსტრანტების განწყობას ამწვავებდა დაკრძალვისთვის დახარჯული გრანდიოზული თანხებიც.

ტეტჩერის მოღვაწეობის წინააღმდეგ კამპანია გაგრძელდა დაკრძალვის შემდეგაც. სიმღერა „დინ-დონ, კუდიანი მკვდარია“ (Ding Dong the Witch is Dead), რომელიც მარგარეტ ტეტჩერის მოწინააღმდეგეებს შორის ძალიან პოპულარული იყო 1992 წელსაც, მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2013-ში კვლავ ბრიტანული ჩარტების ჰიტად იქცა.
ამას მოყვა ტეტჩერის მხარდამჭერების მიერ წამოწყებული კონტრ-კამპანია, რომლებიც ბრიტანული პანკ ჯგუფის სიმღერის „მე შეყვარებული ვარ მარგარეტ ტეტჩერზე“ ჰიტად ქცევას ცდილობდნენ.

ამგვარად, მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვა ისეთივე კონტრასტული იყო, როგორიც მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. „რკინის ლედი“ თუ „კუდიანი“, „რძის ქურდი“ თუ ქალი „ჩერჩილის შარვალში“, მარგარეტ ტეტჩერი ისტორიაში შევა როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი და რეფორმატორი.